უგანდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მთის გორილის მკვლელს 11-წლიანი პატიმრობა

უგანდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მთის გორილის, რაფიკის მკვლელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.  სასამართლომ მონადირე ფელიქს ბაიამუკამა დაცულ ტერიტორიაზე შესვლასა და ცხოველი მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. მამაკაცი ამტკიცებდა, ტყვეში სხვა ცხოველებზე სანადიროდ შევიდა, გორილა მას თავს დაესხა და თავდაცვის მიზნით მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.

რაფიკის მკვლელობის შესახებ ივნისში გახდა ცნობილი. უგანდაში მცხოვრები ცნობილი გორილა სახელად რაფიკი მონადირეებმა მოკლეს. ეს ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა. უგანდის ველური ბუნების სამსახურმა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავა, რომელმაც აღიარა,  სამ მონადირესთან ერთად სხვა ცხოველებზე ნადირობდა, გორილა  თავს დაესხა და თავდაცვის მიზნით მოკლა. ოთხივე მონადირე დააკავეს.

ვერცხლისფერზურგიანი მთის გორილა (Gorilla beringei beringei) გადაშენების პირას მყოფი სახეობაა.

„ეს ძალიან დიდი დარტყმაა“, – ასე გამოეხმაურა უგანდის ველური ბუნების სამსახური (UWA) რაფიკის სიკვდილს.

უგანდაში ათასამდე მთის გორილაღაა შემორჩენილი. რაფიკი დაახლოებით 25 წლის იყო, 17 მაიმუნს წინამძღოლობდა.

მთის გორილები გადაშენების პირას მყოფი ცხოველები არიან. დედამიწაზე ამ სახეობის ათასზე ოდნავ მეტი წარმომადგენელია დარჩენილი.

კომენტარები