სოფელი დაბა – ნახანძრალი ტყის აღსადგენად უკვე 591 ათასზე მეტი ნერგია დარგული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

დღეის მონაცემებით, სოფელ დაბაში, 251.6 ჰექტარ ფართობზე დარგულია 591 360 ნერგი.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ხანძარმა ბორჯომის ხეობის უნიკალური ეკოსისტემა გაანადგურა. სრულად განადგურდა, დაახლოებით, 250 ჰექტარი ფართობი (სოფელი დაბის მიმდებარე ტერიტორია), ხოლო დარჩენილი ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

2013 წელს, ფინეთის მთავრობის დაფინანსებით და UNDP-ის მხარდაჭერით, განადგურებული ტყის აღდგენის ღონისძიებები დაიწყო, თუმცა, 2017 წლის 20-26 აგვისტოს, ამავე ტერიტორიაზე გაჩენილი ახალი ხანძრების შედეგად, აღდგენილი ფართობები ხელმეორედ განადგურდა.

ნახანძრალ ტერიტორიაზე არსებული გეოდინამიკური მდგომარეობის შეფასების და ნიადაგის და მცენარეული საფარის შესწავლის შემდგომ, აღდგენას დაქვემდებარებული 250 ჰექტარი ფართობისთვის, ტყის აღდგენის პროექტი მომზადდა. დღეის მონაცემებით, სოფელ დაბაში, 251.6 ჰექტარ ფართობზე დარგულია 591 360 ნერგი. დარგული ნერგების თითქმის 80%-მა გაიხარა, რაც საუკეთესო ბუნებრივი განახლების მაჩვენებელია. 2020 წლისთვის დაგეგმილია კიდევ 106 ჰექტარი ფართობის აღდგენა-გაშენება.

ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოყვანილი სტანდარტული ნერგები გამოიყენება. ტყის აღდგენის სამუშაოებზე დასაქმებულია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა“.

კომენტარები