„სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს – „ნამახვანჰესი“ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია“ – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა:

-„როგორც კი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ სერიოზული პროტესტი დაიწყო  და ჩვენ დავინახეთ, რომ მოსახლეობასთან გაცილებით მეტი კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების გათვალისწინება გვმართებს,  „ნამახვანჰესის“ პროექტის სხვადასხვა მიმართულებით სრულყოფის პროცესი დაიწყო. ეჭვგარეშეა,  „ნამახვანჰესი“ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს. შექმნილია პლატფორმა ექსპერტებისთვის, ყველა ეკოლოგიური საკითხი უფრო მეტად გახსნილი და შესწავლილი იყოს, ექსპერტები თუ აღმოაჩენენ, რაიმე გამოსასწორებელია, ესეც უნდა იყოს ნათელი. 15-მდე ექსპერტმა და კვლევითმა ორგანიზაციებმა გაიწვიეს ეს საბუთები, მუშაობენ, ველოდებით მათ მოსაზრებებს.

კანონმდებლობით ეს ვადა, მაქსიმალური 99 წელი, დაშვებულია, მაგრამ რეალურად ეს იწვევს პრობლემებს. აქამდე ჩვენ არ გვქონია ასეთი მსხვილი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების გამოცდილება. რამდენი ათწლეულია, ასეთი დიდი ობიექტი არ აშენებულა. აქედან გამომდინარე, ვსწავლობთ, როგორ შეიძლება, დაიხვეწოს კანონმდებლობა.

ვახორციელებთ მოლაპარაკებას ინვესტორთან. კარგია, რომ ინვესტორიც ამას გაგებით ეკიდება, რადგან მათი ამოცანაცაა, რომ პროტესტი არ იყოს და მშვიდ ვითარებაში აშენდეს პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის თვალსაჩინო პროექტი იქნება. ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას“.

კომენტარები