სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს, ქართული ენის შესწავლაში დაეხმარებიან
საქართველოში სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს ქართული ენის შესწავლაში დაეხმარებიან, – ნათქვამია საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს Facebook-გვერდზე.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც რელიგიური კონფესიების ლიდერებისთვის ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებს.
მემორანდუმი სააგენტოს პროექტის, „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის” ფარგლებში, ხორციელდება. მისი მიზანი რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
„საქართველოში მყოფი რელიგიური ლიდერები, უმაღლესი იერარქიის წარმომადგენლები თუ დაბალი რანგის სასულიერო პირები, სახელმწიფო ენის სწავლის პროგრამაში ჩაერთნენ, რათა მომავალში უფრო მჭიდრო იყოს კომუნიკაცია ერთი მხრივ სახელმწიფოსთან, მეორე მხრივ კი თავად რელიგიურ ჯგუფებს შორის”, – განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ.
ქართული ენის სწავლის სურვილი უკვე 150-მა სასულიერო პირმა გამოთქვა, მათ შორის, საქართველოს მუსლიმი, სომხური და ნაწილობრივ კათოლიკური თემის წარმომადგენლები არიან. ვაშაყმაძის თქმით, ეს ციფრი მნიშვნელოვანად გაიზრდება, რამდენადაც ქართული ენის შესწავლისთვის მზაობა მრევლმაც გამოთქვა.