ტელეკომპანია „პირველის” განცხადებით, ე.წ. “ციანიდის საქმეზე” დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძისგან წერილი მიიღო
ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიამ ე.წ. “ციანიდის საქმეზე” დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძისგან წერილი მიიღო.
წერილის სრულ შინაარსს დეკანოზისვე თხოვნით ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, თუმცა წერილის ნაწილი პირდაპირ ეთერში წაიკითხეს:
„რადგან გავრცელდა პროკურორის მამხილებელი წერილი (საუბარია სალომე აიდეიშვილის „ფეისბუქ“ სტატუსზე). ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პროკურატურის მიერ დაკვეთილი საქმეების შეკერვა, რასაც მე 2017 წლის მერე გავიძახი. სწორედ საქმეების შემკერავი პროკურორი გადაჰგყავთ ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. პროკურატურა მე არარსებული დანაშაულის აღიარებას მთხოვდა და ორი წელი და რვა თვეა, ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ“.
პროკურატურამ გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.