სოზარ სუბარი: სამხარეო ადმინისტრაციის ბალანსზე არსებულ ყველა მანქანას აქვს ე.წ ჩიპი და თითოეული ლიტრის ჩასხმა მკაცრი კონტროლის ქვეშ ხდება

“თითოეულ გუბერნატორს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, მათ უწევთ არაერთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის – მაღალმთიან სოფლებში ჩასვლა”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა საწვავის ხარჯებზე IDFI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, გუბერნატორები მუშაობენ ძალიან აქტიურად და ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ გუბერნატორს უხდება ძალიან დიდი მანძილის გავლა.
“ზუგდიდიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რომ წავა უშგულში, მესტიაში ან მოივლის მთელს რეგიონს, ან რაჭის გუბერნატორი, რომელსაც მოუწევს ლენტეხში ან ცაგერში წასვლა, აღარაფერს ვამბობ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორზე, რომელსაც უხდება ისეთ ადგილებში წასვლა, როგორიცაა მუცო, არხოტი, უკანა ფშავი და ა.შ. ეს ძალიან დიდი მანძილებია. მათ დავალება აქვთ პირდაპირ მიცემული პრემიერმინისტრისგან, რომ ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდეთ მოსახლეობასთან. იგივე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რამდენიმე მუნიციპალიტეტს მოივლის ხოლმე მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ფაროსანასთან დაკავშირებით შეხვდეს მოსახლეობას, მისცეს განმარტებები და დაეხმაროს იმისთვის, რომ ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო აქტიური იყოს. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ ყველა გუბერნატორი, პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომას ესწრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჰქონდეთ უშუალო, ყოველდღიური კონტაქტი მინისტრებთან, მთავრობის სხდომაზე მთავრობის მეთაურთან უშუალოდ წარმოადგინონ რეგიონში არსებული პრობლემები და ადგილზე, მთავრობასთან ერთობლივად იმუშაონ მათი გადაწყვეტის გზებზე. შესაბამისად, იგივე სამეგრელოს, რაჭისა და გურიის გუბერნატორებს კვირაში ერთხელ 700-800 კილომეტრის დაფარვა უწევთ, რათა მთავრობის სხდომას დაესწრონ. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ისინი ძალიან აქტიურად და ეფექტურად მუშაობენ. მე გუბერნატორებს მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ ძალიან აქტიურად მუშაობა და ჰქონდეთ ყოველდღიური ურთიერთობა მოსახლეობასთან, მათ შორის – სამხარეო ცენტრებიდან ყველაზე დაშორებულ უბნებსა და სოფლებში. ეს იქნება მათი მუშაობის განმსაზღვრელი. ვინც ასე ვერ იმუშავებს, მას, პირიქით, მოეთხოვება პასუხი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრის საწვავი – ამის შესახებ IDFI-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2018 წელს გურიის გუბერნატორების საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურეობრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა – ე.წ. ჩიპი.

კომენტარები