უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული
უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლის აღინიშნება ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში. აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს.
დღესასწაულზე ზუგდიდში მოსალოცად მრევლი ჩადის როგორც საქართველოს ეპარქიებიდან, ასევე უცხოეთიდან.
კვართი, მარიამმა დაუტოვა მიძინების წინ მის მომვლელ ერთ-ერთ ქალწულს და სთხოვა, სიკვდილის მოახლოებას რომ იგრძნობდა, ისევ ვინმე კეთილმორწმუნე ქალწულისათვის გადაეცა მოსავლელად. ასე გადაეცემოდა თაობიდან თაობას ეს უდიდესი სიწმინდე. ამის შესახებ შეიტყვეს პალესტინაში მოსალოცად ჩასულმა ძმებმა, იმპერატორთან დაახლოებულმა პირებმა, გალბიუსმა და კანდიდმა. მათ წამოაბრძანეს კიდობანი ამ საოცარი სიწმინდით და კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.
468 წლის 2 ივლისს სამოსი ახალ კიდობანში გადააბრძანეს. კიდობანში, ასევე, ჩააბრძანეს ღვთისმშობლის ომოფორი და სარტყლის ნაწილი. ახალი კიდობანი პატივით გადააბრძანეს ვლაქერნის მონასტერში.
ჯვრის მონასტრიდან წამოსულმა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა მონასტერში დაცული სიწმინდეები საქართველოში, სამეგრელოში, ჩამოაბრძანა – ნიკოლოზი ლევან II დადიანის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში, კორცხელის მონასტრის წინამძღვრობა რომ ეტვირთა.
მეორე ვერსიის მიხედვით, კვართი ხატმებძოლთა ერესისათვის გამოურიდებიათ. მერვე საუკუნიდან ინახება ქართულ მიწაზე, სადადიანოში. დასავლეთ საქართველოში – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – მცხეთაში მაცხოვრის კვართი.
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა 1990 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა და ყოველი წლის 15 ივლისს აღინიშნება.
ვლაქერნა ეწოდებოდა ძველად სტამბოლის მხარეს, რომელიც მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთ განაპირას.