„სტუდენტების მესამედს სწავლის გადასახადი სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება“

​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

-„​ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დეკლარირებულია, როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი.

ამ ეტაპზე სტუდენტებს მესამედს სწავლის გადასახადი სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდეება, პანდემიის დაწყებიდან კი არსებულ საგრანტო პროგრამებს ახალი ინიციატივები დაემატა. უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით – სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალური დახმარების ფარგლებში (150 000 ქულა და ნაკლები) სწავლის საფასური დაუფინანსდა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში 15 015 სტუდენტს, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება აუნაზღაურდა 1 588 სტუდენტს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წლის პირველი ნოემბრისა და 15 ნოემბრის მდგომარეობით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადაირიცხა 55 589 სტუდენტის საგრანტო და პროგრამული დაფინანსება.

დასრულდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოპოვების პროცესი 2020-2021 სასწავლო წლისთვის.

სოციალური პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მოიპოვა სხვადასხვა კატეგორიის 1539-მა სტუდენტმა, მათ შორის: სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს მაღალმთიანი დასახლების სკოლებში, სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 2 წელი სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო 1 წელი სწავლობდნენ/მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სწავლობდნენ აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან სკოლაში, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში და თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებმა ან ბრძოლების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანებმა ან მათმა შვილებმა, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილი) წევრებმა, უდედმამო სტუდენტებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლებში, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფმა პირებმა, სტუდენტებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, სარეიტინგო ქულით 70000 ან ნაკლები).

სამინისტროს მიერ ფინანსდება პროგრამა “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”, რომლის ფარგლებში თვეში 150 ლარის ოდენობით სტიპენდიას იღებენ სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სტიპენდია გადაეცა 3243 სტუდენტს.

გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამა 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის საფასურის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობით დაფინანსების მიზნით. მიმდინარეობს მუშაობა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, ონის, წალენჯიხის, ზუგდიდის (სოფ. რიყე, რუხი და ხურჩა) მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სტუდენტების სიების დაზუსტებაზე“.

კომენტარები