უკრაინული ეკლესიის საპატიო პატრიარქი ტომოსის მიღებაზე უარს ამბობს
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი ამბობს, რომ არ ეთანხმება ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს, ვინაიდან მიღებამდე დოკუმენტის შინაარსი მისთვის უცნობი იყო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფილარეტმა უკრაინული ინტელიგენციის ფორუმზე განაცხადა.
„ჩვენ ამ ტომოსს არ მივიღებთ, ვინაიდან მისი შინაარსი არ ვიცოდით. ტომოსის შინაარსი რომ გვცოდნოდა, 15 დეკემბერს ავტოკეფალიას მხარს არ დავუჭერდით. ჩვენ ერთი დაქვემდებარებიდან მეორეში გადასვლა არ გვსურს. მოსკოვის საპატრიარქო მოსკოვის ინტერესებს ემსახურება, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – ბერძნებს. ვინ უნდა ემსახუროს უკრაინას?“ – განაცხადა ფილარეტმა.
მისივე თქმით, უკრაინული ეკლესია მოსკოვისა და კონსტანტინეპოლისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.
2018 წლის ნოემბრის ბოლოს კონსტანტინეპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება სტამბოლში გამართული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღეს.
11 ოქტომბერს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის შეიქმნება. პასუხად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან.
კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.
15 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინეპოლის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღიარების ტომოსი 6 იანვარს გადასცა.