სუს-ის ჩანაწერებში ჩემი სახელიც ფიგურირებს. ვიყავი პროკურატურაში გამოკითხვაზე და განმიმტკიცდა რწმენა, რომ…

ნანა კაკაბაძე:

 – პოლიტიკური ოპოზიციის კუთვნილ ტელევიზიებში ყოველდღიურად ვისმენთ გაურკვეველი წარმომავლობის რაღაც ინფორმაციებს, რომლებზეც ამ ტელევიზიების ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ისინი ფაილების სახით მიიღეს საიდანღაც და მათი გამომგზავნები ირწმუნებიან, რომ ეს არის სუს-ის მიერ განხორციელებული ფარული მოსმენების ქაღალდზე გადატანილი ნაბეჭდი ტექსტები.
სხვა პირებთან ერთად ამ ე. წ. საუბრებში ჩემი სახელი და გვარიც ფიგურირებს.
ამჯერად ყურადღებას არ გავამახვილებ იმ აბსურდულ და უშინაარსო ტექსტებზე, რომლებიც ვითომდა ჩემი ვიღაცეებთან საუბრის სახით ვრცელდება, არც იმაზე, რომ ხელისუფლება ვალდებულია სასწრაფოდ დაადგინოს ან უარყოს ამ ტექსტების თუ მისი ნაწილის ავთენტურობა და შემდეგ კანონის შესაბამისად დასაჯოს დანაშაულებრივი გზით პირადი ცხოვრების მასალების მომპოვებლები.
მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში წინა პლანზე წამოსაწევია ის გაუგონარი ინდიფერენტიზმი და დანაშაულებრივი გულგრილობა, რომლითაც ამ პრობლემას უდგებიან საქართველოს სახალხო დამცველი და პირები, რომლებიც თავის თავს უფლებადამცველებს ეძახიან, ხოლო თვითონ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალების გამავრცელებელი ჟურნალისტები ვერ ხვდებიან, რომ ასეთი მასალების ტირაჟირებით ყოველდღიურად თავად ხდებიან დანაშაულის თანამონაწილეები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571, 158-ე, 159-ე მუხლები პირდაპირ მიუთითებენ, რომ პირადი ცხოვრების თუ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა ისჯება კანონით.
საქართველოში რატომღაც მიაჩნიათ, რომ პირად ცხოვრებაში მხოლოდ სექსუალური ურთიერთობა იგულისხმება და პირადი საუბრების მოსმენა და საჯაროდ გამოტანა, მით უმეტეს მათი დამახინჯებული სახით გასაჯაროება ან სულაც ხელოვნურად შეთხზვა არ არის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა.
მოვუწოდებ საქართველოს სახალხო დამცველს და უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე და კანონის დაცვისკენ მოუწოდონ ჭორების გავრცელების მოყვარულ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ასეთი აღტყინებით ავრცელებენ გაურკვეველი წარმოშობის, პერსონალური ინფორმაციის შემცველ ვითომდა სხვადასხვა პირებს შორის წარმოებული საუბრების ჩანაწერების ტექსტურ ვარიანტებს.
გუშინ ვიყავი პროკურატურაში გამოკითხვაზე და კიდევ უფრო განმიმტკიცდა რწმენა, რომ ნაბეჭდი სახით წარმოდგენილი თითქოსდა ჩემი საუბრების შინაარსი ან მთლიანად მოგონილია, ან ტექსტების აბსოლუტური უმრავლესობა ტყუილია და მიბმულია სიმართლის უმცირეს ნაწილს. მაგალითად, ნამდვილია ვინმესთან პირადი თუ სატელეფონო საუბრის ფაქტი და ზოგჯერ საუბრის თემაც, მაგრამ შინაარსი აბსოლუტურად გაყალბებულია. დიდი ალბათობით ასევე ხდება სხვა პირების ე. წ. საუბრების შინაარსთან დაკავშირებითაც.
მოვითხოვ, რომ შეწყდეს ამ არაფრისმთქმელი, გაურკვეველი წარმოშობის და პირადი ცხოვრების მოდელირებული სურათის შემქმნელი მასალების ტირაჟირება იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში გააჩინონ დაუცველობისა და გაურკვევლობის გრძნობა, ვინაიდან უდავო ფაქტია, რომ ისინი შექმნილი და მოპოვებულია უკანონო გზით, ხოლო ასეთი გზით მოპოვებული მასალის გავრცელება, როგორც აღვნიშნეთ, დასჯადია.

 

კომენტარები