ტრისტან წითელაშვილი: ნაცები თუ გაისვრიან, გამძვინვარებული ხალხი შეუბრალებლად გადაუვლის მეამბოხეებს და ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს მათ პარპაშს!

 

საქართველოში სამარცხვინო ფორმით შემოპარული მსჯავრდებული მთავარი ჯალათის, სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას მისი მზაკვრული და სისხლიანი მიზნების შესახებ ამცნო. კერძოდ, თბილისში იგეგმებოდა 2014 წელს კიევში მომხდარი სისხლისღვრის ანალოგიური მოვლენა!  – „ეს საფრთხე ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი. პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად, სააკაშვილი უკვე ღიად მოუწოდებს თავის მომხრეებს, დეკემბერში ხალხმრავალი აქციების მოსაწყობად. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მათ სააკაშვილისვე დაქირავებული ზონდერები ცეცხლს გაუხსნიან, რაც ხელისუფლებას უნდა დაბრალდეს და მისი შეიარაღებული გზით დამხობის საფუძვლად იქცეს!“ – ამ სკანდალური სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნაცებმა რატომღაც გარდაცვლილად გამოაცხადეს:

– შემთხვევით და შეცდომით ეს ვერ მოხდებოდა. როცა ნაცებმა, კონკრეტულად, ნაეპისკოპოსარი პეტრე ცაავას სექტამ ჩემი „გარდაცვალების“ შესახებ აუწყეს ქართველ საზოგადოებას, იმ მომენტში მე საზღვარგარეთ, კერძოდ ვარშავაში გახლდით, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან შევიკრიბეთ სამხედრო ექსპერტები, სამხედრო კონფლიქტების თანმხლები კონკრეტული საკითხების განსახილველად. ამასთან ერთად, მიმოვიხილეთ საქართველოში, ბელარუსში და უკრაინაში არსებული მდგომარეობა. ნაცები ზოგადად, დახელოვნებულები არიან ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში. მათ ყველგან ჰყავთ თავიანთი აგენტურა და ალბათ, ჩემი „გარდაცვალების“ ინფორმაციის გავრცელება იმ მიზანს ისახავდა, რომ ამ სიცრუეს გამოვხმაურებოდი და ჩემი ადგილსამყოფელი დამეზუსტებინა. ექსპერტებს შორის განსახილველი ერთ-ერთი თემა სწორედ ნაცების ის გეგმა გახლდათ, რომელიც დამდეგ დეკემბერს საქართველოში ცალკეული ნაცი აქტივისტების მკვლელობებს, ხოლო შემდეგ მასშტაბურ სისხლისღვრას ითვალისწინებს. დიახ, ასეთი გეგმა არსებობს და მსხვერპლიც, შერჩეული ჰყავთ! ნაცებს იმედი აქვთ, რომ ამგვარდ, საქართველოს დედაქალაქში რევოლუციურ განწყობას მოამწიფებენ, რასაც შეიარაღებული გზით ხელისუფლების დამხობა მოყვება. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს სწორედ, ნაცების და სააკაშვილის ეს გეგმა ჰქონდა მხედველობაში!

 – ფიქრობთ, რომ შეიარაღებული გადატრიალების საფრთხე ისევ არსებობს?

– შექმნის პირველივე დღეებიდან, ნაციონალური მოძრაობა ძალადობაზე ორიენტირებული ბანდა გახლდათ. არც ე.წ. ვარდების მშვიდობიანი რევოლუცია იყო მშვიდობიანი, ვარდოსან სააკაშვილს ზურგს ზონდერები და უკანონო შეიარაღებული ფორმირებები უმაგრებდნენ. შევარდნაძე რომ არ გადამდგარიყო, მოვლენები ნაცების გეგმის მეორე ნაწილის თანახმად, საზარელი სისხლიანი სცენარით განვითარდებოდა. ეს ძალა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც, მუდმივად ავანტიურიზმს მიმართავდა, თავად აფეთქებდა ხურჩაში ავტობუსს, თავად იწვევდა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობას, თითხნიდა რუსეთიდან და კრემლიდან ორგანიზებული ტერორისტული აქტების, შეიარაღებული გადატრიალების საქმეებს, რომლის ფარგლებში უდანაშაულო ადამიანებს აპატიმრებდა, სამაგიეროდ, საზოგადოებაში შიშის ატმოსფეროს და ნაცების მთავრობის უძლეველობის ილუზიებს ქმნიდა. ძალადობაზე დაყრდნობით ისინი მუდმივად აწყობდნენ სპექტაკლებს და შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, მკვლელობებსაც სჩადიოდნენ. ნაცმოძრაობას ხელისუფლებიდან გაძევების შემდეგაც არ შეუცვლია ხელწერა. ამას მოწმობს რამდენიმე წლის წინ ბათუმში გამოსვლები, როცა პოლიციის მანქანები ააყირავეს და ქალაქი განუკითხაობის ეპიცენტრად აქციეს. ნაცების დებოში დედაქალაქში სხვადსხვა მიზეზით ყოველ წელს მეორდება. მანიპულაციისთვის ხან ლგბტ თემს იყენებენ, ხან ნარკომანებს, ხან შვილმკვდარ მამებს. ე.წ. გავრილოვის ღამეც, მათი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც პარლამენტში შეჭრას და ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად. ვიდრე ნაციონალური მოძრაობა, როგორც ორგანიზაცია – პოლიტიკურ ასპარეზზე არსებობს, საქართველოში მუდამ იქნება დაძაბულობა და შეიარაღებული გადატრიალების მცდელობები, მითუფრო, თუ  ხელისუფლება მათ მიმართ ლოიალობას გამოავლენს. ამჯერად სააკაშვილი ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ვა-ბანკზე მიდის, რადგან გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მას უკრაინაშიც აღარ დაედგომება და თავის გადასარჩენად,  საქართველოს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გარდა სხვა გამოსავალი აღარ რჩება.

 – ამჯერად, რა ინფორმაცია გაქვთ ნაცების გეგმის შესახებ? რაში გამოიხატება შეიარაღებული ამბოხის მცდელობა?

– გეგმის მთავარი მონახაზი ხელისუფლებისთვისაც კარგად ცნობილია. სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში მოთავსებით, ამ გეგმის პირველი ნაწილი უკვე შესრულებულია. მეორე ნაწილი კი, მოიცავს პატიმარი სააკაშვილის გატაცებას და მისი ხელმძღვანელობით შეიარაღებული ამბოხის დაწყებას. ისინი არეულობისთვის დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდნენ. არჩევნებამდე წინასწარ ქმნიდნენ ფონს, რომ ეს არჩევნები გაყალბდებოდა და ხმების დაცვა მოუწევდათ. პარალელურად, ისინი უკრაინიდან მებრძოლთა და ზონდერთა ჯგუფების შემოყვანას ახდენდნენ, რომლებმაც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის შემდეგ იარაღი უნდა მოიმარჯვონ. ამ ჯგუფებს სააკაშვილი სხვადასხვა პერიოდში უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა. ნაცებს მიაჩნიათ, რომ 10 ათასამდე მომიტინგე და 2-3 ათასი შეიარაღებული ბოევიკი სრულიად საკმარისია რევოლუციის მოსახდენად. ახლახან სააკაშვილმა მოწოდება გაავრცელა, რომლის თანახმად, მცირე დიფუზური აქციების შემდეგ დეკემბერში „უნდა შეიკრიბოს ერთი დიდი, საერთო-ეროვნული აქცია,“ ხოლო აქციის გამართვის საფუძვლად უნდა იქცეს სააკაშვილის სასამართლო პროცესი.  უკრაინიდან საქართველოში ზონდერების შემოსვლის ეტაპობრივი პროცესი არჩევნების შემდეგაც გრძელდება. ისინი მუდმივად მზადყოფნაში არიან, დედაქალაქში სისხლი დაღვარონ, რაც შედეგად, რევოლუციაში უნდა გადაიზარდოს.

 – კერძოდ, ვინ შემოვიდა?

– რამდენიმე დღის წინ, ქართულმა სპეცსამსახურებმა თბილისისი აეროპორტში საქართველოს საზღვარზე გადმოსვლის უფლება არ მისცეს ცნობილ უკრაინელ ვოლონტიორს, სააკაშვილის მხარდამჭერ პავლო კაშჩუკს და მის თანმხლებ პირს, ისინი საქართველოდან გააბრუნეს, თუმცა მოგვიანებით, თვით კაშჩუკის მიერ უკრაინული მედიისთვის მიცემული ინტერვიუდან ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პავლო კაშჩუკის თანმხლებმა კიდევ სამმა პირმა თბილისში შეღწევა მოახერხა. კაშჩუკი აცხადებს, რომ მეგობრებთან ერთად იგი საქართველოში ტურისტად, დასასვენებლად ჩამოვიდა, თუმცა მიამიტისთვისაც კი ნათელია, რომ იგი ცრუობს. მკითხველს შევახსენებ, რომ პაშა კაშჩუკი გახლავთ ინსტრუქტორი, რომელიც უკრაინაში კერძო სამხედრო ბაზაზე სნაიპერთა ჯგუფებს ამზადებდა. კერძოდ, მან მონაწილეობა მიიღო ქართველი ბოევიკებისგან შემდგარი დანაყოფების, „ქართული ლეგიონის“ და „მგლების“ სამხედრო მომზადებაში. პავლო კაშჩუკი ერთ-ერთია, მათ შორის, ვისზეც სააკაშვილი მიმდინარე წლის დეკემბერში დაანონსებულ აქციებში იმედებს ამყარებდა. ის საზღვარზე არ შემოუშვეს, სამაგიეროდ, უკვე 2 კვირა გავიდა, რაც საქართველოში ჩამოვიდა მამუკა მამულაშვილი და უკრაინაში მოქმედი მისი დაჯგუფება „ქართული ლეგიონის“ ნაწილი. შეგახსენებთ, რომ ეს ის მამუკა მამულაშვილია, რომელიც მხილებულია 2014 წლის თებერვალში კიევის მაიდანზე სისხლისღვრის ორგანიზებაში. სწორედ მან მოახდინა საქართველოდან მეომრების ჩაყვანა, რომლებმაც პირადად მიხეილ სააკაშვილის და მამუკა მამულაშვილის, ასევე უკრაინელი მაღალჩინოსნების – ანდრეი პარუბის და სერგეი პაშინსკის მითითების შესაბამისად, მაიდანზე მყოფ მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტუმრო “უკრაინისა” და კონსერვატორიის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს, რასაც დიდი მსხვერპლი მოყვა და შემდეგ მოვლენები უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების დამხობაში გადაიზარდა. აღნიშნულ მოვლენებში მონაწილეობდა ამერიკელი ინსტრუქტორი ბრაიან კრისტოფერ ბოინგერიც! მამუკა მამულაშვილი და მისი ბანდის ნაწილი დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან თბილისში. არ მალავენ, რომ საქართველოში „სააკაშვილის მხარდაჭერის და მოქმედი ხელისუფლების დასრულების“ მიზნით ჩამოვიდნენ და აქტიურად ამყარებენ კონტაქტებს, სააკაშვილის მომხრე ვეტერანებთან. სააკაშვილთან მამულაშვილი ადვოკატების დახმარებით კონტაქტობს და შეიარაღებული გადატრიალებისთვის მზადყოფნას აუწყებს.

 – სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა მამულაშვილზე, რომელიც უცხო ქვეყანაში ომობდა?

– საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება უცხო ქვეყანაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა, გარდა ოფიციალური სამხედრო მისიებისა, რომელსაც თავად სახელმწიფო ატარებს ამა თუ იმ ქვეყანაში. საქართველოს სახელმწიფოს სამხედრო მისია უკრაინაში არ ჰქონია, შესაბამისად, მამულაშვილის არაოფიციალური მონაწილეობა უკრაინაში არსებულ სამხედრო კონფლიქტებში – საქართველოს კანონით სისხლის სამართლის დანაშაულია! შესაბამისად, მამულაშვილმა როგორც კი საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ქართველ ძალოვნებს ის უნდა დაეპატიმრებინათ, მაგრამ როგორც მე ვიცი, მასზე საქმე არ აღიძრა მარტო იმიტომ, რომ, მაიდნის მოვლენებში მისი მონაწილეობის აშკარა სამხილის მიუხედავად, უკრაინის რომელიმე სამხედრო კონფლიქტში მამუკა მამულაშვილის მონაწილეობა ფაქტობრივად ვერ დასტურდება. ჩემს უკრაინელ კოლეგებს იგი თაღლითად მიაჩნიათ, ვინაიდან მართლა კი არ ომობდა, არამედ მხოლოდ ტელეკამერების წინ თავს იპიარებდა, როგორც მეომრების მეთაური. სამაგიეროდ, ეჭვგარეშეა, რომ ეს კაცი, მის დაქვემდებარებაში მყოფ ბოევიკებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს შეიარაღებულ გადატრიალებაში, რომელიც გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა განახორციელონ ნაცებმა. ამისთვის საკმარისი შეიარაღება მათ სამალავებში აქვთ გადანახული. სამეგრელოში ნაპოვნი კასრების გარდა, მსგავსი უამრავი სამალავები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია მიმოფანტული.

 – კიდევ ვინ მოიაზრება შეიარაღებული გადატრიალების ხელმძღვანელთა შორის?

– სააკაშვილის მხარეს არიან ვეტერანთა ადგილობრივი დაჯგუფებები, რომლებიც ემორჩილებიან გენერალ დევი ჭანკოტაძეს. ისინი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ აქტივშიც შეინიშნებიან. ასევე არიან ყოფილი პოლიციელები, კუდის და სოდის ყოფილი თანამშრომლები და ყოფილი ზონდერები. მათი ნაწილი ე.წ. გავრილოვის ღამეს, 20 ივნისს პარლამენტის შტურმშიც მონაწილეობდნენ. ხელისუფლების ძალოვნებმა სათითაოდ იციან მათი ვინაობა და ეს ჯგუფები ვერაფერს გააწყობენ, თუ ძალოვნები თავის სიმაღლეზე იდგებიან; ასევე, საშიში არაფერი მოხდება, თუ ნაცები კრიტიკულ ზღვრამდე რაოდენობის მომხრეებს ვერ შეკრებენ აქციაზე, რადგან სხვაგვარად, იმ პროვოკაციის მოწყობა გაუჭირდებათ, რომელიც საკუთარი აქტივისტების ჩახოცვას და მერე ამ დანაშაულის ხელისუფლებისთვის გადაბრალებას გულისხმობს. ამიტომ, მინდა, მოვუწოდო სააკაშვილის რიგით მხარდამჭერებს, რომლებიც 20-30-50 ლარის საფასურად დადიან ნაცების მიერ მოწყობილ აქციებზე – ნუღარ მივლენ! რადგან ხელისუფლებამ კი არა, ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელია, სათაყვანო ლიდერებმა გაუხსნან ცეცხლი და ზვარაკად შეწირონ ისინი, ხელისუფლებაში თავიანთი დაბრუნების მცდელობას! თავს გაუფრთხილდნენ, თორემ აქციაში მონაწილეობის საზღაურად აღებული 50 ლარი მათი დაკრძალვის ხარჯებს ვერ დაფარავს!

 – ტყვია თუ გავარდება, სააკაშვილის მოწინააღმდეგე მრავალრიცხოვანმა ქართველმა საზოგადოებამ თავი როგორ უნდა დაიცვას სააკაშვილის მომხრე თუნდაც მცირერიცხოვანი ბანდებისგან?

– ასეც რომ მოხდეს, რაც ქვეყნისთვის დიდი უბედურება იქნება… სააკაშვილის მომხრეებს გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ გააჩნიათ. როგორც კი მეამბოხეები გაისვრიან, მაშინვე მოხდება სააკაშვილის რეჟიმთან დაპირისპირებული ვეტერანების, მეომრების და საზოგადოების ფენების მობილიზაცია. იარაღი აქეთაც მოინახება და ხალხი სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნებას წინ აღუდგება! ეს გამძვინვარებული ხალხი შეუბრალებლად გადაუვლის მეამბოხეებს და ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს მათ პარპაშს. საქართველო უკვე შემდგარი სახელმწიფოა. იმედს ვიტოვებ, ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს შესწევთ ძალა, ნაცების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციები გაშიფრონ, პროვოკატორები კანონის ფარგლებში ალაგმონ და ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება აარიდონ!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

 

 

 

 

კომენტარები