„სრულყოფის კიბეზე უნდა ავიდეთ. რა უნდა ვაკეთოთ, ამ დიდ მარხვაში? გეძლევათ, ლოცვა-კურთხევა“ – ილია მეორე

-„მე მინდა გითხრათ, – ჩვენი მორწმუნე ხალხის კმაყოფილი ვარ. უფალი სულიერებას გვაძლევს, ჩვენ შევთხოვოთ უფალს გაგვიხსნას გონება და ჩვენი თავი დავინახოთ. სრულყოფის კიბეზე უნდა ავიდეთ. რა უნდა ვაკეთოთ, ამ დიდ მარხვაში? გეძლევათ, ლოცვა-კურთხევა, -წაიკითხოთ შვიდგზის ლოცვა. ფსალმუნებსა და ლოცვებში დიდი მადლია მოცემული. სასულიერო პირებს ნება ეძლევათ და კურთხევა, -ყოველ დღე შეასრულონ მცირე აიაზმა ეკლესიაში. ეს დიდ ძალას მოგვცემს და სულიერი განწმენდა მოხდება ჩვენი მორწმუნე ხალხის. ჩვენი მორწმუნე ხალხი მოძღვართან უნდა მივიდეს, სთხოვოს მცირე აიაზმის შესრულება. მე შევთხოვ უფალს, მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ერი”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შენდობის წესის შესრულების დროს სამების საკათედრო ტაძარში.

მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დღეიდან სააღდგომო მარხვა დაიწყო.

დიდი მარხვის დაწყების წინა დღეს, ტრადიციულად, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შენდობის წესი აღავლინა. ილია მეორემ მრევლს შენდობა სთხოვა და მათ ლოცვისკენ, სიკეთის ქმნისა და სიყვარულისკენ მოუწოდა.

დიდი მარხვა აღდგომამდე 49 დღით ადრე იწყება, 2 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

მიმდინარე კვირაში (ორშაბათი-სამშაბათი,-ოთხშაბათი-ხუთშაბათი) ტაძრებში წმინდა ანდრეა კრეტელის კანონი შესრულდება.

მთელი მარხვის მანძილზე, კვირა საღამოდან პარასკევის საღამომდე იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.

დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები არ იღებენ ხორცსა და რძის ნაწარმს. თევზით ხსნილი  მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა.

კომენტარები