უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობა, სავარაუდოდ, არსებობს – საფრანგეთის შს მინისტრი

“დღეს არის ძალიან დიდი ზრდა თავშესაფრის მაძიებელთა, ასევე, ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან დიდი მოთხოვნა მომსახურებაზე”, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფერ კასტანერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციისას მას ერთ-ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა კითხვით მიმართა – რამ შეიძლება, საფრანგეთი აიძულოს, რომ გადახედოს უვიზო მიმოსვლას და როგორია საფრანგეთის პოზიცია საქართველოს ემიგრაციასთან დაკავშირებით.
„შეჩერებაზე არ მისაუბრია, რადგან თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ ეს შესაძლებლობა, სავარაუდოდ, არსებობს. დღეს არის ძალიან დიდი ზრდა თავშესაფრის მაძიებელთა, ასევე, ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან დიდი მოთხოვნა მომსახურებაზე. მადლობა მინდა, ვუთხრა საქართველოს, რომ თანამშრომლობს ჩვენთან ამ კუთხით და ეს საკითხები, ჯერჯერობით, არ დგას“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
კრისტოფერ კასტანერის თქმით, 2017 წლიდან ძალიან შესამჩნევი გახდა თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობის ზრდა.
„2017 წლიდან ძალიან შესამჩნევი გახდა თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობის ზრდა – ერიტრეა, ჩრდილოეთ აფრიკა, სუდანი – ამ ქვეყნებიდან ძალიან დიდია თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა. ერთგვარად შეურაცხმყოფელია საქართველოსთვისაც თავშესაფრის მომთხოვნთა ასეთი ნაკადი. ამიტომ, როგორი წარმომავლობისაც უნდა იყოს ქვეყანა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა განხილული უნდა იყოს ცალკე, როგორ შეიძლება, თითოეულმა ადამიანმა საკუთარი ინტერესების მიხედვით გამოიყენოს თავშესაფრის მოთხოვნის პრინციპი“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.
მისი თქმით, ამ საკითხებზე შესაბამისი მუშაობაა საჭირო.
„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს საკითხი და წვდომა შენგენის სივრცესთან. თუ ამაზე არ ვიმუშავეთ, ხვალ შეიძლება, საქართველოსაც შეეზღუდოს თავისუფალი წვდომა ევროპასთან და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ღრმა თანამშრომლობა ამ საკითხებზე. კონკრეტულად ინფორმაციის გაცვლის კუთხით თანამშრომლობა, ასეთი ორმხრივი თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერს გახდის ორივე მხარის მუშაობას. ძალიან დიდი ზრდა გვაქვს, დღესდღეობით, დანაშაულის თვალსაზრისით“, – აღნიშნა კრისტოფერ კასტანერმა.

კომენტარები