სოსო გოგაშვილი: მოქალაქენო, შეუერთდით ინტერნეტში შემორჩენილ თავისუფლების უკანასკნელ ციტადელს, სახელად “parler” – ს!

 

 „ფეისბუქში“ ბოლო დროს მკვეთრად იზღუდება  თავისუფალი აზრი, უარესიც ხდება – ცალკეული პოზიცია სრულიად უარგუმენტოდ, ცრუ ინფორმაციად ცხადდება და იბლოკება.

 „თქვენი პირადი მონაცემები, პერსონა და თავისუფლება არ არის დაცული არც ფეისბუქზე და, არც ტვიტერზე. დახეთ, რას უკეთებენ ამ კომპანიების მეპატრონეები ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს! გიფიქრიათ, ვინ აკონტროლებს მოქალაქეების პირად სივრცეს, ინტიმურ მიმოწერას? არ არის გამორიცხული, რომ ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს გახდეს საჯარო! გირჩევთ, გადახვიდეთ სოციალური კომუნიკაციის ახალ, დაცულ და დემოკრატიულ სივრცეში, რომელსაც ეწოდება „parler.“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩემთან საუბარი ეკონომიკის მაგისტრმა, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა, უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილმა ვიცე-შეფმა,  სოსო გოგაშვილმა:

– „parler” – ამერიკული სოციალური ქსელია, რომელიც ჯონ მაცემ შექმნა. ფუნქციებით „ფეისბუქის“ და „ტვიტერის“ მსგავსია, თუმცა, განსხვავებიც არის. ფეისბუქს 3 მილიარდი გამომწერი ჰყავს, ტვიტერს – მილიარდ 300 მილიონი. პარლერი კი, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ შეიქმნა, ახლა იძენს მოხმარებელს, მაგრამ, ისიც აღსანიშნავია, რომ მარტო ბოლო 2 კვირის განმავლობაში ქსელს 5 მილიონი მომხმარებელი დაემატა!

ჯონ მაცე, “parler” – ის ქსელის შემქმნელი

ამერიკელი ექსპერტები პარლერს „რადიკალური მემარჯვენეების ქსელს“ უწოდებენ,  რადგან მემარჯვენე სპექტრი ამ ქსელში ახერხებს იმ პოზიციების დემონსტრაციას, რასაც ფეისბუქი და ტვიტერი უკრძალავთ. სამაგიეროდ, პარლერს აკრიტიკებენ მემარცხენეები, იმ მოტივით, რომ იქ ყველა ინფორმაცია დაშვებულია, მათ შორის – პორნოგრაფიის, ან მუქარის შემცველი. თუმცა, ეს არ გახლავთ ობიექტური შეფასება. პარლერი საკმაოდ კარგად კონტროლდება მსგავსი კონტენტისგან.

 – მაინც, რას ბლოკავს ფეისბუქი და ტვიტერი, პარლერისგან განსხვავებით?

– ზოგადად, იბლოკება კონსერვატიული ხასიათის სტატუსები და კომენტარები. ამას უზრუნველყოფს მეთვალყურეთა ჯგუფები, რომლებიც ძირითადად, ლიბერტალიანელი ადამიანებით არის დაკომპლექტებული. სწორედ ისინი არეპორტებენ მათთვის მიუღებელი შინაარსის რეპლიკებს, რასაც მოსდევს პოზიციის სრული დაბლოკვა. თანდათან, ეს მეთვალყურეები ცენზორებად გადაიქცნენ და ახდენენ გამიზნულად ახდენენ ისეთი ზოგადსაკაცობრიო ღირებულების შეზღუდვას, როგორიც არის სიტყვის და აზრის თავისუფლება.

თუნდაც, ამერიკის შეერთებული შტატების ჯერჯერობით მოქმედი პრეზიდენტის მაგალითზე განვიხილოთ: მოგეხსენებათ, მან არჩევნების შედეგები გაასაჩივრა და საბოლოო პასუხი ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. მაგრამ, როდესაც ფეისბუქზე ან ტვიტერზე ტრამპი საკუთარ თვალსაზრისს აქვეყნებს, რომ არჩევნები გაყალბდა, სოციალური ქსელი ავტომატურად აფიქსირებს, რომ ეს არის ყალბი ინფორმაცია, ტყუილი! შემდეგ, უბლოკავს პუბლიკაციას!

არადა, რიგ შტატებში უკვე დადასტურდა, რომ არჩევნების შედეგები მართლაც გაყალბდა! გამოდის, სოციალური ქსელები ტრამპისთვის პოზიციის გამოხატვაში ხელის შეშლით თავადვე ავრცელებენ დეზინფორმაციას.  როცა ამას უბედავენ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, წარმოიდგინეთ, რამდენად დაუცველი იქნება რიგითი ადამიანი?! არადა, სოციალური ქსელის დანიშნულება – ადამიანთა შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფაა. ქსელების მეპატრონეები ამ გზით მილიარდებს შოულობენ და ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან  აბონენტების უფლებები, ხდებიან ტენდენციურები რომელიმე პოზიციის მიმართ და ამ პოზიციის საწინააღმდეგო მოსაზრებას სიყალბედ აცხადებენ!

 – სოციალური ქსელებისგან მიკერძოებული მიდგომა პირადად თუ გიწვნევიათ?

– დიახ, უამრავი ფაქტი არსებობს, როცა კონკრეტული ადამიანებს უვრცელებიათ უბინძურესი, გამიზნული ცილისწამებები და, იმის მიუხედავად, რომ ეს ინფორმაციები რეპორტდებოდა (საჩივრდებოდა), ფეისბუქის ადმინისტრაციას მათი ექაუნთი არ დაუბლოკავს, არც გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაცია წაუშლია! მეტსაც გეტყვით: საქართველოს მოქალაქე კონკრეტული ტერორისტები სოციალური ქსელით დღემდე ავრცელებენ ტერორისტულ, მათ შორის, ბავშვების ლიკვიდაციის მოწოდებებს, მაგრამ მათი მასობრივად დარეპორტების მიუხედავად, ფეისბუქის ადმინისტრაცია ამაზეც დუმს! ზოგჯერ მოგვდის პასუხი, რომ მსგავსი გამონათქვამები არ ეწინააღმდეგება მათ წესებს. ანუ, საზოგადოების ერთ ნაწილს თუნდაც ტერორისტული შინაარსის დეკლარაციის საშუალება ეძლევა, როცა მეორე ნაწილს ცილისწამებაზე პასუხის გაცემასაც უზღუდავენ! პირადად მე ნებისმიერ აზრს ვცემ პატივს, რომელიც არ შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებას და არ გახლავთ ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის, იმის მიუხედავად, ვინ გამოთქვამს ამ აზრს – ლიბერალი, ანარქისტი  თუ კონსერვატორი… ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აზრის და სიტყვის თავისუფლებას ეფუძნება, არადა სოციალური ქსელები სწორედ უმთავრეს ღირებულებას ახშობენ!

 – პარლერი ამ ტენდენციას ემიჯნება?

– პარლერი ახერხებს, ადამიანებს მაქსიმალურად მისცეს გამოხატვის შესაძლებლობა, თუმცა იმავდროულად, ეფექტურად ზღუდავს პორნოგრაფიულ და ძალადობის შემცველ კონტენტს. პარლერში თანაბარი უფლებებით სარგებლობს ნებისმიერი მსოფლმხედველობის პიროვნება, სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.  აგრესიული ცენზორები ამ ქსელს არ აკონტროლებენ, თუმცა, დეზინფორმაციებს, ძალადობის, ტერორის და შეიარაღებული გადატრიალების მოწოდებებს ტვიტერის და ფეისბუქისგან განსხვავებით, პარლერში იშვიათად თუ წააწყდებით. ტექნოლოგიურად დღითიდღე იხვეწება ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები.

 – როგორ გახდით პარლერის აბონენტი?

– მაქვს პატივი, პირადად ვიცნობდე კონგრესმენ დევინ ნუნესს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრია და ამერიკაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. საქართველოში ნამყოფია და ჩვენი სამშობლოს წინაშე ღვაწლიც მიუძღვის. არჩევნების შემდეგ ტვიტერმა და ფეისბუქმა ტრამპს ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა. იბლოკებოდა ინფორმაციათა მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც ტრამპის გუნდი ავრცელებდა. როცა ამ დილემის დასაძლევად, ტრამპის მხარდამჭერებმა მასობრივად გადაინაცვლეს პარლერში, იქ დახვდათ დევინ ნუნესის პოსტი: „პატრიოტებო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინტერნეტში შემორჩენილ თავისუფლების უკანასკნელ ციტადელზე!“

                        დევინ ნუნესი

მე ვენდობი ნუნესს და სხვა ამერიკელ მეგობრებს, რომლებმაც ეს არჩევანი გააკეთეს და თანამემამულეებსაც ვაძლევ რეკომენდაციას: მოქალაქენო, შეუერთდით ინტერნეტში შემორჩენილ თავისუფლების უკანასკნელ ციტადელს, სახელად “parler” – ს!

 – როგორ შევუერთდეთ პარლერს?

– ჩამოტვირთეთ და მიყევით ინსტრუქციას. რეგისტრაცია მარტივია, მაგრამ იმისთვის რომ პირადი მიმოწერები მოახერხოთ, დაგჭირდებათ ე.წ. ვერიფიკაცია – პირადი მონაცემების ატვირთვა. ამით ქსელს უდასტურებთ, რომ ბრძანდებით რეალური პიროვნება, არ ხართ ტროლი ან ბოტი. ვერიფიკაციის შემდეგ თქვენი პროფილი ხდება დაცული.  საქართველოში, ამ მომენტისთვის პარლერის აბონენტების რაოდენობა უმნიშვნელოა, თუმცა მჯერა, მოქალაქეები როგორც კი ალღოს აუღებენ ამ ქსელით შემოთავაზებულ უპირატესობებს, აღარასოდეს შეელევიან!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები