„უნდა ვერიდოთ უმოქმედობას, სიზარმაცეს და ინდიფერენტიზმს. ის, რომ ადამიანი უნდა წავიდეს ეკლესიაში და არ მიდის; ის, რომ იცის, უნდა ეზიაროს და არ ეზიარება“- დეკანოზი მამა გიორგი

-„ბედნიერებისთვის ბევრი ლოცვაა საჭირო.
მიწიერი ცხოვრებით გართული ადამიანები, სიმშვიდის ნატვრისას უმეტესწილად სიზარმაცესა და უმოქმედობას გულისხმობენ ისე, რომ შეიძლება ამას ვერც კი აცნობიერებენ. არადა სინამდვილეში ის მადლია, რომელშიც ქრისტესმიერი სიმშვიდე უნდა ვიგულისხმოთ. ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება ბრძოლის ველზე დგომას ჰგავს, მეომარს, რომელსაც არასდროს უნდა ჩაეძინოს, რათა საფრთხე არ გამოეპაროს. ადამიანის ცხოვრება მადლის მიღებისთვის ბრძოლაა. ღმერთი თითოეულ ადამიანს ბევრ სიკეთეს და სიხარულს უმზადებს, რომლის მისაღებად ლოცვა, შრომა, ზიარება და ეკლესიური საიდუმლოებების აღსრულებაა საჭირო.
უმოქმედობა, ინერტულობა-უნდა ვერიდოთ ამ მცონარებებს – სიზარმაცეს, უმოქმედობას. ზოგს ჰგონია, რომ ეს არის სიმშვიდე, განყენებული მდგომარეობა, ვაკუუმის შექმნა იმ დროში, რომელიც მას მიეცა ღვთისგან. ამ შხამიან “მცენარეებს” უნდა ვერიდოთ, რადგან ეს სულს წამლავს. უმოქმედობა – ეს არ არის სიმშვიდე, სიმშვიდე კი არ არის უმოქმედობა. ის, რასაც მორწმუნე ეძახის სიმშვიდეს, სიწყნარესა და მშვიდობას, სულ სხვა რამეა. მორწმუნე ამ სიტყვებში ქრისტესმიერ სიმშვიდეს გულისხმობს. მორწმუნის მშვიდობა არის აღჭურვილი კეთილი საქმეებით, ლოცვით, მარხვით, სულიერი სიბრძნითა და სულიერი ენერგეტიკით. ურწმუნო რასაც სიმშვიდეს ეძახის, ის დროის კარგვა და სიზარმაცეა. ამიტომ უნდა ვერიდოთ უმოქმედობას, სიზარმაცეს და ინდიფერენტიზმს. ის, რომ ადამიანი უნდა წავიდეს ეკლესიაში და არ მიდის; ის, რომ იცის, უნდა ეზიაროს და არ ეზიარება; ის, რომ ადამიანმა სიკეთე უნდა გააკეთოს და გადადებს, არ გააკეთებს, ძალიან დიდი ცოდვაა.
ბოროტების ქმნა ადვილია, სიკეთის ქმნას კი ძალისხმევა სჭირდება. ცუდი საქმეებით დაკავება დღის განმავლობაში ძალიან მარტივია, კარგი საქმეების კეთება – ისევ და ისევ ძალისხმევაა. ღმერთმა რა დროც მოგცა, ეს დრო ღვთის დიდებასა და ერის კეთილდღეობაში უნდა დახარჯო. სიკეთის კეთება ნიშნავს იმას, რომ ნაკლები დრო დაგეხარჯება სიზარმაცისთვის. ის ბედნიერება, რომელიც შენ გინდა, მიიღო, აუცილებლად მოვა. ქრისტეს გარეშე თუ გინდა, ვერ მიიღებ. ბედნიერება მხოლოდ მიწიერი სამუშაოს შესრულებით არ მოვა. რაც უნდა ბევრი ფული დააგროვო, ბედნიერებას მაინც ვერ იპოვი. ეს სულ სხვა რამ არის. ბედნიერების და მადლის მისაღებად ბევრი ლოცვაა საჭირო.
ყველაზე ძლიერი უფლისადმი და ღვთისმშობლის მიმართ ლოცვაა. უფალს ბევრი სიხარული და ბედნიერება აქვს ჩვენთვის გამზადებული, რომელსაც აუცილებლად დავიმსახურებთ, თუ მისთვის ვიცხოვრებთ.
ღვთაებრივ შეწევნა-ეს არის მადლის გადმოსვლა, ადამიანში შემოდის მადლი. ეს კი აღსარებით, ზიარებით, ლოცვებით მიიღწევა. მადლი ყველა ადამიანზე ერთნაირად გადმოდის. სარდაფში რომ ჩავიკეტოთ, მზის ამოსვლას და ჩასვლას ვერასდროს გავიგებთ. ვინმემ რომც გვითხრას, მზე ამოდის და ჩადისო, არ დავუჯერებთ. მაშინ დავიჯერებთ, როცა სარდაფიდან ამოვალთ და ჩვენი თვალით დავინახავთ ამ ყველაფერს. ესე იგი, თუკი ჩვენ გვინდა, მივიღოთ მადლი, ჩვენი მხრიდან თანხმობა და ძალისხმევაა საჭირო.
ქრისტე იმხელა მეოხია, ღვთისმშობელი იმხელა მადლს გვაძლევს, რომ ჩვენგან დანაშაულია სულდახშულ მდგომარეობაში ყოფნა. მაშინ, როცა ბოროტებას და სიკეთეს შორის ბრძოლა გამძაფრებულია, მთვარეულის როლში ყოფნა, ძილი დანაშაულის ტოლფასია. მადლის მიღებას დახვედრა უნდა. მადლი ყოველთვის მოდის, მაგრამ მოსვლა ერთია და დახვედრა და მიღება – მეორე. აუცილებელია შესაბამის მდგომარეობაში მოვიყვანოთ ჩვენი სულიერი ნიადაგი. იმისთვის არ ვართ გაჩენილები, რომ ამაო საქმეებზე ვიზრუნოთ. წმინდა წერილი მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან აუცილებლად გამოვიჩინოთ აქტიურობა. “ითხოვდეთ და მოგეცეთ”, – გვასწავლის უფალი. შევამკოთ ჩვენი ცხოვრება მეტი სულიერი საქმეებით, სიკეთით, ზრუნვით სულის გადასარჩენად. მაშინ აუცილებლად მოვა ღვთაებრივი შეწევნა.
შინაგანი მდგომარეობის მოწესრიგება, მადლის მისაღებად მის მომზადება – ეს არის ერთ–ერთი უმთავრესი რამ, როგორც წმინდა მამები ამბობენ, მისი ეკლესიური ცხოვრების, მისი სულიერი გადარჩენის საკითხი. პროცესი შინაგანი მოწესრიგებისა, სხვა არაფერი არ არის, თუ არა ეკლესიური ცხოვრება.
ავიღოთ არამორწმუნე ადამიანი, რომელიც არის უბრალოდ ინტელექტუალი მშრომელი, სულიერი ინტერესების მქონე: აინტერესებს ხელოვნება, შემოქმედება, ეძებს ინტელექტუალურ საზრდოს და იღებს კიდეც. არის მეორე ადამიანი – გარეგნული, ფიზიკური შრომით მცხოვრები. მისი მუშაობა გარედან უფრო ჩანს. დავუშვათ, სპორტით არის დაკავებული… ადამიანს პროპორციების დაცვა მოეთხოვება, სულიერი ცხოვრება უნდა უსწრებდეს ფიზიკურ ცხოვრებას. შინაგანი წესრიგი არის მთავარი.
ადამიანმა საკუთარი თავის მიმართ ყურადღება უნდა გამოიჩინოს. უნდა გააცნობიეროს, თუ რას მიაქციოს ყურადღება. ის რომ ეკლესიურ ცხოვრებას დაიწყებს, მის წინაშე სრულიად სხვა სამყარო გადაიშლება. ეზიარება ღვთის ნათელს და მისი თვალები სრულიად სხვანაირად აღიქვამს რეალობას. რაც მისთვის ადრე იყო საყურადღებო და მნიშვნელოვანი, მერე ფასეულობას დაკარგავს. სულიერი, ეკლესიური განვითარებაც ბრძოლაა. ქრისტიანები არიან მეომრები, რომლებიც სულ ყურადღებით უნდა იყვნენ. თუ ყურადღებით არ იქნები, საფრთხეს ვერ გაუმკლავდები. ამავე დროს მისაწვდომი გახდები ყოველგვარი ბოროტის თავდასხმებისთვის. ხომ არ შეიძლება, მეომარმა დაიძინოს ბრძოლის ველზე? რაღაც აუცილებლად დაემართება. მორწმუნეც ფხიზლად უნდა იყოს, სულიერ ვნებებს უნდა გაუმკლავდეს. თუკი ადამიანმა ყოველივე სიბინძურე, რაც კი არსებობს, გონებაში შეუშვა, მაშინ უკვე ცუდად ექნება საქმე.
ადამიანი მუდმივ ბრძოლაშია. ერთი ჩასუნთქვით კარგ საქმეს აკეთებს, მეორეთი – ისევ ცოდვას ჩადის. ამიტომ მტვერდადებული სული მუდმივ გასუფთავებას საჭიროებს. ეს უწყვეტი პროცესია.
მომავლისთვის კი ვილოცოთ“.
იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი (სხირტლაძე)
კომენტარები