ტრისტან წითელაშვილი: სააკაშვილი თავისი მომხრეებით რიზეში შეიკრიბება და შემდეგ სარფის საზღვარს მოადგება!

ჩემი წყარო, უკრაინელი მაღალჩინოსანი სამხედრო პირი საგანგაშო ინფორმაციით დამიკავშირდა: არჩევნების წინ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა და რევოლუციის განხორციელება იგეგმება! – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა:

– უკრაინელ მეგობარს ბოლომდე ვენდობი, ვინაიდან მის მიერ ჩემთვის აქამდე მოწოდებული ყველა ინფორმაცია ობიექტური და უტყუარი გახლდათ. იგი ასეთ ინფორმაციებს უშუალოდ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვიდან ღებულობს, ამიტომ, დიდი სიზუსტით იცის, თუ რა ხდება მათ პოლიტიკურ სამზარეულოში. ამჯერად მისთვის ცნობილი გახდა გეგმა, რომლის მიხედვით სააკაშვილი არჩევნებამდე უნდა შემოვიდეს საქართველოში და შექმნას რევოლუციის წინაპირობა. ჩემმა მეგობარმა ისიც შეიტყო, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ამ გეგმის განხორციელება გადაიდოს.

 – სააკაშვილმა მრავალჯერ დაიქადნა, მაგრამ არ აუსრულებია. რატომ გგონიათ, რომ ამჯერად მართლა ჩამოვა?

– მრავალი გარემოება მოწმობს, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად არის. მისი პოლიტიკური სამზარეულოდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, აქტიურად განიხილება საქართველოში სააკაშვილის შემოსვლის ვარიანტები. ამას გარდა, უკრაინაში ახლახან მოხდა იმ ზონდერ ჯგუფების მობილიზაცია, რომლებიც სხვადასხვა დროს საქართველოდან სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩავიდნენ. ორიოდე კვირის წინ სააკაშვილი შეხვდა მათ და კონკრეტული დავალებები მისცა. ზოგადად, სააკაშვილის მხარდამჭერები ორ ნაწილად იყოფიან. ერთი ნაწილია ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები, სხვადასხვა დროს საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წასული სააკაშვილის მომხრე ემიგრანტები; მეორე ნაწილი კი, ზონდერები და შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში წავლენ ნებისმიერ პროვოკაციაზე. უმრავლესობა ქართველია, თუმცა, მათ შორის არიან სხვადასხვა ეროვნების ბოევიკები, რომლებიც თანხის სანაცვლოდ ასრულებენ ნებისმიერ ბინძურ დავალებას. ჩემი წყაროსთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ბოევიკები უნდა ჩამოყვნენ სააკაშვილს და მისი უსაფრთხოება დაიცვან, როდესაც საზღვრის გადმოკვეთას შეეცდება. ამ მომენტში სააკაშვილის გვერდით უნდა იყოს მხარდამჭერი ემიგრანტების გარკვეული ჯგუფები. მგზავრობისთვის და მიმდინარე ხარჯებისთვის, სააკაშვილის შტაბი უკვე დაპირდა თითოეულ მათგანს 500-500 აშშ დოლარს, დამატებით – სამგზავრო ბილეთებით და კვებით უზრუნველყოფას.

 – გეგმა რას ითვალისწინებს?

– სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ არჩევნებს წააგებს. ამიტომ, მისი ძირითადი სვლები არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებაზე და ამის საფუძველზე სახალხო უკმაყოფილების ილუზიის შექმნაზე გადის, რომელიც შეიარაღებული გზით ხელისუფლების მიტაცებით უნდა დაგვირგვინდეს. საქართველოში სააკაშვილის შემოსვლის რამდენიმე ვარიანტი იგეგმება. ამჯერად მე ყურადღებას ერთ-ერთზე, თურქეთის საზღვრიდან შემოჭრაზე გავამახვილებ. ამ გეგმის მიხედვით, სააკაშვილი და მისი ამალა – ზონდერები, ბოევიკები და ემიგრანტების ჯგუფები თურქეთის ქალაქ რიზეში შეიკრიბებიან. ჩემი წყაროს ინფორმაციით, უკვე გაცემულია რიზეში სასტუმროების დაჯავშნის განკარგულება. ამის შემდეგ, შეკრებილი ხალხი კოლონებად და ავტობუსებით სარფის საზღვრისკენ გამოემართებიან. ამის პარალელურად, საქართველოში წინასწარ ჩამოყალიბებული პროვოკატორთა ჯგუფები ქაოსის გამოწვევის მიზნით დაიწყებენ კონკრეტული დავალებების შესრულებას. მათი მთავარი თავშესაფარი იქნება თაკო ჩარკვიანის მიერ გახსნილი შტაბი და ძალოვანი ორგანოების მხრიდან პროვოკაციების აღკვეთის ცალკეულ მცდელობას მიეცემა პოლიტიკური წნეხის შეფასება.

 – სააკაშვილის შემოსვლა არჩევნებამდე მოხდება?

– გეგმის ერთი ვარიანტი ითვალისწინებს, რომ სააკაშვილი არჩევნებამდე ჩამოვა საქართველოში და ხელისუფლებას თავს დააპატიმრებინებს, რასაც შემდგომ მოყვება რევოლუციური მოვლენები, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალება. ამ ქმედებებს კი, გააპრავებენ სააკაშვილის შტაბის მიერ მოსყიდული კონკრეტული ევროპარლამენტარები. გაითამაშებენ „მელიას ვარიანტს,“ რომელმაც ყველაფერი იღონა, რათა დაეპატიმრებინათ და შემდეგ გარანტირებული დასავლური მხარდაჭერის შედეგად გათავისუფლებულიყო. ამ მიზნით სააკაშვილი დღემდე აწარმოებს მოლაპარაკებებს იმ ევროპარლამენტარებთან და აშშ კონგრესმენებთან, რომლებიც მოკავშირეებად ეგულება. თუ გარანტიებს მიიღებს, ის პირდაპირ საქართველოში ჩამოფრინდება და საქართველოს ხელისუფლებას თავს დააპატიმრებინებს, შემდეგ კი, დასავლეთის ზეწოლის შედეგად, შეიძლება, ძალიანაც არ უნდოდეს, მაგრამ  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალება მოუწევს, რის შედეგადაც მიეცემა ლეგალური პოლიტიკური საქმიანობის საშუალება და „გაყალბებული არჩევნების“ გამო დაწყებული „საპროტესტო მოძრაობის“ ლიდერი ისევ წაეპოტინება ხელისუფლებას.

 – მაგრამ, თქვენ რიზეში მისი მომხრეების მობილიზაციაზე მსჯელობდით.

– ეს საქართველოში შემოსვლის ალტერნატიული ვარიანტია, რომელიც სააკაშვილმა ერთხელ უკვე განახორციელა, როდესაც პოლონეთიდან უკრაინაში შეიჭრა. დააპატიმრეს, მაგრამ მოგეხსენებათ, ძალიან სწრაფად მოხდა მისი გათავისუფლება დასავლელი მფარველების ზეგავლენით. ანალოგიური მოვლენა მოხდება, თუ სააკაშვილი სარფის საზღვარს გადმოლახავს. საზღვარზე მოხდება ხელჩართული დაპირისპირება. მას გვერდში ეყოლება ზონდერები და მხარდამჭერი ემიგრანტები, საქართველოს მხრიდან კი, საზღვართან შეიკრიბებიან მისი მხარდამჭერები პარტიები, სახალხო დამცველი და ლგბტ ორგანიზაციები, ისინი ხელჩართულ წინააღმდეგობას გაუწევენ ქართველ ძალოვნებს, რომლებიც საზღვრის გადმოლახვისას სააკაშვილის დაკავებას შეეცდებიან. იქნება ალიაქოთი და მცდელობა, მოვლენები მასობრივ დესტაბილიზაციაში და რევოლუციაში გადაიზარდოს. თუ სააკაშვილის დაკავება მოხდება, მისი მომხრეები დესატაბილიზაციას პერმენანტეულად გააგრძელებენ თბილისის ცენტრში და მათ სააკაშვილის მიერ წინასწარ მოსყიდული ევროპარლამენტარები და აშშ-ის კონგრესმენები დაუჭერენ მხარს. ისინი პოლიტპატიმრად შერაცხავენ ავანტიურისტს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას.

 – ნუთუ, თურქეთის ხელისუფლება დაუშვებს საქართველოს საზღვართან ასეთ პროვოკაციას?

– სააკაშვილის თურქეთში სერიოზული მოკავშირეები ჰყავს, რომლებიც მას მოქალაქეობის გადაცემის გამო ემადლიერებიან. ბუნებრივია, რომ ამ რაოდენობით ემიგრანტების საქართველოსკენ მსვლელობა თურქეთის სპეცსამსახურების გვერდის ავლით ვერ განხორციელდება. ოფიციალური თურქეთი საქმეში არ ერევა, თუმცა მოცემულ სიტუაციაში სააკაშვილის მოკავშირეა, რადგან საქართველოს ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის შექმნაში დაეხმარება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და გამორიცხული არ არის, მხარდაჭერის სანაცვლოდ სააკაშვილი თურქეთის ხელისუფლებას ქართული ტერიტორიების ნაწილის, კერძოდ, ჯავახეთის გადაცემასაც იყოს შეპირებული. შემთხვევითი არ არის, რომ ერდოღანი ჯავახეთს ლექსებს უძღვნის, რომელშიც ჯავახეთს თურქულ მიწად მოიხსენიებს. როგორც თავის დროზე რუსეთს აუხდინა ოცნება სააკაშვილმა, ახალგორი და კოდორი ხონჩით მიართვა, ანალოგიურად, შეეცდება თურქებს საუკუნოვანი ოცნება აუხდინოს.

 – რუსეთი როგორ მოიქცევა, სააკაშვილის დაპატიმრების შემთხვევაში?

– რუსეთისთვის არ იქნება ხელსაყრელი, თუ სააკაშვილი ქართველ სამართალდამცველებს ხელში რეალურად ჩაუვარდება, რადგან მან ძალიან ბევრი რამ იცის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, როდესაც პუტინთან გარიგებით რუსეთს ჩააბარა ძირძველი ქართული ტერიტორიები. რუსეთი ყოველმხრივ შეეცდება, სააკაშვილი არ მოხვდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რომელიმე სხვა ქვეყნის ძალოვნების ხელში. სააკაშვილი მეტისმეტად ლაჩარია, საიმისოდ, რომ საკუთარი უსაფრთხოება და სიცოცხლე გარისკოს. კარგად იცის, რომ საქართველოში მომხრეები ძალიან ცოტა ჰყავს, ამიტომ იმედებს ისევ და ისევ დასავლელ პატრონებზე ამყარებს, რომლებიც ერთის მხრივ, სააკაშვილს საქართველოში შეღწევაში უნდა დაეხმარონ, მეორეს მხრივ კი, იზრუნონ, რათა ის აღმოჩნდეს ციხეში და არა მასზე გამწარებული საზოგადოების გარემოცვაში. ასევე იზრუნონ ქართული ციხიდან უმოკლეს ვადებში მის გათავისუფლებაზე. თუ სააკაშვილი ამ გარანტიებს ვერ მიიღებს, თუ დარწმუნებული არ იქნება, რომ მოსყიდული ევროპარლამენტარები და კონგრესმენები ბოლომდე უერთგულებენ, შეიძლება საქართველოში შემოჭრის გეგმა გააუქმოს კიდეც.

 – სააკაშვილის მიზანია, რომ დააპატიმრონ?

– რა თქმა უნდა! ციხეში ის იქნება სასათბურე პირობებში და ყოველმხრივ დაცული, მიჩენილი ეყოლება საერთაშორისო მეთვალყურეები, რაც მთავარია, ექნება უმოკლეს დროში ციხიდან ტრიუმფით გამოსვლის და ე.წ. ოპოზიციის სათავეში ჩადგომის გარანტიები. სხვანაირად ის საქართველოში ჩამოსვლაზე არ იფიქრებს! რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, დღითიდღე სულ მეტად დაიძაბება სიტუაცია. სუს-დან გამოჟონილი ფაილების მსგავსი სხვა სკანდალები, რომელიც სააკაშვილის შტაბში წინასწარ, სპეციალურად საარჩევნოდ აქვთ მოფიქრებული. იქნება პროვოკაციები, რომელიც არსებულ ხელისუფლებას დაბრალდება. გააქტიურდებიან „ქართულ ოცნებაში“ და ძალოვან ორგანოებში ჩანერგილი აგენტები, რომლებიც შეეცდებიან დააბნიონ საზოგადოება, შესაბამისი პროვოკაციებით, მომგებიან სასტარტო პოზიციაზე დააყენონ ნაცები და მათი სატელიტი ორგანიზაციები. ინფორმაცია, რომელიც მე უკრაინიდან მივიღე, ზედმიწევნით უკვე იწყებს ახდენას.

 – რას გულისხმობთ?

– ახლახან სააკაშვილმა ვეტერანებს და სამხედროებს მოუწოდა მის მიმართ თანადგომისკენ. დიახ, არსებობს ვეტერანების ნაწილი, რომელიც სააკაშვილს მხარს უჭერს და ამისი წაყრუება შეუძლებელია! ნაცების სიით პარლამენტის წევრია ჩემი ყოფილი მეგობარი, გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომლის გარშემო უკვე ერთიანდებიან სააკაშვილის მომხრე მეომრები, რაც იმის მაუწყებელია, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნის პერიოდში დასავლეთიდან მართული პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, მოსალოდნელია შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებაც. ამ პერიოდში დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში ზონდერები წინასწარ ჩამოწერილი სიის მიხედვით დაიწყებენ სააკაშვილის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეების დევნას, ქუჩაში მათ შეურაცხყოფას, ცემას, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდება, ხელისუფლება ვეღარ გააკონტროლებს მდგომარეობას, ხოლო შემდეგ მხარეებს შორის „გამშველებლებად“ სააკაშვილის მიერ მოსყიდული ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მოგვევლინებიან.

 – ანუ, სააკაშვილი ბრუნდება?

– თუ სააკაშვილმა დასავლეთიდან გარანტიები მოიპოვა, ის მართლაც შეეცდება დაბრუნებას. ამისი ჩაშლის ერთადერთი გზა იქნება სისხლიანი რეჟიმის რეაბილიტაციის მოწინააღმდეგე საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაცია და ქუჩაში გამოსვლა, რამაც შესაძლოა მოვლენების მსვლელობა მთლიანად შეცვალოს და ციხეში საკუთარი ნებით ჩაბრძანებულ სააკაშვილს პრეზიდენტის შეწყალებით კი არ მოუწიოს გათავისუფლება, არამედ, ქართული სახელმწიფოს და მოსახლეობის წინაშე ჩადენილი მძიმე დანაშაულების შესაბამისი ბრალდებით მოუწიოს სასამართლოს წინაშე წარდგომა!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები