ტურინში 11 აპრილს ქრისტეს სუდარას გამოაბრძანებენ

– “მრავალმრიცხოვანი მრევლის თხოვნით ქ.ტურინში (Torino) შაბათს, 11 აპრილს 17:00 სთ. იტალიის დროით გამოაბრძანებენ მაცხოვრის სუდარას. აღავლენენ სადიდებელ-სავედრებელ ლოცვას, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია მოხდება ტელევიზიით” – წერს ნათია ტუღუში.

ქრისტეს სუდარის შესახებ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

ერთ-ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი ამ სუდარას მეხუთე სახარებას უწოდებს, რადგან მასზე სასწაულებრივადაა აღბეჭდილი ის ვნებანი, რომელნიც ჯვარცმულს მიაყენეს… არსებობდა მოსაზრება, რომ სუდარა მე-15 საუკუნეშია შექმნილი. ამ მოსაზრების სისწორეს ნახშირბადის დაშლის მეთოდის გამოყენებით ამტკიცებდნენ. მაგრამ ტურინის სუდარა ხომ არ ინახებოდა დახურულ სივრცეში – მას საუკუნეთა განმავლობაში დაატარებდნენ სხვადასხვა წმინდა ადგილებში, ტაძრებში, მიეახლებოდა უამრავი მლოცველი, ეფინებოდა ყვავილების მტვერი, ორჯერ მოხვდა ხანძარში… ამიტომ ახალი ორგანული შრეებით იფარებოდა და, შესაბამისად, ნახშირბადის დაშლის მეთოდით გამოთვლილი მისი ასაკი არ შეესაბამება რეალურ ასაკს.

ქსოვილი მოქსოვილია სელისგან, – ასეთ ქსოვილს ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ქსოვდნენ. მიკროსკოპიული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მართალია, ქსოვილი სელისაა, მაგრამ მის ბოჭკოებში შერეულია მცირეოდენი ბამბის ბოჭკოებიც. ასეთი სელი და ბამბა ახლო აღმოსავლეთში მოიპოვებოდა.

ქსოვილის ბოჭკოებში 49 სახეობის ყვავილის მტვერია ჩარჩენილი, მათგან 80 პროცენტი გაშიფრულია – ასეთი ყვავილები უმეტესად იერუსალიმსა და პალესტინაში იზრდება. გარდა ამისა, მასზე 28 სახის ყვავილია აღბეჭდილი. აქედან 20 იერუსალიმში იზრდება, ხოლო 8 – მის შემოგარენში. ისინი მარტსა და აპრილში – სწორედ აღდგომის პერიოდში ყვავილობენ…

ძველად მიცვალებულებს თვალებზე მონეტებს ადებდნენ, რათა თვალები არ გახელოდათ. ტურინის სუდარაზე ორი მონეტაა აღბეჭდილი: მარცხენა თვალზე – 29 წელს ტიბერიუს კეისრის დროს მოჭრილი მონეტა, მარჯვენაზე კი – 30 წელს პილატეს მმართველობის დროს მოჭრილი. ამ მონეტების წარწერებზე აღრეულია ლათინური და ბერძნული ასოები. მოგვიანებით არქეოლოგებმა დაადასტურეს, რომ ეს მონეტები პილატეს დროინდელია.
*

ტურინის სუდარასა და მაცხოვრის სხვადასხვა დროს დაწერილ ხატებს შორის ბევრი საერთო ნიშანია ნაპოვნი. მაგალითად, სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის მაცხოვრის ხატს, მეექვსე საუკუნის მოზაიკას, 46 საერთო შტრიხი აქვს სუდარაზე არსებულ გამოსახულებასთან. ცნობილია მე-7 საუკუნეში იუსტინიანე II-ის დროს მოჭრილი ოქროს მონეტა, რომელზეც მაცხოვრის პორტრეტია გამოსახული და სუდარის გამოსახულებასთან ამ სახეს 63 საერთო შტრიხი აქვს.

ძალზე საინტერესოა, როგორ აღიბეჭდა გამოსახულება სელის ქსოვილზე. მეცნიერული ანალიზი ადასტურებს, რომ გამოსახულება სუდარაზე ძლიერი გამოსხივებისა და სელის ბოჭკოების დეჰიდრატაციის შედეგად აღიბეჭდა. გამოსახულება უაღრესად მკვეთრია, თითოეული დეტალი იდეალურადაა ფოკუსირებული, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სუდარაში გახვეული სხეულიდან გამომავალ ყოველ სხივს ღვთაებრივი ხელი მართავდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ გამოსხივების სიძლიერე შეიძლება ატომური დაშლის შედეგად მიღებულ მძლავრ გამოსხივებას შევადაროთ, ოღონდ – ძალიან ხანმოკლეს. თუმცა მეცნიერებს ასეთი გამოსხივების ხელოვნურად შექმნა არ ძალუძთ.
*
ტურინის სუდარა ბევრ რამეს აზუსტებს წმინდა წერილიდან. სუდარაზე გამოსახულია სრულყოფილი აღნაგობის მამაკაცი. პათოლოგანატომებმა თანამედროვე აპარატურით დაადგინეს, რომ იგი სუდარაში გახვევამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა. მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა ისიც, რომ სხეული ქსოვილში არა უმეტეს 40 საათი დაყო. დაახლოებით ამდენივე დრო გავიდა ჯვარცმიდან აღდგომამდე…

სუდარის გამოსახულებაზე მაცხოვარს წარბები დამსკდარი და დასიებული აქვს, მარჯვენა ქუთუთო კი გახეული; საკმაოდ ძლიერი ტრავმაა მარჯვენა თვალის ქვეშაც, ცხვირი, მარცხენა ლოყა და ნიკაპის მარცხენა მხარე დასიებულია, ცხვირის წვერიც საკმაოდ ძლიერაა დაზიანებული; მარჯვენა ლოყაზე სავარაუდოდ 4-5 სმ-ის სისქის ჯოხით მიყენებული ძლიერი დარტყმის კვალი ჩანს – სახე დეფორმირებულია ამ დარტყმისაგან.

რასობრივი კუთვნილებაც კი უდიდესი სიზუსტით იშიფრება – ეს არის სემიტური ტიპის სახე, თმა და წვერი შუაზეა გაყოფილი, თმა გრძელია და უკან შეკრული. ამგვარი ვარცხნილობა იმ ეპოქის ებრაელთათვის იყო დამახასიათებელი.

აშკარად ჩანს, რომ სუდარაში გახვეულ ადამიანს ქუდის ფორმის ეკლის გვირგვინი ედგა – მთელ თავის ქალაზე აღენიშნება 30 საკმაოდ ღრმა ჭრილობა.

სიმაღლე, ასაკი და წონაც კია დადგენილი ტურინის სუდარაზე გამოსახული მამაკაცისა. ეს არის 175-180სმ სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი, წონა – 75-80კგ, ასაკი – დაახლოებით 30-45 წელი. ზომები მიახლოებითია, რადგან სხეული მთლად სწორად არ იყო სუდარაში გახვეული – ფეხები ოდნავ მოხრილი აქვს და წელიც – ოდნავ გადრეკილი.

სხეული დაზიანებულია მათრახის ცემით, რომელსაც ხარის ძარღვებით იყო მოქსოვილი და ბოლოებზე ტყვიის ან ფოლადის სიმძიმეები ჰქონდა მობმული. სწორედ ამგვარი ღვედებით ამათრახებდნენ დამნაშავეს ადრეულ საუკუნეებში. დაახლოებით 39-40 მათრახი დაარტყეს (თითო მათრახს 2-3 წვერი ჰქონდა) და ეს დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ ცდილობდნენ, გულის მხარეს არ დაერტყათ, რათა განსასჯელს გული არ გახეთქოდა. დადასტურებულია, რომ ორი ჯალათი ურტყამდა: ერთი – მაღალი, მეორე – დაბალი, განსასჯელი კი სამოცდაათიოდე სანტიმეტრის ბოძზე იყო ხელებით მიბმული და ტკივილისაგან მუხლებში იყო მოხრილი.

ზურგი ტრავმირებულია მძიმე საგნით – შესაძლოა მძიმე საგანი მოხვდა ან რაღაც მძიმე საგანს ატარებდა, დაეცა და ამ საგანმა მიაყენა ტრავმა (ვისაც სახარება წაუკითხავს, ყველამ იცის, როგორ მიჰყავდათ უფალი გოლგოთის გზაზე). დაზიანებულია ორივე მუხლი, მარცხენა მუხლი გახეთქილია – წაქცევის კვალი ჩანს. მაჯაზე დიდი ჭრილობაა (არა ხელის მტევანზე, არამედ მაჯაზე). ეს ჭრილობა შეესაბამება იმ სამსჭვალების ზომას, რომლებითაც ჯვარზე მიაჭედებდნენ ხოლმე ადამიანებს რომის იმპერიაში. ჭრილობა უშუალოდ უფლის სამსჭვალის ზომისაა, კუთხოვანი ფორმა აქვს.
**
რაც შეეხება უშუალოდ ჯვარცმას: როდესაც მეომრები მივიდნენ წვივების გადასამტვრევად, აღმოჩნდა, რომ მაცხოვარი უკვე გარდაცვლილიყო, მის მარჯვნივ და მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკები კი – არა. თუ რატომ გარდაიცვალა მაცხოვარი ადრე, ამასაც თავისი ახსნა აქვს. საქმე ისაა, რომ მაცხოვარი ორჯერ დაისაჯა და ფიზიკურად ძალიან იყო დასუსტებული. გვახსოვს მისი მძიმე განცდები გეთსიმანიის ბაღში – სისხლის წვეთები ჩამოსდიოდაო ლოცვის დროს ოფლის მაგივრად, – ვკითხულობთ სახარებაში. მედიკოსებმა იციან, რომ როცა ადამიანი ძლიერ განცდებშია, პერიოდულად კაპილარები წყდება და ოფლთან ერთად სისხლიც მოჟონავს სხეულიდან. ეს ძლიერ ფიტავს ადამიანს და ძალზე მტკივნეული ხდება კანი. გარდა ამისა, უფალს შეურაცხყოფდნენ, ურტყამდნენ, ამავე დროს, იგი ღამენათევი იყო და ნაპატიმრალი – მთელი ღამე მეფესთან და პილატესთან დაატარებდნენ დაკითხვებზე, სცემდნენ, დასცინოდნენ. პილატეს არ სურდა მისი დასჯა და იფიქრა, თუ მას დავსჯი გამათრახებით, იქნებ ხალხს გული მოულბეს და სიკვდილით აღარ დასაჯონო; რომაული სამართლის მიხედვით, ადამიანს ორჯერ არ სჯიდნენ, დამნაშავე ისჯებოდა ერთი სასჯელით. მაგრამ პილატე მოტყუვდა, – გამძვინვარებული ხალხის გული არ მოლბა და მიუხედავად ისეთი სასტიკი დასჯისა, როგორიც გამათრახება იყო, მაინც გადაუწყვიტა დასჯა…
*
უფლის ჯვარცმას საშინელ ცინიზმთან ერთად თან ახლდა უსასტიკესი ტკივილები… ნუ ვიტყვით, რომ იგი მხოლოდ იუდეველებმა აცვეს ჯვარს, რადგან მის ჯვარცმაში დამნაშავეა მთელი კაცობრიობა, – უფალი მოვიდა ჩვენს გადასარჩენად, ჩვენ კი მოვკალით ცინიკურად, შეურაცხყოფით, საშინელი ტკივილით, საშინელი წამებით… თითოეული ჩვენგანი დამნაშავეა ამაში. თუ ვინმე იტყვის, ჩვენ რა შუაში ვართო, გავიხსენოთ ჩვენი თავი მანამდე, ვიდრე დავიწყებდით სულიერ ცხოვრებას და გავიხსენოთ მას შემდეგ, რაც დავიწყეთ სულიერი ცხოვრება, – აღმოვაჩენთ, რომ უამრავ შემთხვევაში უფლის ერთგულნი არ ვართ, ხშირად ვღალატობთ კიდეც მას – მცნებების დარღვევით, მისდამი უნდობლობით და ა.შ. მეორე მხრივ, უფლის ჯვარცმა არის სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე, ჯვარცმის გარეშე არ იქნებოდა აღდგომა. ეს არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე.

კომენტარები