უნივერსიტეტებში ფინალური გამოცდები ძირითადად შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე, უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული ფორმატისა და განრიგის მიხედვით ჩატარდება

-„უმაღლესი სასწავლებლების მიერ, შეფასების მექანიზმი სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე განისაზღვრა. ფინალური გამოცდები ძირითადად შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე, უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული ფორმატისა და განრიგის მიხედვით ჩატარდება.

საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმებით, ინდივიდუალური გრაფიკით მოხდება.

აღსანიშნავია, რომ ის სასწავლო კურსები, რომლებიც პრაქტიკულ კომპონენტსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს მოიცავს, ინტენსიურ რეჟიმში საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნებისას ჩატარდება“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მის მიერ მიცემულ რეკომენდაციას სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ამიტომ, უნივერსიტეტების მიერ, სტუდენტებისთვის, სემესტრის ფარგლებში, შეთავაზებულია გადახდის მოქნილი, ინდივიდუალური გრაფიკი ან/და, სწავლის გადასახადი გადავადებულია.

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრულ გრანტებს, სტიპენდიებსა და პროგრამულ დაფინანსებას, სამინისტრო გადარიცხვის პროცედურებს შეუფერხებლად უზრუნველყოფს.

 

კომენტარები