ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელ საავტომობილო გზა კეთდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე საავტომობილო გზის გასაყვანად ტენდერი გამოაცხადა. ეს ინფორმაცია ფონდის გვერდზე გავრცელდა.

მომსახურების ღირებულება 11 928 092 ლარია. ელექტრონული ტენდერი 29 მაისიდან დაიწყება და წინადადებების მიღება 3 ივნისს დასრულდება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტენდრში გამარჯვებულმა გზის გაყვანა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უნდა დაასრულოს.

ტობავარჩხილის ტბა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 650 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

ტობავარჩხილის ტბა იყოფა ორად დიდი და პატარა ტობავარჩხილი. ორივე ტბაში თევზები არ ბინადრობენ. წყალი მტკნარია. ტბა საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლებით. დიდი ტობავარჩხილის მაქსიმალური სიღრმე 35 მეტრია. სარკის ფართობი 0.21 კვადრატული კილომეტრი.  ტობავარჩხილის ტბამდე მისვლამდე უნდა გაიაროთ მდინარე ხობისწყლის ხეობა. ხეობა უნიკალურია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, – მდინარის გაყოლებაზე შეგხვდებათ ჩანჩქერები, მღვიმეები, ალპური ტბები, სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო თანდათან უფრო მწვანდება.

ეს ტბა მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

კომენტარები