სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება

ოქტომბრიდან დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება.
ახლად აშენებულ საბავშვო ბაღებში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ. შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
„მინდა, ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო მოსახლეობას: შემოდგომიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება. როგორც იცით, ჩვენ ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავაანონსეთ. ხუთი უკვე მშენებლობის პროცესშია, უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება. ორი მათგანი შენდება გლდანის მეექვსე და მერვე მიკრორაიონებში, ერთი დიღმის მასივში, ერთიც ფონიჭალაში და ერთი ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე. ჯამში, ამ ბაღების მშენებლობის ბიუჯეტი დაახლოებით, 11 მლნ ლარია. თბილისში კიდევ 1500-მდე ბავშვი შეძლებს ბაღში სიარულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბაღების რაოდენობა გაიზარდოს, მოწესრიგებული იყოს ინფრასტრუქტურა, რათა უფრო მეტ მშობელს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავიანთი შვილები საბავშვო ბაგა-ბაღებში ატარონ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კომენტარები