სოსო რობაქიძე: „ის ხალხი, რომელიც ასეთ რამეს ჩადიოდნენ ხელაღებით, ნამდვილი ტყვიებით, კლავდნენ ადამიანებს, აღარ უნდა მობრუნდნენ საქართველოში“

ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ,  ჟურნალისტებთან განაცხადა:

„ნებისმიერ მოტივს გამოძიების, რომელიც არ მომეწონება, წავიღებ სტრასბურგში, სასწრაფო წესით. მანამდე იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე.

ქართველმა ხალხმა არ უნდა დაივიწყოს ის რეჟიმი, რომ ასეთი რამ აღარ გამეორდეს. ის ხალხი, რომელიც ასეთ რამეს ჩადიოდნენ ხელაღებით, არა რეზინის ტყვიებით, არამედ ნამდვილი ტყვიებით, კლავდნენ ადამიანებს, აღარ უნდა მობრუნდნენ საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ვერ მობრუნდებიან.

დაწყებულია ბუტას მეორე საქმე, ჩინოვნიკების საქმე. მე მაქვს იმედი, რომ გამოიძიებენ ობიექტურად, მაგრამ მაქვს იმის შიშიც, რომ 25 ნოემბრამდე აქვს ხანდაზმულობა და ხანდაზმულობამდე არ მივიდნენ.

მივმართავ პროკურატურას და მის თანამშრომლებს, რომ გამოიძიეთ საქმე. მე არ მომწონს დღევანდელი სიტუაცია, არ არის ის ხალხი დაკითხული, რომლებიც უნდა დაიკითხონ. ეს ხალხია ღვინიაშვილი, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი. ლევან გვაზავა, რომელიც იყო სამმართველოს პოლიციის უფროსი, ირაკლი წერეთელი, რომელიც იყო დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი, ვანო ბერაძე, ირაკლი ოქრუაშვილი – რომელიც მაშინ იყო შს მინისტრი და ადეიშვილი, დავით ბედია, რომელიც იყო სოდ-ის სამმართველოს უფროსი და ახლა გადაიყვანეს იუსტიციის სამინისტროში ციხეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ. მე ერთი რაღაც მიკვირს, ეჭვიმიტანილ ხალხს, რომელიც დაშაულის ადგილზე იყვნენ მაშინ, რატომ აწინაურებენ?“

24 აგვისტოს, ბუტა რობაქიძის დაბადების დღე იყო.

მის საფლავთან რობაქიძეების ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

2004 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, დიდუბეში, პატრულმა ავტომანქანა გააჩერა. ვტომანქანაში რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის ბუტა რობაქიძეც იჯდა.

პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ახალგაზრდები მანქანიდან გადავიდნენ, პატრულის თანამშრომელმა ბაშალეიშვილმა  ორი ტყვია გაისროლა და ბუტა რობაქიძე ადგილზე მოკლა.

მეორე დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცემა „პატრულმა“, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ კარგად შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფის დევნის ოპერაცია განახორციელა და წინააღმდეგობის გაწევის მომენტში ერთ-ერთი დამნაშავე მოკლა. ამ ვერსიის გასამყარებლად გადაცემაში აჩვენეს ავტომატები და ხელყუმბარები რობაქიძის გვამთან.

 

 

კომენტარები