უმაღლესი სასწავლებლებისთვის სწავლა 19 ოქტომბერს განახლდება – რეკომენდაცია, იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება

-„უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, – იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ, სადაც შესაძლებელი არაა, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ლაბორატორიებში ჩაატარონ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, – როცა ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს. ისეთი, როგორიცაა სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით, განათლების მიმართულება, მაქსიმალურად იქნას დაცული. განათლების სამინისტროს აქვს მიცემული შესაბამისი დავალებები უსაფრთხოების სტანდარტი უმაღლეს დონეზე რომ იყოს დაცული სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც.

უმაღლესი სასწავლებლებისთვის სწავლის რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალაში რჩება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.

აჭარაში 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 189 იყო), იმერეთში – 104 (გუშინ 150 იყო); სამეგრელო ზემო-სვანეთი – 57 (გუშინ 3 იყო); ქვემო ქართლში – 44; შიდა ქართლში – 21; კახეთსა და გურიაში – 13. მცხეთა მთიანეთი – 11; სამცხე ჯავახეთი – 3, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმს, იქ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები