ტრამპი შეიძლება გამარჯვების აღლუმს დაესწროს მოსკოვში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს დაესწროს გამარჯვების აღლუმს მოსკოვში 2020 წელს. ამასთან, ტრამპმა ისიც თქვა, რომ 9 მაისს რუსეთის დედაქალაქში ჩასვლას  შეიძლება ხელი შეუშალოს აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩვენების კამპანიამ.

ივნისში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევი გაუგზავნა დონალდ ტრამპს. უშაკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის რეაგირება მიწვევაზე იყო პოზიტიური. მანამდე აშშ-ის მხოლოდ ორი პრეზიდენტი ესწრებოდა გამარჯვების აღლუმს მოსკოვში: ბილ კლინტონი 1995 წელს და ჯორჯ ბუში-უმცროსი 2005 წელს.

მოსაწვევები გაეგზავნათ, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, ჩინეთის ლიდერს სი ცზინპინს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. აგვისტოში იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უკვე განაცხადეს თანხმობა 17 ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის, ინდოეთის, კუბის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ვენესუელის, ბელორუსის, სომხეთის, ბულგარეთის, სერბეთის ლიდერებმა.

წყარო: kommersant.ru

კომენტარები