ტრისტან წითელაშვილი: გადატრიალების მცდელობის მძლავრი ტალღაა მოსალოდნელი!

ნაციონალური მოძრაობის თვალსაჩინო ფიგურამ, გიორგი არველაძემ თანამოაზრეებს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდა. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, ნაცებმა რამდენჯერმე განახორციელეს გადატრიალების მცდელობა, უკანასკნელად ეს მოხდა 20 ივნისს, როდესაც თავად გამოჩიჩქნეს პროვოკაციისთვის მიზეზი და ჩაიდინეს ზუსტად ისეთი დანაშაულები, რაც ამჟამად ამერიკაში ხდება: დაარბიეს ბინები და სცემეს მოსახლეობას, ჩაამსხვრიეს ვიტრინები, ისროლეს ცეცხლგამჩენი ბოთლები, ამოატრიალეს პოლიციის მანქანები და სხვადასხვა ნივთებით შეიარაღებულებმა  მთავრობის სახლზე იერიშიც კი მიიტანეს. – წინასაარჩევნოდ სიტუაცია დაიძაბება. ნაცები კვლავ შეეცდებიან შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა:

 

– ნაცები ამ შემთხვევაში, სიტყვას ზედმიწევნით ასრულებენ. მათ მიერ დაანონსებული ყველა არეულობა რეალურად განუხორციელებიათ კიდეც. თუ ყურადღებით გადავხედავთ მაშინდელ პრესას, „გავრილოვის ღამეც“ წინასწარ იყო ჩაფიქრებული. მათ თავად შექმნეს საბაბი არეულობის დასაწყებად. აკი, ირაკლი ოქრუაშვილი უნებურად გამოტყდა, როცა განაცხადა, რომ ხალხი გამიზნულად მიიყვანეს და აგრესიული ქმედებები წინასწარგანზრახვით ჩაიდინეს, რათა ძალოვნების საპასუხო ქმედება გამოეწვიათ და თუნდაც მსხვერპლის ფასად, მოვლენები გადატრიალებაში გადაეზარდათ. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ზუსტად ანალოგიური მოვლენები, რაც დღეს ამერიკაში ხდება, რამდენიმე წლის წინ ბათუმში განვითარდა.

მაშინ, პოლიციელის მცირე უსამართლო საქციელი ნაცებმა არეულობის მოსაწყობად გამოიყენეს და რამდენიმე დღის განმავლობაში მდგომარეობა იყო უმართავი – ჯაჭვებით, არმატურებით და ხელკეტებით შეიარაღებული ნაცების ჯგუფები თარეშობდნენ ქალაქში, ატრიალებდნენ და წვავდნენ პატრულის მანქანებს, დაუნდობლად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც მათ ეწინააღმდეგებოდა. ამას მოყვა ე.წ. გავრილოვის ღამე…

თუ დააკვირდებით, საქართველოშიც და ამერიკაშიც სამიზნე გახლავთ პოლიციელი! პოლიციის დისკრედიტაცია არის გეგმის უმნიშვნელოვანესი საფეხური.

თბილისში, ვიდრე პოლიცია კრიმინალთა ბრბოს დაშლიდა, პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ იგერიებდა შემოტევებს. ამერიკაში კი, პოლიციამ სათანადო ძალა დაუპირისპირა მეამბოხეთა აგრესიას.

 – დაჟინებით რად იმეორებთ, რომ ამერიკაში მოვლენები საქართველოს მსგავსად ვითარდება?

– იმიტომ, რომ ამ მოვლენებს ერთი და იგივე რეჟისორები და დირიჟორები ჰყავთ, რომლებიც თავს იმ მიზნითაც კი არ იწუხებენ, რომ საკუთარი კვალი დაფარონ და სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა სცენარი შეიმუშაონ. ეს დირიჟორები თავიდან იშორებენ ყველას, ვინც მათ გაბატონებას შეეწინააღმდეგება. სწორედ მათ დაამხეს პოსტსაბჭოთა სივრცეში აღმოცენებული აზერბაიჯანის და საქართველოს ეროვნული ხელისუფლებები, მას მერე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საქართველოშიც – მოაწყვეს ფერადი რევოლუციების ესტაფეტა, „დემოკრატიის დაცვის“ საბაბით სისხლის ტბები დააყენეს, გამოიწვიეს ხანგრძლივი ომები, გააღარიბეს პლანეტის მოსახლეობა… ამჯერად კი, როდესაც ამ ბაკქანალიის წინააღმდეგ თვით ამერიკაში გამოჩნდა თვალსაჩინო მებრძოლი ფიგურა, დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ფერადი რევოლუციის აჩრდილმა ამერიკასაც მიუკაკუნა!

 – ვინ და რისთვის ებრძვის პრეზიდენტ ტრამპს?

– შიძლება, ზუსტი შედარება არ გახლავთ, მაგრამ ამჟამად სწორედ ტრამპი მიდის „დინების საწინააღმდეგოდ,“ რადგან უპირისპირდება ინერციად ქცეულ უზნეობას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების შემოღების მცდელობას, მამათმავლობის პროპაგანდას და იღწვის ჯანსაღი ტრადიციების და კონსერვატიული ღირებულებების რეანიმაციისთვის. ამის გამო მას დაუპირისპირდა სოროსის და ჯო ბაიდენის ტანდემი. ისინი უზარმაზარი აისბერგის ხილულ ნაწილს შეადგენენ, ამ აისბერგის ფუძე კი, ფართო საზოგადოებისთვის სრულიად გასაიდუმოვებულია.

ხელისუფლების დამხობის სცენარი ძირითადად, არ იცვლება. ჯერ ხდება ხელისუფლების მარგინალიზაცია, მერე მისი დიქტატორად გამოცხადება და ბოლოს – „დემოკრატიული ღირებულებების“ დაცვის საბაბით მისი დამხობა და საკუთარი რეზიდენტით ჩანაცვლება. ასე რამდენჯერმე მოხდა საქართველოში, უკრაინაში… თუმცა, ხანდახან ისეც ხდება, რომ ამ ბოროტი ძალების პროტეჟე რეზიდენტი კოტრდება და სამარცხვინოდ მარცხდება, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. როგორც ვხედავთ, ჰუმანურობის წინააღმდეგ თვალსაჩინო მსოფლიო მასშტაბის დამნაშავეს, სააკაშვილს მაშინვე დამცავი ქოლგა მოუმარჯვეს, სასჯელს აარიდეს და დროებით, უკრაინაში გადაინახეს, რათა მორიგი ავანტიურისთვის გამოიყენონ. ისინი მოქმედებენ კომპიუტერულად დახვეწილი ტექნოლოგიებით, დანაშაულებრივ ჯგუფებს ატრენინგებენ და გამიზნულად ასწავლიან, როგორ შექმნან სრულიად უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო მოვლენიდან კრიზისული მდგომარეობა, რომელიც შემდეგ გადატრიალებაში უნდა გადაიზარდოს. ასე მოამზადეს რამდენიმე მოიერიშე ჯგუფი უკრაინასა და პოლონეთში, რომლებსაც საქართველოში უნდა მოეხდინათ გადატრიალება, დაებრუნებინათ ქვეყანაში ნაცების სისხლიანი დიქტატურა. ახლახან უკვე ამერიკაშიც, მსგავსი ძალადობრივი მეთოდებით დააპირეს ხელისუფლების დამხობა, მაგრამ ტრამპი ჯერჯერობით, წარმატებით უმკლავდება ბოროტი ძალების გამოწვევას.

 – წინასაარჩევნოდ რა მოხდება საქართველოში?

– გადატრიალების მცდელობის მძლავრი ტალღაა მოსალოდნელი. როგორც დავინახეთ, ჯო ბაიდენს საკუთარ ქვეყანაში არ მოერიდა არეულობის მოწყობა და საქართველოს მითუფრო არ დაინდობს. ბაიდენმა ერთხელ უკვე გაწირა ქართველი ხალხი, როცა  სისხლიანი რეპრესიების ფონზე თბილისში ჩამოვიდა, ყურის აწევის ნაცვლად, სააკაშვილს ოვაცია გაუმართა და ახალი დანაშაულებისთვის წაახალისა. ქართველ ხალხს მაშინ იმედი ჰქონდა, რომ ბაიდენი სააკაშვილს დაამუხრუჭებდა. ახლა, კი, როცა ბაიდენი ამერიკის ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება, არაფერს დაერიდება, ხოლო საქართველოში მის მთავარ „გამთამაშებლად“ ისევ სააკაშვილი რჩება…  მაგრამ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველო ორმაგი წნეხის ქვეშ იმყოფება და აგრესია რუსეთიდანაც არის მოსალოდნელი.

  – რას გულისხმობთ?

– რუსეთი დღეს საქართველოსკენ იშვერს ხელს. ამბობენ, სერიოზული დოკუმენტები გააჩნიათ, რომ თბილისის აეროპორტის მიმდებარედ არსებულ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური იარაღი იქმნება, რომელსაც ამერიკელები სხვადასხვა ქვეყანაში იყენებენ. რუსეთის ვერტიკალში აცხადებენ, რომ ლუგარის ლაბორატორია არის საფრთხე რუსეთისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ მდგომარეობას არასათანადო სერიოზულობით აფასებს, ნაცვლად იმისა, რომ ლაბორატორია საერთაშორისო, მათ შორის რუს ექსპერტებს გაუღოს და თვალსაჩინოდ დაამტკიცოს, რომ იქ მსგავსი არაფერი ხდება, თუ რა თქმა უნდა, მართლაც არ არსებობს განგაშის საფუძველი. შეგახსენებთ, რომ ერაყში თავის დროზე ამერიკელები იმ საბაბით შეიჭრნენ, თითქოს ეს ქვეყანა ქიმიურ იარაღს აწარმოებდა. სიკვდილით დასაჯეს ერაყის მმართველი სადამ ჰუსეინი, თუმცა შემდეგ გამჟღავნდა, რომ განგაში იყო ყალბი და არანაირი ქიმიური იარაღი ერაყში არ იქმნებოდა! ფაქტობრივად, ამერიკელებმა გამიზნულად შექმნეს ფონი ერაყში შესაჭრელად და ეს პრეცედენტი მსოფლიოში უკვე არსებობს, რისი გამეორებაც რუსეთს თამამად შეუძლია. ამიტომ, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მოხდეს ლუგარის ლაბორატორიის გარშემო არსებული ეჭვების საფუძვლიანი გაბათილება და რუსეთის დარწმუნება, რომ მას საქართველოდან საფრთხე არ ემუქრება.

 – ლუგარის ლაბორატორიამ განა დიდი როლი არ შეასრულა კორონავირუსთან ბრძოლაში?

– დიახ, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში უცნაური ფაქტები მაინც ხდება. თბილისში გაგანია საგანგებო მდგომარეობა იყო, ხალხს ერთმანეთთან დისტანციის დაუცველობის და ნიღბის არქონის გამო ადმინისტრაციულად სჯიდნენ, ეკლესიაში მისვლა და ზიარება ლამის ოფიციალურად იყო აკრძალული, როდესაც 22 მაისს ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელთა ფოტო გავრცელდა.

ფოტოზე, რომელიც ხეების დარგვის აქციას ასახავს, ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას შეზღუდვების განუხრელად დაცვისკენ მოუწოდებდნენ, დაფიქსირებულები არიან ყოველგვარი ნიღბის და დისტანციის გარეშე, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით მრავალ სკანდალურ კითხვას ბადებს, რაც დამაჯერებელ პასუხებს მოითხოვს.

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: „ასავალ-დასავალი“

კომენტარები