სოფელ ბუკნარში, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება მოხდა

წუხელ რელიგიურ ნიადაგზე, სოფელ ბუკნარში, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა ორი ახალგაზრდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. ადგილზე იმყოფებოდნენ   სამართალდამცველები, მუსლიმი თემის წარმომადგენლები,  გურიის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს. მას ბრალი ძალადობაში ედება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი.

ამ წუთებში დაპირისპირება ჩაცხრა.

სიტუაცია განმუხტულია. მუსლიმურ თემსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართა.

ქობულეთისა და გურიის მუფთი გუბერნატორთან მხარეების შეხვედრას წარმატებულად აფასებს.

მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სამლოცველო იმ ტერიტორიაზე დარჩება, სადაც ის ამ დრომდე იყო.

სოფელ ბუკნარში, ქობულეთისა და დასავლეთ საქართველოს მუფთი, ასლან ბერიძე იმყოფება. ბერიძემ ბუკნარის სამლოცველოში ლოცვა ჩაატარა, ადგილობრივ მუსლიმებს, მიუხედავად მათზე განხორციელებული თავდასხმებისა სიმშვიდისკენ მოუწოდა, –  თავი შეიკავონ იგივე ქმედებებისგან.

ბუკნარის ცენტრში შეკრებილი მართლმადიდებელი მოსახლეობა სოფელში მუსლიმური სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგება – “ზოტში, ნასაკირალში, ორი ფეხის ნაბიჯზე არის უკვე ორი მეჩეთი, იქ წავიდნენ და ილოცონ, ლოცვას არავინ უშლის, უბრალოდ აქ კიდევ ერთი მეჩეთის მოწყობას ვეწინააღმდეგებით”- აცხადებენ მართლმადიდებელი ადგილობრივები.

 

კომენტარები