ტაო-კლარჯეთის მხარე – ლეგენდარული კუთხე

ამ ლეგენდარული კუთხის შესახებ გადმოცემები ფართოდ აისახა ჯერ კიდევ ანტიკურ თქმულებებსა და მითოსში, რაც ტაო-კლარჯეთის მხარეს განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს.

მას შემდეგ, რაც კავკასიის მთებზე მიჯაჭვული პრომეთე დატოვა მის სანუგეშოდ მოსულმა ოკეანემ, ოკეანიდებთან საუბარში ტიტანი პრომეთე, იაპეტის ძე, უყვება მათ, თუ როგორ გამოსტაცა მოსხის მთაზე ზევსს ცეცხლი. ასე მოგვითხრობს ესქილეს ტრაგედია “მიჯაჭვული პრომეთე”. როგორც ცნობილია, ქართულ მითოლოგიაშიც არსებობს მსგავსი თქმულება ამირანის შესახებ. ჯავახეთის ზეგანზე დღესაც არის ადგილი, რომელსაც მოსახლეობა “ამირანის გორას” უწოდებს.  როგორც ზევსის მიერ პრომეთეს კავკასიის მთებზე მიჯაჭვის, ასევე იასონის კოლხეთში ლაშქრობისას ჰერაკლეს მიერ კვერთხის დაკვრით კლდიდან წყლის აღმოცემების შესახებ ლეგენდებმაც ვერ აუარეს გვერდი ტაო-კლარჯეთის მიწას: მითები ჰერაკლეს, არგონავტების, ჰელიოსის ვაჟიშვილის – აიეტისა და აიეტის ქალიშვილის – მედეას შესახებ ამის ნათელი დადასტურებაა. პირველი მატერიალური კულტურის ძეგლები და პირველი ტომობრივი გაერთიანებები დიაოხში (ტაოხში, ტაოში) შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის დასასრულსა და I ათასწლეულის დასაწყისში და იარსება ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნემდე. ურარტუს მეფეების – არგიშტისა და სარდურ II-ის წერილობით დოკუმენტებში დიაოხები და კოლხები მოხსენიებულია როგორც მსხვილი ტომობრივი გაერთიანებები.

სამხრეთ – დასავლეთ საქართველოს მთელი ტერიტორია – ე.ი. კოლხეთის ტერიტორია მდინარე ჭოროხის შე სართავის დასავლეთით და იბერიის ტერიტორია მდინარე მტკვრის სათავისა და ჩილდირის ტბის სამხრეთით – უძველესი დროიდანვე მთლიანად დასახლებული იყო ქართული ტომებით, რომელნიც შემდგომ ქართველ ერად გაერთიანდნენ. ჩვენამდე შემორჩენილი ისტორიული ცნობებიდან აღსანიშნავია: ჰეროდოტეს (ძვ. წ. 490/480-425 წწ.), ქსენოფონტის (ძვ. წ. V ს.), სოფენტე სტიმამფელის (ძვ. წ. V ს.), სტრაბონის (ძვ. წ. 63-ახ. წ. 24 წწ.), პლინიუს სეკუნდეს (23-79 წწ.), პლუტარქეს (46-126 წწ.), კლავდიუს პტოლემაიოსის (II საუკუნის მე-2 ნახევარი), ფავსტოს ბიზანტიელის (V ს.), მოსე ხორენელის და სხვათა ცნობები.

ს. ჯანაშია და ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავენ, რომ “ძველი წელთაღრიცხვის ჯერ კიდევ II საუკუნის დამდეგს იბერიას ეკუთვნის პარიადრის მთიანი ოლქი (ახლანდელი სივასის ოლქის აღმოსავლეთი სექტორი), ხეთთა ძველი სამეფოს ერთ-ერთი ძირითადი რაიონი. აქ იბერია გადიოდა შავ ზღვაზე, რასაც გვიჩვენებს ტიბარანიის სახელწოდება, რომელსაც ატარებდა ქვეყანა ჰალისის შესართავის აღმოსავლეთით ჯერ კიდევ სტრაბონის დროს”. ძველი წელთაღრიცხვის 66 წელს მითრიდატე პონტოელს, რომელიც პომპეუსს გამოექცა, ევფრატის ზემო წელში შეტაკება მოუხდა ადგილობრივ იბერებთან, ძველი ქართული პროვინციის მკვიდრ მცხოვრებლებთან.

ტიბარანიის აღმოსავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა მეორე ქართული სახელმწიფო – კოლხეთი, ერთ-ერთი წინა აზიის VI საუკუნის ოთხ უდიდეს სახელმწიფოთაგან, როგორც ამას მოწმობს “ისტორიის მამა” – ჰეროდოტე. მეცნიერებას მოეპოვება სარწმუნო ცნობები კოლხეთის (ქართულად – ეგრისის) სამეფოს საზღვრების შესახებაც. ქსენოფონტი თავის “ანაბაზისში” (ძვ. წ. აღ-ის V ს.) აღნიშნავს, რომ მან ამ მხარეში 10 000 მხედრით იმოგზაურა, ხოლო ქართველი ტომი ტაოხები მოხსენიებული ჰყავს ჭოროხის ხეობაში, ისტორიულ ტერიტორიაზე. მისი ცნობით, ტრაპეზუნტი და კერასუნტი (ამჟამად გირუსენი) კოლხეთის ქალაქებია, ხოლო ტრაპეზუნტის გარშემო კოლხები ცხოვრობდნენ”.

კომენტარები