„უკანონო პატიმრობაში, ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით, სახელმწიფო ინტენსიურად მუშაობს ყველა“-თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა:

-„საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის და მისი უმძიმესი შედეგების გამო, სახეზეა დღეს ძალიან უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები.

უკანონო პატიმრობაში, ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით, სახელმწიფო ინტენსიურად მუშაობს ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისი ინსტრუმენტის გამოყენებით.

ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემა იყო უმთავრესი, როგორც მარტის ბოლოს გამართული ინციდენტებისა პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში. უკანონო დაკავებების საკითხი ნამდვილად რთულია, ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მაქსიმალურ ძალისხმევას, ვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას“.

5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

კომენტარები