„სტოკჰოლმის სინდრომი“ ქართულ პოლიტიკაშიც მკვიდრდება

ტერმინი „სტოკჰოლმის სინდრომი“ გამოხატავს ფსიქიკური მდგომარეობას, რომელიც გატაცებულ ან ძალადობის ქვეშ მყოფ ადამიანს აგრესორის მიმართ შიშისა და სიძულვილის ნაცვლად, სიმპათიით და თანაგრძნობით განაწყობს. ეს არის ფენომენი, რომლის დროსაც მსხვერპლი თავისი მტანჯველის მხარეს დგება და მის მიმართ ემპათიით იმსჭვალება. ასეთ უცნაურ გამოვლინებას საფუძვლად, ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი უდევს.


ტერმინი „სტოკჰოლმის სინდრომი“ პირველად, კრიმინალისტმა და ფსიქიატრმა ნილსონ ბეიერუტომ გამოიყენა, როდესაც უცნაურ სიტუაციას აანალიზებდა. მოვლენა ბანკის გაძარცვისას მძევლების აყვანას უკავშირდებოდა.

1973 წლის 23 აგვისტოს, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე ციხიდან გაქცეული შეიარაღებული პატიმრები – 32 წლის იან-ერიკ ოლსონი და მისმა 26 წლის თანამზრახველი – კლარკ ოლფსონი ბანკში შეიჭრნენ და მძევლად 4 ადამიანი აიყვანეს – 3 ქალბატონი: 31 წლის ბრიგიტა ლუნდბერგი, 26 წლის ქრისტინა ენმარკი და 21 წლის ელისაბეტოლდგრენი, ასევე 26 წლის მამაკაცი – სვენ სეფსტრემი.

ექვსდღიანი ტყვეობის განმავლობაში ეს ექვსეული, გამუდმებით ბანკის ბრონირებულ საცავში იმყოფებოდა.

ბოროტმოქმედები 3 მილიონ კრონს, იარაღს და მანქანას მოითხოვდნენ. ამ დროს მძევლები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ: თავიდან ყელზე შემოხვეული თოკით იყვნენ გადაბმულები და ფეხზე დგომა უწევდათ.. საკმარისი იყო ოდნავ მოხრილიყვნენ, რომ თოკი იჭიმებოდა და გუდავდა. ორი დღის განმავლობაში მათთვის საკვები არ მიუციათ და მოკვლით ემუქრებოდნენ.

თანდათანობით, ბოროტმოქმედებსა და ტყვეებს შორის უცნაური სიახლოვის განცდა გაჩნდა. ბრიგიტა ლუნდბერგს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდა, თუმცა ყველას გასაოცრად მან ეს შესაძლებლობა ბანკის შენობიდან გამოსაღწევად არ გამოიყენა.

ქრისტინა ენმარკი

ქრისტინა ენმარკმა მოახერხა პოლიციისთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა, თუმცა შემდეგ თავი დამნაშავედ იგრძნო და ბოროტმოქმედებს ყველაფერში გამოუტყდა. მეოთხე დღეს მან სატელეფონო საუბარში ითხოვა, მძევლებისთვის ბოროტმოქმედებთან ერთად წასვლის საშუალება მიეცათ, რადგან ისინი ძალიან კარგად ექცეოდნენ. რაც შეეხება სვენ სეფსტრეს- განთავისუფლების შემდეგ ის გამუდმებით ამტკიცებდა, რომ იან–ერიკ ოლსონი და კლარკ ოლფსონი – კეთილი ადამიანები არიან. უშუალოდ განთავისუფლების პროცესში, ისინი ბანდიტების დაცვას ცდილობდნენ, ქრისტინა ენმარკს კი კლარკ ოლფსონისთვის, ბოლო წუთამდე ხელი არ გაუშვია.

ისინი, სასამართლო პროცესის მსვლელობისას ამნისტიას ითხოვდნენ. ბოროტმოქმედთა განთავისუფლების შემდეგ ორმა ქალბატონმა აღიარა, რომ აწ უკვე ყოფილ პატიმრებთან ნებაყოფლობითი ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ,პოლიციას კი თავიანთ მტრებად მიიჩნევდნენ.

ეს მოვლენა როგორ პარადოქსულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, სასიკვდილო საფრთხეში მოხვედრილი ადამიანისთვის ნორმალური რეაქციაა. ამ მექანიზმს ფსიქოანალიტიკოსმა ანა ფროიდმა (ზიგმუნდ ფროიდის უმცროსი ქალიშვილი) აგრესორთან იდენტიფიკაცია უწოდა.


არაცნობიერად მძევალს (მსხვერპლს) უჩნდება მცირე იმედი, რომ ბოროტმოქმედები არ მიაყენებენ ზიანს თავისსავე მსგავსს, – მოძალადე აღიქმება, როგორც მომხიბლავი, კარგი ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდებოდა საკუთარი თავის მასთან გაიგივება.

„სტოკჰოლმის სინდრომი“, საერთაშორისო ფსიქიატრიული სისტემის დაავადებათა კლასიფიკაციაში არც არის შესული და საკმაოდ იშვიათ მოვლენად მიიჩნევა. მონაცემების თანახმად, მძევალთა გატაცების 1200 შემთხვევაში, ეს სინდრომი მხოლოდ 8% -ში ვლინდება.
„სტოკჰოლმის სინდრომს“ უფრო განზოგადებული სახელწოდებაც აქვს – “მძევლის სინდრომი”, ან „საყოფაცხოვრებო სტოკჰოლმის სინდრომი“.

მისი შემთხვევები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ ხშირია: ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არჩევს განაგრძოს ცხოვრება მოძალადესთან, აქვს სიყვარულის ილუზია და ა.შ.

ამ ფენომენის ზედმიწევნით ცოდნით ტერორისტები სარგებლობენ, რადგან მძევლების დამორჩილება უადვილდებათ.. მძევლების გათავისუფლების შემდეგ აუცილებელი ხდება ხოლმე ფსიქოლოგთა ჩარევა, რათა მათ არა მხოლოდ დამნაშავეების, არამედ მსხვერპლთა ქცევის ადეკვატურად შეაფასება შეძლონ.
„სოკჰოლმის სინდრომი“ თავისი მნიშვნელობით, ქართულ პოლიტიკაშიც მყარად იკიდებს ფეხს, როდესაც საზოგადოება მისი ქვეყნის მიმართ აგრესორ სახელმწიფოებს „მოძმე ქვეყნებს“ უწოდებს, ამასთან, ეროვნულ ცნობიერებასთან დაპირისპირებულ ყალბ ფასეულობებს საკუთარი ნებით ამკვიდრებს თავის წიაღში. ასეთ დროს, როგორც წესი, კარგსა და ცუდს, მავნესა და სასარგებლოს შორის ზღვარი იშლება, ხოლო საზოგადოება, მსგავსად პიროვნებისა – მოვლენების მიმართ არაადეკვატური და სუბიექტური ხდება.

კომენტარები