ტოჩინოშინს, ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე, მხოლოდ ორი გამარჯვება აშორებს

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) ზაფხულის ნაცუ ბაშოზე ტოკიოში დადებითი ბალანსი გაინაღდა.

მეცხრე საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ტაკაკეისე (ტაკანობუ სატო) უნდა ყოფილიყო, თუმცა იაპონელმა სუმოისტმა ტრავმა მიიღო და ასპარეზობა ვერ შეძლო. შედეგად, ტოჩინოშინმა უბრძოლველად კატიკოსი დააფიქსირა.

ამგვარად, გორგაძემ ამჟამინდელ ტურნირზე დადებითი ბალანსი გაინაღდა – რვა მოგება და ერთი წაგება. ანალოგიური მაჩვენებლები აქვთ იოკოძუნა კაკურიუს და დასავლეთის მერვე მაეგაშირას – ასანოიამას. სწორედ ეს სამეულია ნაცუ ბაშოს ლიდერი.

აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინს, მხოლოდ ორი გამარჯვება აშორებს ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა გაზაფხულის ჰარუ ბაშოზე წარუმატებელი ასპარეზობის შედეგად დაკარგა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი (ჰიკასი ომიტი) გახდება. სუმოისტებს შორის პირადი შეხვედრების ანგარიშია 7:3 ქართველის სასარგებლოდ.

კომენტარები