ტელეკომპანიების საგადასახადო დავალიანებების საკითხი

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ,  ტელეკომპანიების საგადასახადო დავალიანებების საკითხზე, ფინანსთა მინისტრის შეთავაზებასთან დაკავშირებით, განაცხადა:

 „ფინანსთა მინისტრის შეთავაზება იყო, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოხდეს გრაფიკის წარდგენა, რა სახით შეიძლება დაფარონ ტელეკომპანიებმა საგადასახდო ვალდებულება. სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხდება და კომპანიებს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება. ეს ყველას ესმის.  უახლოეს დღეებში ვაპირებთ, დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტიანი გზა, რომელიც კომპანიას ხელს შეუწყობს, გააგრძელოს ფუნქციონირება და არ იყოს რამე შეფერხება“.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს განაცხადა, რომ რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ დიდი საგადასახადო დავალიანება –  „რუსთავი 2“ – დაახლოებით 28 მლნ ლარის ფარგლებში, „იმედი“ – 19 მლნ-ს ფარგლებში, ხოლო „მაესტრო“ – 8 მილიონზე მეტი. მინისტრმა მოუწოდა ტელევიზიებს, უახლოეს ვადაში, თავიანთი შეთავაზებები წარადგინონ, როგორ ხედავენ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას და გრაფიკს. ტელეკომპანიებმა გადაიხადონ მიმდინარე დავალიანებები და აღარ დააგროვონ ვალები.

კომენტარები