ტყის ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წლიდან შეშის ყიდვა მხოლოდ ე.წ. საქმიანი ეზოებიდან იქნება შესაძლებელი

ტყის ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა აღარ იარსებებს. მოქალაქეები სპეციალური ბილეთის საფუძველზე ტყეში შესვლასა და შეშით უზრუნველყოფის მიზნით ხე-ტყის დამზადებას ვეღარ შეძლებენ.

ახალი კოდექსით ხე-ტყის რეალიზაცია ე.წ. საქმიანი ეზოებიდან მოხდება, რომელსაც სატყეო სააგენტო შექმნის, ხე-ტყეც უწყების მიერ დამზადდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით:

ცვლილებების მიუხედავად, მოქალაქეებს შეშის მიღება იმავე ფასად შეეძლებათ, რამდენსაც ამისთვის ახლა ხარჯავენ.

დღეს მოქმედი ნორმებით დაბლობში დასაშვებია შვიდი კუბური მეტრი საშეშე მერქნული რესურსით სარგებლობა, მაღალ მთაში კი, – 15 კუბური მეტრი.

მოსახლეს ერთი კუბური მეტრი შეშის მოპოვება საშუალოდ 100-150 ლარი უჯდება. ჩვენი გათვლებით, ე.წ. სოციალური ჭრის აკრძალვის შემდეგ, ფასთა სხვაობა აღარ იქნება. დღეს რასაც იხდის საშუალოდ მოსახლე შეშაში, იგივე თანხის გადახდა მოუწევს. ასევე გარკვეული შეღავათები იმოქმედებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები საშეშე მერქნით უფასოდ მომარაგდებიან.

ახალი კანონი რეგიონებში ამ მიმართულებით დასაქმების ახალ შესაძლებლობებსაც იძლევა. სატყეო-სამეურნეო საქმიანობის გარდა, შესაძლებელი იქნება ტყით სარეკრეაციო მიზნებისთვის სარგებლობა, ასევე პლანტაციური მეურნეობით სარგებლობა.

ტყის მართვაზე უფლებამოსილ ორგანიზაციას – სატყეო სააგენტოს დაევალება შექმნას ე.წ საქმიანი ეზოები, სადაც მოხდება უწყების მხრიდან ხე-ტყის დამზადება და შემდეგ სწორედ ამ ეზოებიდან რეალიზაცია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან „საქმიან ეზოებში” დასაქმდებიან და ხე-ტყის დამზადებაში ჩაერთვებიან სწორედ ის ადამიანები, ვისაც დღესაც რეგიონებში ეს ფუნქცია აქვთ შეთავსებული. ჩვენი გეგმაა, ვიდრე ხე-ტყის დამუშავებას სახელმწიფო სრულად გადმოიბარებს, ამ მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის უნარ-ჩვევები ამაღლდეს.

კანონპროექტი დაამკვიდრებს ტყის ახალი, მდგრადი მართვის სისტემას. დაარეგულირებს ტყის მოვლის, აღდგენის, მართვის, ინვენტარიზაციის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც აქამდე არ რეგულირდებოდა. ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წელს სრულად აიკრძალება სოციალური ჭრების პრაქტიკა. 2023 წლამდე კი, ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება საქმიანი ეზოების შექმნა, რათა ტყის მართვაზე პასუხისმგებელმა ორგანომ თავის თავზე აიღოს სატყეო სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება, როგორც საშეშე მერქნული რესურსის დამზადება, ასევე, მასზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სოციალურად დაუცველი მოსახელობისთვის მუშავდება გარკვეული მექანიზმები, რათა მათთვის საფასურის გადახდის გარეშე გახდეს რესურსი ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ახალი კოდექსი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს და ამ პროცესში ადგილობრივების დასაქმება პრიორიტეტული საკითხია“.

კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსი“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. საკითხი სხდომაზე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

კოდექსის, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, ძირითადი ნაწილის ამოქმედება 2021 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.

კომენტარები