უკრაინელი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის სახელიც ფიგურირებს – უკრაინული მედია

უკრაინელი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის სახელიც ფიგურირებს.

დამოუკიდებელი დეპუტატის, ანდრეი დერკაჩის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშნეკოს ხმებთან მიმსგავსებული ადამიანები საუბრობენ.

უკრაინის გენერალურ პროკურატურას დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა აუდიო ჩანაწერები გადასცა. ჩანაწერეს თან ახლავს კანონმდებლის განცხადება სახელმწიფო ღალატის შესახებ.

უკრაინელი დეპუტატის მტკიცებით, „ეს საუბრები ადასტურებს საერთაშორისო კორუფციის ფაქტებს და სახელმწიფო ღალატს უმაღლეს დონეზე.

აღნიშნული საუბრები 2015-2016 წლებში მიმდინარეობდა. ჩანაწერები გამომძიებელი ჟურნალისტებისგან მიიღო.

მედიის ინფორმაციით, საუბარი ეხება უკრაინის ყოფილი პროკურორის, ვიქტორ შოკინის გათავისუფლების მოთხოვნას, რომელიც, როგორც დონალდ ტრამპის ადვოკატი რუდი ჯულიანი ამტკიცებს, უკრაინის ხელისუფლებამ ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ წამოწყებული გამოძიების გამო დაითხოვა.

ჩანაწერში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ხმასთან მიმსგავსებული ადამიანი ფაქტობრივად ითხოვს პოროშენკოსგან უკრაინის ყოფილი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

„მე ამაყი ვარ, როგორც შევთანხმდით თქვენთან და თქვენს იუსტიციის სამინისტროსთან და თქვენი საელჩოს ბიჭებთან. გენერალური ინსპექციის ოფისი ჩამოყალიბებულია. მას უწევს კოორდინაციას არა გენერალური პროკურორი, არამედ გენერალური პროკურორის მოადგილე, ბატონი საყვარელიძე, როგორც ჩვენ შევთანხმდით, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან და ელჩთან“, – აცხადებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პორშნეკოს ხმით მოსაუბრე ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, ამ აუდიოჩანაწერების ავთენტურობა არც უკრაინის პროკურატურას და არც დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჯერ არ დაუდასტურებია.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ უკრაინელი დეპუტატი, რომელმაც სკანდალური ჩანაწერები პროკურატურას გადასცა, 2019 წელს კიევში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატ რუდი ჯულიანის, რომელიც ამ დროს ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენისა და უკრაინული კომპანია „ბურისმას“ საქმიანობას იძიებდა.

ჰანთერ ბაიდენი 2014 წელს უკრაინული კომპანიის მმართველთა საბჭოში დანიშნეს.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, პოროშენკო და ბაიდენი განიხილავდნენ უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის ვიკტორ შოკინის გადაყენებას, სანაცვლოდ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან 1 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას პირდება.

ერთ-ერთ ჩანაწერში საუბარი ეხება უკრაინულ კომპანია „ბურისმას“, რომელშიც მმართველ თანამდებობას ჯო ბაიდენის შვილი იკავებდა.

დამოკიდებელი ექსპერტიზის დასკვმა აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჯერ არ გამოქვეყნებულა.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ დეპუტატ ანდრეი დერკაჩის მიმართვის საფუძველზე გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.

ამ საქმეს უკავშირდება აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურაც. შეგახსნებთ, რომ „დემოკრატებმა“ ტრამპის იმპიჩმენტის ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ უკრაინის პრეზიდენტზე განხორცილებული ზეწოლა დაასახლეს. საუბარია სატელეფონო მოლაპარაკებებზე, რომელიც მოგვიანებით გასაჯაროვდა და სადაც ტრამპი რამდენჯერმე ეუბნება უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, დაინტერესდეს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საქმით.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი არ შედგა, რადგან სენატში ტრამპის მხარდამჭერი „რესპუბლიკელები“ უმრავლესობას წარმოადგენენ და მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უარყვეს ისე, რომ ამ საქმეზე მოწმეების დაკითხვაც არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ჯო ბაიდენი არის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც „დემოკრატიული პარტიიდან“ გაუწევს მეტოქეობას მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

 

 

კომენტარები