უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა   რუსული ტანკერი დააკავა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო პროკურატურამ  რუსული ტანკერი NEYMA დააკავეს. ტანკერი ქერჩის სრუტეში უკრაინულ სამხედრო გემებს გზას უკეტავდა. ამ ინფორმაციას  უკრაინული მედია ავრცელებს.

„უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 24 ივლისს იზმაილის პორტში რუსული დროშის ქვეშ შევიდა ტანკერი NIKA SPIRIT. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნომრით ის იდენტიფიცირებულია როგორც ტანკერი NEYMA, რომელიც ქერჩის სრუტის გადაკეტვისას გამოიყენებოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა, სამხედრო პროკურორებმა და მესაზღვრეებმა დაკავებულ გემზე უკრაინის სასამართლოს მიერ სანქცირებული საგამოძიებო ქმედებები ჩაატარეს – ამოიღეს დოკუმენტაცია, საბორტო ჟურნალები, ჩაატარეს ჩხრეკა, დაკითხეს ეკიპაჟის წევრები. ტანკერი ნივთმტკიცებად არის აღიარებული“, – განაცხადეს უწყებაში.

რუსმა მესაზღვრეებმა უკანონოდ, ტანკერ NEYMA-ს გამოყენებით უკრაინულ სამხედრო გემებს ქერჩის სრუტეში გზა ჩაუკეტეს.  ამ ინციდენტთან კავშირის დაფარვის მიზნით მას სახელი შეუცვალეს და NIKA SPIRIT-ი დაარქვეს.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ხომალდებმა ყირიმის ნახევარკუნძულთან ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამ გემს . უკრაინა მომხდარს აგრესიის აქტად მიიჩნევს.

 

კომენტარები