უფლებადამცველის მიერ ციხეში დაწერილი ანგარიში, სააკაშვილის რეჟიმის პენიტენციური სისტემის შესახებ:

პოლიტპატიმრის თვალით დანახული სააკაშვილის რეჟიმის პენიტენციური სისტემა…  ეს ანგარიში მე, პოლიტპატიმარმა ზაზა დავითაიამ 2006-2008 წლებში საკანში დავწერე, როცა ჯალათური სისტემა ინერციას იძენდა… საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, ნაშრომი გაეგზავნა საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის. ვფიქრობ, ფართო საზოგადოებას დააინტერესებს ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე და საკუთარ თავზე გამოვცადე. წაიკითხეთ და შეადარეთ დღევანდელ მდგომარეობას!”

იწყებს თხრობას ყოფილი პოლიტპატიმარი, ზაზა დავითაია, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის საპყრობილეში ოთხნახევარი წელი (2006-2011) გაატარა:

„საერთაშორისო ამნისტიას“.
„ჰიუმან რაითს ვოტჩს“
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციას (YGFM-ს).
საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და წარმომადგენლობებს.
საქართველოსა და უცხოეთში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.
მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანებს
ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებათა დამცველის, ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი თვითმხილველის, სინდისის პატიმარ ზაზა დავითაიას ანგარიში _ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც ორ დაწესებულებაში (#6 რუსთავის ციხესა და #2 რუსთავის კოლონიაში) არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვების შედეგად დაიწერა.
შენიშვნა: რუსთავის #6 ციხეში ვიმყოფებოდი 2006 წლის 8 სექტემბრიდან _ 2008 წლის 26 თებერვლამდე.
  რუსთავის #2 (ამჟამად, მე-17 დაწესებულება)კოლონიაში ვიმყოფები 2008 წლის 26 თებერვლიდან _ დღემდე.(ანგარიში დაწერილია პატიმრობის პერიოდში)
P.შ. ანგარიშის დასრულების თარიღია 2009 წლის 15 თებერვალი
/ზაზა დავითაია/

სამედიცინო პრობლემები.

გადატვირთულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამ მხრივ მეტად რთული მდგომარეობაა,რამეთუ ჯანმრთელობის შენარჩუნება არამცთუ პატიმარს, თავისუფალ მოქალაქესაც უჭირს, თუმცა პატიმარი ამ მხრივ განსაკუთრებით უსუსურია, რადგან ხშირად სიკვდილს თვალებში უყურებს და იცის, რომ საშველი და თანადგომა არსაიდან ჩანს. #6 რუსთავის ციხის სანიტარულ ნაწილში დაპატიმრებისთანავე მოვხვდი, რადგან შიმშილობა გამოვაცხადე, რომელიც ჯერ 43 დღე, მცირე რეაბილიტაციის შემდეგ კი, განმეორებით 20 დღე გრძელდებოდა. იქ აუტანელი მდგომარეობაა და მომაკვდავი პატიმრები იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაირჩინონ და როგორმე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდნენ, რადიკალურ ზომებს იღებენ: ყლაპავენ კოვზებს და სხვა ნივთებს, მუცელში წვეტიან ლითონის ღეროებს იყრიან, ისერავენ ვენებს, რათა მათი გადაყვანა გარდაუვალი გახდეს, მაგრამ ამის მიუხედავად მათ იმ პრობლემებს არავინ უგვარებს, რისთვისაც თავს ზიანი მიაყენეს. იქ მოქმედებს პრინციპი: მთავარია პატიმარი არ მოკვდეს და არავინ დარდობს, თუნდაც „ცოცხალ-მკვდარ“ მდგომარეობაში რომ იყოს. . .
უზარმაზარ ციხეს მხოლოდ ორი მორიგე ექთანი ემსახურება, რომლებიც ღამღამობით ვეღარ აუდიოდნენ მაღალწნევიანი პატიმრებისათვის აბების დარიგებას. მოგეხსენებათ, ციხეში განსაკუთრებით მატულობს ნერვული და გულ-სისხლძარღვოვანი სნეულებები, რადგან მომატებულია სტრესული ფონი. იყო თვითმკვლელობის შემთხვევები და ამის მცდელობები, რომლებიც პრესაში საერთოდ არ გახმაურებულა, რადგან საგულდაგულოდ მალავს ადმინისტრაცია. პალატა-კამერებში მტვრის ბუდე და აუტანელი სიბინძურეა, რადგან დავრდომილი და სნეული პატიმრები სველი წესით დალაგებას ვერ ახერხებენ, ხოლო საამისოდ გამოყოფილი დამლაგებლის შტატი არ არსებობს. ამიტომ მტვერი და მიკრობები ახალი დაავადების და ინფექციების გავრცელებას უწყობს ხელს.
სერიოზული პრობლემაა ტუბერკულიოზი, სისხლისმიერი (B;C) ჰეპატიტები და შიდსი. ხშირია კანის სნეულებები _ განსაკუთრებით მუნი და სოკოვანი ინფექციები. პირადად მე იქ მინახავს ფსიქიატრიული პრობლემის მქონე პაციენტები, რომლებსაც მდგომარეობის გამო საერთოდ არ ეკუთვნოდათ პატიმრობაში ყოფნა.
სერიოზული სამედიცინო პრობლემებია #2 კოლონიაშიც. მართალია, ფუნქციონირებს მცირე საავადმყოფო (ე.წ. „ბალნიჩკა“) მაგრამ იგი სულ რაღაც 35 ადგილიანია, მაშინ, როცა კოლონიაში პატიმართა რაოდენობა 3000 (სამი ათასს) უტოლდება. ამასთან, კოლონიაში უფრო სწრაფად ვრცელდება ვირუსული ჰაერწვეთოვანი ინფექციები, რადგან პატიმრებს ერთმანეთში აქვთ კონტაქტი. საოცარია, მაგრამ აქ იმყოფება რამოდენიმე შიდსიანი პატიმარი, რომელზედაც არ ხორციელდება არანაირი დამატებითი მეთვალყურეობა; ხოლო პირადი ჰიგიენის ნივთების ნაკლებობა და მჭიდრო კონტაქტი პატიმრებში _ ამ მძიმე სნეულების გავრცელების დიდ ალბათობას განაპირობებს.
„ბალნიჩკაზე“ გასასინჯად რომ მოხვდე, საამისოდ უზარმაზარ რიგში უნდა ჩადგე, თუ ისე მძიმედ ხარ ავად, რომ რიგში ვერ დგები, ვერც საავადმყოფოში მოხვდები, ვიდრე დაავადება თვალსაჩინოდ არ გაგირთულდება. არადა, გასინჯვაც ფორმალობაა, იმ პირობებში, როცა ადგილზე არ არსებობს არანაირი დანადგარი: რენტგენი, კარდიოგრაფი, ექო-ს აპარატი, სხვა საჭირო აპარატურა. სხავადსხვა ვიწრო კვალიფიკაციის ექიმები (ონკოლოგები, ნევროპათოლოგები, ოფთალმოლოგები და ა.შ.) რომლებმაც ზუსტი დიაგნოზი უნდა დასვან _ ძალზე იშვიათად მოდიან და მათთან პატიმარი, ვისაც კონკრეტული დიაგნოზი სჭირდება _ ძალზე იშვიათად ხვდება. ზონაში მძვინვარებს ტუბერკულიოზი! ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით სისხლიან ნახველს, რომელიც თავის მხრივ, ინფექციის წყარო ხდება. ცემენტით გაჯერებული ჰაერი ხელს უწყობს ტუბერკულიოზის პროგრესირებას და აგრეთვე ფილტვების სხვა დაავადებების _ სილიკოზების მიზეზი ხდება.
საკვების ერთგვაროვანი რაციონი ავიტამინოზსა და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს, რაც ხელს უწყობს მთელი რიგი დაავადებების ქრონიკული ფორმით აღმოცენებას. აქედან გამომდინარე,

სასჯელაღსრულების სისტემა მთლიანობაში წარმოადგენს სასაკლაოს, სადაც ადამიანი ნელი სიკვდილით კვდება . . .

კოლონიაში თითქმის არ არსებობს მედიკამენტები, არადა, ყოველდღე მასმედიაში ფიგურირებს აზრი, რომ ამ მხრივ პრობლემები გადაჭრილია. არ არის ტკივილგამაყუჩებელი, ჰაერწვეთოვანი ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ხშირად არ მოიძიება ისეთი უმარტივესი აბები, როგორიცაა ვალიდოლი და ანალგინი. ამის გამო, განწირულნი არიან პატიმრები, ვისაც ახლობელი გულშემატკივარი არ ჰყავს, ხოლო ვისაც ჰყავს, იგი წამალს საკუთარი ხარჯებით ყიდულობს და მოაქვს, თუმცა ვინ იცის _ როგორი გაჭირვებით ნაყიდ წამალს _ ადმინისტრაციის ჭირვეულობის გამო კოლონიაში არ უშვებენ . . .
ცალკე საკითხია სტომატოლოგიური პრობლემა. 3000 პატიმრიან კოლონიაში კბილის მკურნალობის ერთადერთი საშუალება _ ექსტრაქცია (ამოღება) არსებობს, რაც პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს, რადგან კალციუმის ნაკლებობის გამო ყველა პატიმარს აწუხებს კბილები, ხოლო მათი ამოღების შემთხვევაში პატიმარი საჭმელს ვერ ღეჭავს და იწყება კუჭ-ნაწლავის დაავადებები. ამის გარდა, ბოლომდე არ არის დაცული ასეპტიკის და ანტისეპტიკის წესები, საჭირო ხელსაწყოების სტერილიზაცია, რადგან ექიმს ხშირად ათობით პატიმრისთვის უწევს კბილის ამოღება, რაც შიდსის, სისხლისმიერი ჰეპატიტის და სხვა სნეულებების გავრცელების საფრთხეს წარმოშობს.
პირადად მე, უკვე ხუთი თვეა ვარ წამების მდგომარეობაში, რადგან ერთდროულად მტკივა რამოდენიმე კბილი, რომლებიც კარიესის გამო ნერვამდეა დასული. ტკივილის გამო ღამეები არ მძინავს და საკვებს დაუღეჭავად ვყლაპავ, რადგან ამოღების შემთხვევაში პრობლემა არ მეხსნება და ჯანსაღ ფესვზე ახალი კბილის დაშენების შანსსაც დავკარგავ. დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემს მდგომარეობაში ასობით პატიმარია!

კვება.

ზოგადად, საკვები _ სასჯელაღსრულების სისტემაში არის ცუდი, თუმცა, უმანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში, ამ ცუდთან მიმართებაში ან უფრო უარესდება ან ოდნავ უმჯობესდება. როგორც ამბობენ, პატიმარს სრულად არ მისდის მისთვის განკუთვნილი საკვების რაციონი და ამ რაციონიდან შედარებით უმჯობესი პროდუქტები, მაგალითად _ ფუნთუშა, სოსისი, კაკაო, კვერცხი და სხვა _ ხშირად გაურკვეველი მიმართულებით უჩინარდება და როგორც ჩანს მავანი ხელს ითბობს ამით. საკვები რაციონის კალორიულობა ძირითადად შეესაბამება სტანდარტს, თუმცა რაციონი ღარიბია ვიტამინებით, ნახშირწყლებით და სხვა აუცილებელი ნივთიერებებით. დილა-საღამოს რიგდება ჩაი, რომელსაც აშკარად აკლია სიტკბო და დაკრავს მწკლარტე გემო. სადილად რიგდება წვნიანი, რომელშიც საეჭვო წარმოშობის და ხარისხის ფარშის ნამცეცები, ან ქათმის დაძენძილი ხორცი, უფრო ხშირად კი _ ქათმის ტყავები ყრია. ასე, ალბათ იმიტომ აკეთებენ, რომ თვალში საცემი არ იყოს დარიგებული ხორცის ნაჭრების სიმცირე, დაწესებულ ნორმასთან შედარებით. პატიმრები ერთმანეთში საუბრობენ, რომ ასეთი გზით დაზოგილი ქათმის და საქონლის ხორცი მავანთა გამდიდრებას ხმარდება . . .
რაციონში საერთოდ არ არის გათვალისწინებული კარაქი და რძის პროდუქტები. ან შესაძლოა გათვალისწინებულიც კია, მაგრამ არ რიგდება. არის შემთხვევები, როცა რიგდება უხარისხო, ხანდახან კი ძველი პური, რომელიც იფშვნება. თევზი რიგდება მოხარშული, თუმცა გაუწმენდავად ხარშავენ და ამიტომ მისი ჭამა ცხელ სეზონზე საშიშია მოწამვლისთვის. შედარებით უკეთესი საჭმელია ოთხშაბათს და პარასკევს, როცა ლობიოს არიგებენ, თუმცა ამ კერძში სჭარბობს წვენი და ნაკლებია მარცვლების რაოდენობა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ანტისანიტარია, რომელიც საკვების დარიგებას ახლავს. სისტემატურად საკვებს თავღიად დაატარებენ და ვიდრე გაანაწილებენ, მას აცვივა მტვერი, კონტაქტშია დაბინძურებულ ჰაერთან და გარემოსთან. ხშირად, მყარი საკვების დარიგებისას, დამტარებელი (ე.წ. „ბალანდიორი“) არ სარგებლობს ჩამჩით, არამედ საკვებს პირდაპირ შიშველი, ხშირად დაუბანელი ხელით ეხება. ამის გამო ხშირად იღებენ მწვავე შენიშვნებს პატიმრებისაგან, თუმცა თავს იმით იმართლებენ, რომ არც ჩამჩას, არც რეზინის ხელთათმანს და მით უფრო თეთრ ხალათს და ჩაჩს _ მათ ადმინისტრაცია არ აძლევს. პატიმრებისთვის ისიც კი უცნობია, საერთოდ გამოყოფილია თუ არა მსგავსი ნივთები და თანხა მათ შესაძენად . . .
საკვები მზადდება ე.წ. „კომბინირებულ ცხიმზე“, რის გამოც დაკრავს ნავთის გემო და გააჩნია ჯანმრთელობისთვის საშიში კვებითი ღირებულება.
აღსანიშნავია, რომ ჩაის დარიგების დროს ხშირად სარგებლობენ მინერალური წყლისთვის განკუთვნილი, ერთჯერადი გამოყენების პოლიეთილენის ხუთლიტრიანი ბალონებით. ამ ბალონში ჩასხმული ცხელი ჩაი იწვევს პოლიეთილენის დნობას და შესაბამისად გამოიყოფა ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს სიმსივნური დაავადებების აღმოცენებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ინტოქსიკაციაზე. პატიმრებისთვის უცნობია, გამოყოფილია თუ არა ჩაის დასარიგებელი ჭურჭელი და ასევე ჭურჭელი _ დარიგებული ჩაის საკანში შესანახად. სხვაგვარად, ჩაის დარიგება ჭიქებით შეუძლებელია, რადგან 3000 პატიმრისთვის ეს პროცედურა უზარმაზარ დროს წაიღებდა.
აქვე უნდა ითქვას, რომ პატიმრისთვის განკუთვნილი ჭიქა, თეფში და კოვზი_ ასევე პოლიმერული ნივთიერებებისგან არის დამზადებული და ცხელ საკვებთან, ასევე საკვებში შემავალ სხვადასხვა მჟავებთან და ტუტეებთან მათი შეხება არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. მითუმეტეს, რომ კოვზები, რომლითაც პატიმრები საჭმელს ჭამენ, არის ერთჯერადი დანიშნულების და იმდენად თხელია, რომ ცხელ საკვებში ჩაყოფისას უბრალოდ დნება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!

პაემნები

პირადი პაემანი

საქართველოში პატიმართა განსაკუთრებული სიმრავლის გამო შეუძლებელი ხდება ე.წ. „პირადი პაემნის“ ორგანიზება, რადგან შეუძლებელია ამ პროცედურისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენება და მოწყობა. ამის შედეგია ის, რომ თავისუფლებააღკვეთილ ადამიანებს უფრო მძიმე და დაუმსახურებელი სასჯელის _ ცოლ-შვილთან შეხვედრის უკანონო აღკვეთის _ მოხდა უწევთ. საბოლოოდ, ამის გამო ფერხდება ბუნებრივი გამრავლების პროცესი, რაც შეგნებული გენოციდის ტოლფასია, რადგან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდები იმყოფებიან.
პირადად ჩემთან საუბარში ათობით ცოლშვილიანმა პატიმარმა გამოთქვა შესაძლებლობის შემთხვევაში დამატებით ერთი ან მეტი შვილის გაჩენის სურვილი, ხოლო დაუოჯახებელი პატიმრები მისტირიან რა უქმად დაკარგულ წლებს, დაოჯახებისა და შვილის ყოლისათვის მზადყოფნას გამოთქვამენ…
როგორც სტატისტიკით არის ცნობილი, გაჭირვების მიუხედავად, პატიმართა ცოლები უფრო იშვიათად წყვეტენ ორსულობას ხელოვნურად, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. მით უფრო მძიმე დანაშაულს სჩადის ხელისუფლება, რომელიც ზრდის პატიმართა რაოდენობას და კრძალავს „პირად პაემნებს“.
აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ როდესაც ცოლ-ქმარს არ აქვთ ინტიმი, ისინი ერთმანეთისთვის უცხოვდებიან და მათი ოჯახი ინგრევა . . . პირადად მე შემიძლია მოვიყვანო ასეთი გარემოების მსხვერპლთა ათობით მაგალითი, რომლის მოსმენაც უშუალოდ – მსხვერპლთაგან მომიწია . . .
დაბეჯითებით მინდა განვაცხადო, რომ ნებისმიერი პატიმრისთვის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიუხედავად _ პირადი ინტიმური ურთიერთობის უფლების წართმევა წარმოადგენს წამებას, რის შედეგადაც ადამიანი შესაძლოა თვითმკვლელობამდე ან ფსიქიკურ შეურაცხადობამდე მივიდეს. პატიმრის პრობლემა არ უნდა იყოს, თუ რის გამო ვერ ახერხებს ხელისუფლება მისთვის პაემნის ორგანიზებას. პატიმარმა კუთვნილი უნდა მიიღოს! განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ის პატიმრები, ვისაც მრავალწლიანი ან სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი! რაც მეტად იზრდება პატიმართა რაოდენობა, მით უფრო ნაკლებია „პირადი პაემნების“ ორგანიზების შანსი!

მოკლევადიანი პაემანი

პატიმართა სიმრავლე დაღს ასვამს „მოკლევადიანი პაემნის“ პროცედურასაც. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ უსაშველოდ დიდ რიგში დგომისგან იტანჯებიან პატიმრის ოჯახის წევრები, მცირეწლოვანი ბავშვები. ხშირად, რაიონიდან ჩამოსული ოჯახის წევრები უკან ისე ბრუნდებიან, რომ პაემანზე შესასვლელად რიგი არ უწევთ. საგანგაშო ფაქტია, რომ პატიმართან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ პირდაპირი ნათესავები ანუ _ მეუღლე, მშობლები, შვილები, და-ძმა … სხვა ნათესავს ან მეგობარს არ აქვს პაემანზე შესვლის უფლება. შეზღუდულია პაემანზე შემსვლელი ადამიანების რაოდენობაც, რის გამოც პატიმარი ვერ ახერხებს მისთვის ძვირფასი ყველა ადამიანის მონახულებას, თუნდაც კანონით მისთვის მინიჭებული პაემნების ინტენსივობის მიუხედავად. . .
პატიმართა მრავალრიცხოვნობა განაპირობებს, რომ დადგენილი ერთი საათის მიუხედავად, პაემნის ვადა ხშირად 25-35 წუთით შემოიფარგლება.
შუშით და ლითონის ბადით გამიჯნულ ტალანში მყოფ პატიმრებს შუშის მიღმა მყოფ ნათესავებთან ტელეფონი აკავშირებთ, რომელიც ცუდი სმენადობით გამოირჩევა, საუბრისას თან სდევს შიშინის ხმები. არის შემთხვევები, როცა 10-12 ტელეფონიდან 3-4 არ მუშაობს და ასეთ ტელეფონთან დარჩენილი პატიმრები ახლობლების მხოლოდ მზერით შემოიფარგლებიან ან შუშის ტიხარს მიღმა რომ გააგებინონ _ ყვირიან, რითაც დანარჩენ პატიმრებს ხელი ეშლებათ. სანაცვლოდ, დადებითი მხარეც უნდა აღინიშნოს _ მცირეწლოვანი შვილები უშუალოდ შეყავთ ტიხრის მიღმა და მათ მამებთან შეხების და მოფერების საშუალება ეძლევათ . . . ხშირად, უკვე გაუცხოებული ბავშვები ხმამაღლა ტირიან, მათთვის ნახევრად უცნობი მამიკო ეფერებათ. ასეთი სურათი მძიმე ფსიქიკურ ფონს ქმნის ბავშვებისთვის, რომლებიც მშობელთან დაშორების გამო ისედაც სტრეს-ჯგუფს მიეკუთვნებიან.
პაემანზე შესვლამდე პატიმრების ახლობლებს რიგში დგომის და ჩხრეკის დროს მომსახურე პერსონალი არც თუ იშვიათად მიმართავს უხეშად, მათ შეურაცყოფენ და ამცირებენ, ხოლო ისინი ვერ ეპასუხებიან დ ავერ იცავენ თავის უფლებებს, რადგან შიშობენ, რომ ამით თავიანთ პატიმარ ნათესავს პრობლემას შეუქმნიან. . .

ამანათები.

ამანათის სამსახური მუდმივად პრობლემების საფუძველია, რადგან მისი მუშაობა ძირითადად ადმინისტრაციის ჭირვეულობის მიხედვით განისაზღვრება. მუდამ დავის საგანია შესატან საგანთა ნუსხა. ხშირად, პატიმრის ნათესავი დაიხარჯება, ყიდულობს პროდუქტს, ტანსაცმელს, ნივთებს, რომლის შეტანაც წინა შესვლის დროს ნებადართული იყო და უცებ აღმოჩნდება, რომ რიგი დასახელების ნივთების შეგზავნა ახლახან აიკრძალა. . . თუ ვის მიერ და რის საფუძველზე _ ეს უცნობი რჩება. პატიმრის პატრონს უკან მიაქვს უკანასკნელი კაპიკით შეძენილი ნივთები. . . დაუჯერებელია, მაგრამ ხშირად კრძალავენ ზამთარში თბილი ტანსაცმლის შეტანას და ისეთ ნივთებსაც, როგორიცაა მაგალითად ერთჯერადი საპარსი, კბილის ჯაგრისი და პასტა, ოფლის საწინააღმდეგო ბურთულიანი დეზადორი და სხვა, იმ მოტივით, რომ ეს ნივთები კოლონიის მაღაზიაში იყიდება, თუმცა იყიდება მეტისმეტად ძვირად და არა ის ნივთი, რითიც პატიმარი სარგებლობს. მაგალითად, არ იყიდება „ჟილეტის“ ბრიტვა, სამაგიეროდ იყიდება ორმაგ ფასში „ბიგ“-ის უხარისხო ერთჯერადი საპარსები. . . ამანათებში შესაგზავნი ნივთების ნუსხა შემცირებულია იმ მოტივით, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ამ ნივთების დახმარებით ნარკოტიკების ან სხვა აკრძალული ნივთების შეგზავნის ალბათობა, თუმცა ჯობდა მჩხრეკავთა შტატები გაეზარდათ და ისინი სათანადო აპარატურით აღეჭურვათ, რადგან შესაგზავნი ნივთების ნუსხის შემცირებით ისევ პატიმრები ზარალდებიან და საერთოდ _ პატიმარი არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ პატიმართა მრავალრიცხოვნობის გამო ხელისუფლება მათ მოვლას და უზრუნველყოფას ვერ ახერხებს . . .
რუსთავის #2 კოლონიაში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, რადგან 3000 პატიმარს მხოლოდ ოთხი მიმღები პუნქტი ემსახურება, რის გამოც არის უსაშველო რიგები და ზამთარ-ზაფხულ ცუდი ამინდების ფონზე, თავის ახლობლებთან ამანათის შესაგზავნად რუსთავში ჩამოსული გულშემატკივრები ძვირფას დროს კარგავენ ამ რიგში დგომით.
პატიმართა რაოდენობის ზრდამ განაპირობა შესაგზავნი დასაშვები ნივთების რაოდენობის (მაგ: საცვლების) და ხილის წონის შეზღუდვა, რადგან ბევრის ჩხრეკას მეტი დრო და პერსონალი სჭირდება. შედეგად, ისევ პატიმრები ზარალდებიან. რიგში მდგომ პატიმართა გულშემატკივრებს პერსონალი არცთუ იშვიათად _ უხეშად ეპყრობა. პატიმრებთან ერთად ისჯებიან მათი ნათესავებიც, რომლებიც ამანათის შესაგზავნად ან პაემანზე მიდიან. მათ ისე ეპყრობიან, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს. . . ამანათებში შესაგზავნი პროდუქტის და ნივთების ნუსხის შემცირება განსაკუთრებით აზარალებს იმ ღარიბ პატიმრებს, რომლებსაც ციხის მაღაზიაში სავაჭრო თანხა არ აქვთ და ათასში ერთხელ მხოლოდ ამანათების მიღებით ივსებდნენ დანაკლისს, რადგან გულშემატკივარს ზოგჯერ ურჩევნია თანხის ჩარიცხვის ნაცვლად, საბაზრო ფასებში ნაყიდი ნივთები, ან საკუთარ ბაღში მოყვანილი ხილი ჩაიტანონ, რაც მათთვის შეუდარებლად იაფია. ამანათის სახით ისედაც არ შემოდის სხვადასხვა ხილი, გარდა ვაშლისა და ფორთოხლისა. მიზეზი გაურკვეველია. პატიმრებში გავრცელებულია აზრი, რომ ხილის აკრძალვა განაპირობა ნარკოტიკული საშუალებების შემოპარების რისკმა, თუმცა, პატიმარი ამის გამო არ უნდა ზარალდებოდეს. მას ხომ ისედაც აკლია ვიტამინები და სრულფასოვანი კვება. რაც შემოდის, ისიც შუაზე გაჭრილი და დამახინჯებულია, რის გამოც მალევე იწყება ამ ხილის ლპობის პროცესი. ასევე, არ უშვებენ ხილის წვენებს, ფანტას, კოკა-კოლას, პეპსი-კოლას, სხვა უალკოჰოლო სასმელებს. არ უშვებენ რძესა და რძის პროდუქტებს.

ციხის მაღაზია.

ხშირად იცვლება ფირმა, რომელიც კოლონიაში და ციხეში მაღაზიას განაგებს. როგორც პატიმრები ამბობენ, ეს ხდება ფინანსური და სხვა დარღვევების მიჩქმალვის მიზნით, ვითომც _ აი, მოვიდა ახალი ფირმა და მდგომარეობა გამოსწორდება . . . მაღაზიაში ხშირად იყიდება ვადაგასული პროდუქცია, ან ქალაქის სავაჭრო ქსელიდან ამოღებული გაუყიდავი პროდუქცია. პირადად მე (განათლებით ექიმი-ჰიგიენისტი გახლავართ და მსგავს მოვლენებს პრიფესიული ალღოთი ვაკვირდები), არაერთხელ შემხვედრია ვთქვათ _ შოკოლადი, რომლის შესაფუთ ქაღალდზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადა შეძენის დროისთვის 1-2- კვირით იყო გადაცილებული, რაც დანაშაულია.
მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილი პროდუქტის ღირებულება ხშირად არ შეესაბამება მის ხარისხს. მაგ: თავიდან მოაქვთ ხარისხიანი რომელიმე დასახელების ძეხვი, რომელსაც დადგენილ ფასად ყიდიან; შემდეგ, ფასს უცვლელს ტოვებენ და შემოაქვთ იგივე დასახელების ბევრად მდარე პროდუქტი. სარგებლობენ იმით, რომ პატიმარს არ აქვს საშუალება პირადად შეიძინოს სასურველი ნივთი თუ პროდუქტი. პატიმარს აიძულებენ, დაკმაყოფილდეს შუამავალი მომსახურე პერსონალის არჩევანით.
საერთოდაც, სავაჭრო ნივთების თუ პროდუქტების ნუსხა შეზღუდულია და პატიმარი იძულებულია შეიძინოს ვთქვათ, უვარგისი კბილის ჯაგრისი, რადგან უკეთესი _ მაღაზიაში არ მოიძევება, ხოლო სხვა მაღაზია უბრალოდ არ არსებობს.
ამავე მიზეზის გამო, კოლონიის და ციხის მაღაზიებში შესამჩნევად ძვირად იყიდება საგნები და პროდუქტები, ვიდრე მათი საბაზრო ფასებია. ხანდახან, მაღაზიაში, დაინტერესებული პირები მიზანმიმართულად ქმნიან რომელიმე საგნის დეფიციტს. მაგალითად, დეფიციტია 5 ლარიანი სატელეფონო ბარათები, რომლებიც პატიმრის ჯიბისთვის უფრო მისაწვდომია, ვიდრე 10 და 20 ლარიანი ბარათები. მართალია, პროდუქცია მთელ საქართველოში ძვირდება, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორც ეს ციხე-კოლონიის მაღაზიებში ხდება.

აბანო, წყალი, ჰაერი, საშრობი, სარეცხი.

ცნობილია, რომ რუსთავში სასმელი წყალი ისედაც ცუდი ხარისხისაა და რაღა თქმა უნდა, რუსთავის ციხე-კოლონიებში ამ მხრივ უფრო მეტი პრობლემებია. სასმელი წყალი ხშირად არ მოდის. არ ტარდება, ან ძალზე იშვიათად ტარდება სასმელი წყლის ჰიგიენური ექსპერტიზა, თორემ იოლად დადგინდებოდა, რომ ეს წყალი არამცთუ დასალევად, არამედ ტექნიკური მიზნით გამოსაყენებლადაც უვარგისია, რადგან იწვევს ინტოქსიკაციებს, გამონაყარს და ა.შ.. . .
საშხაპეები მეტად მცირე ზომისაა და პატიმრებს ხშირად შიშვლებს უწევთ რიგში დოგმა, იმის მოლოდინში, რომ რომელიმე შხაპი განთავისუფლდება. გასახდელში არ არის ნორმალური საკიდები ტანსაცმლისათვის; შხაპში წამოსული წყალი არათანაბრად თბება და ასეთ პირობებში ტანის დაბანა მხოლოდ მოვალეობის მოხდას ემსგავსება, რადგან არ არის ამისთვის საჭირო პირობები და დრო, საშხაპეებიდან სისტემატურად ვრცელდება სოკოვანი ინფექციები. ყოფილა შემთხვევები, როცა გასაპნულ პატიმრებს ბანაობისას ცხელი წყალი შეწყვეტიათ ან სრულიად შეწყვეტილა წყალი . . .
რუსთავის კოლონიაში ჰიგიენური თვალსაზრისით უზომოდ დაბინძურებული ჰაერია, რაც კოლონიის გვერდით არსებული ცემენტის ქარხნის მუშაობით არის განპირობებული. ცემენტიანი ჰაერის მუდმივი შესუნთქვა იწვევს სილიკოზებს და ბრონქიტებს, ხოლო მიდამო, ტერიტორია-მუდმივად დაფარულია ცემენტის მტვერით, რაც პრობლემებს ქმნის სამოსის სისუფთავის შენარჩუნებაში. დილით სუფთა სამოსით გამოსული პატიმარი შუადღისას მტვერით არის დაფარული, რომელიც ქსოვილში ქვავდება და სამოსს უვარგისს ხდის და ეს მაშინ, როცა სამოსის ამანათით შემოგზავნა შეზღუდულია!
გარეცხილი სამოსის საშრობი ოთახი არ არსებობს და სველი ტანსაცმელი ღია ცის ქვეშ შრება და თან ცემენტის მტვერი აცვივა და ქვავდება. პატიმრებს არ აქვთ სარეცხის მანქანა, თუმცა არაერთგზის ითქვა პრესით, რომ ისეთი ინვენტარისათვის, როგორიც არის მაცივარი და სარეცხის მანქანა _ საკმარისი თანხა არის გამოყოფილიო.
ცემენტის ქარხანა ინტენსიურად მუშაობს ღამითაც. ამ დროს პატიმრები საკნებში არიან ჩაკეტილნი და ცემენტით გაჯერებულ ჰაერს სუნთქავენ, ხოლო ზაფხულის სიცხის დროს ამ პირობებში არსებობა აუტანელი ხდება მით უფრო მაშინ, როცა გამწოვი ვენტილაცია გადაიწვება ხოლმე ან კონტროლიორები გამორთავენ, რადგან ძილის დროს მისი ხმაური აწუხებთ. შევსწრებივარ შემთხვევებს, როცა კარცერში წაუყვანიათ პატიმარი, რომელმაც დაჟინებით მოითხოვა ვენტილაციის ჩართვა. ჰაერის მხრივ განსაკუთრებით მძიმე პირობებია #6 ციხის საკნებში, რადგან იქ ფანჯრები არასრულად იღება და ზაფხულში პატიმრებს უჰაერობისგან ხშირად გულის შეტევები ემართებათ. ასეთ პირობებში ადამიანის გაჩერება მისი წამების ტოლფასია!

პირადი და სხვა აუცილებელი ნივთები.

მე პირადად ვიცნობ პატიმრებს, რომლებსაც არა აქვთ ლეიბი, ბალიში, საბანი (ადიელა) ისინი სისტემატიურად მთხოვენ დავაკვალიანო და ადმინისტრაციის სახელზე განცხადების დაწერაში დავეხმარო . . . არიან ერთეული პატიმრები, რომელთაც არა აქვთ თეფში, კოვზი, ჭიქა, არადა ცნობილია, რომ ასეთი ნივთებით პატიმრების უზრუნველყოფისთვის დიდი თანხებია გამოყოფილი.
ცნობილია, რომ არცთუ მცირეა იმ პატიმრების რიცხვი, რომლებსაც არავინ აკითხავს გაჭირვების გამო, ან უბრალოდ _ მომკითხველი არ ჰყავს… მათ „ბედალაგებს“ ეძახიან. წესით ასეთი პატიმრებისთვის (და საერთოდ, ყველა პატიმარი თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს ხარჯებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი) უნდა რიგდებოდეს პირადი ჰიგიენის ნივთები: საბანაო და ხელის საპნები; კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა; ლოგინის თეთრეული, საცვლები, საპარსი მოწყობილობა, ფრჩხილების საკვნეტი და ა.შ. რუსთავის #6 ციხეში იშვიათად, მაგრამ ყველას უირიგებდნენ მსგავს ნივთებს. #2 კოლონიაში არ შევსწრებივარ მსგავს მოვლენას, ჩემი აქ ყოფნის 1 წლის განმავლობაში. ხსენებული კატეგორიის პატიმრებს (ბედალაგებს) აქ სხვა პატიმრები ინახავენ, აცმევენ, აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფენ და რომ არა ასეთი სოლიდარობა, მათი მდგომარეობა წარმოუდგენლად მძიმე იქნებოდა.
პატიმართა მრავალრიცხოვნების გამო, იმის მიუხედავად, რომ ამდენი ახალი ციხე აშენდა, აქამდე არ არის მოგვარებული ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიც არის მორიგეობითი ძილი. ყველა პატიმარი არ არის უზრუნველყოფილი საწოლით და თითოეულ კამერაში (იშვიათი გამონაკლისის გარდა) 5-7 პატიმარი არის ზედმეტი, რომლებიც იძულებულნი არიან, მორიგეობით მოისვენონ . . . ხშირად ხდება, რომ პატიმარი, რომელმაც მთელი ღამე ფეხზე გაათენა და მხოლოდ დილით შეძლო ჩათვლემა, დილის შემოწმებაზე გამოუსვლელობის გამო კარცერში მიჰყავთ.
საკანში არ არის პლასტმასის დანები, რის გამოც პურს ხელით გლეჯენ, ხოლო კარაქის, ძეხვის და სხვა საკვებისთვის _ თვითნაკეთ საშუალებებს იყენებენ.

განათება, გათბობა.

გათბობის მხრივ პრობლემები არ არსებობს. #6 და #2 დაწესებულებებში ცხელი წყალი ლითონის მილებში მიმოიქცევა და წელიწადის ცივ პერიოდში საკნებში საკმაოდ თბილა, ოღონდ რატომღაც ვერ ხერხდება საშუალო ტემპერატურის კონტროლი, რის გამოც ხანდახან საკნებში კი არ თბილა, არამედ ცხელა კიდეც.
დიდი პრობლემაა განათების მხრივ. საკანში არსებული ნეონის გრძელი ნათურები რატომღაც შეცვალეს ჩვეულებრივი, ვარვარების ნათურებით, რომლებიც, გარდა იმისა, რომ უხარისხოა და მალე იწვება, აქვთ მცირე სიმძლავრე (60 ვატი) და აქედან გამომდინარე, განათება იმდენად ცუდია საკანში, რომ თითქმის შეუძლებელია კითხვა. ამის გამო, დროთა განმავლობაში ჩნდება ოფთალმოლოგიური პრობლემები . . .
გადამწვარი ნათურის ახლით შეცვლა ხშირად პრობლემებს უკავშირდება. კარგი იქნებოდა, ნათურები მაღაზიაში გაყიდულიყო, რაც პატიმრებს ამ საკითხზე კონტროლიორებისთვის მუდმივი ხვეწნის პრობლემას მოუხსნიდა.

ადვოკატებთან შეხვედრის ოთახი.

ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. 3000 პატიმარს ემსახურება 3 ოთახი (#2 კოლონიაში), ანუ საშუალოდ, 1000 პატიმარზე მოდის 1 ოთახი. ამის გამო, ხშირად პატიმრები თავიანთ ადვოკატებს შენობის დერეფანში ესაუბრებიან, რადგან ოთახები დაკავებულია . . . ოთახი წარმოადგენს 8 კვადრატულ მეტრს (8 მ2), აქვს გისოსებით დაგმანული ერთი ფანჯარა. განათება და გათბობა ნორმალურია. ჭერზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა, არადა წესით ადვოკატის კლიენტთან შეხვედრა კონფიდენციალური უნდა იყოს. ხშირად გამიგონია პატიმრებისგან, რომ ოთახებში ფარულად არის დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურაც, თუმცა ამის მტკიცება ძნელია . . .
ცნობილია, რომ ადვოკატთან პატიმარს აქვს დროში შეუზღუდავი შეხვედრის უფლება, თუმცა ამ უფლების განხორციელება ისევ და ისევ პატიმართა მრავალრიცხოვნობის გამო ხშირად შეუძლებელია, რადგან ძნელია ადვოკატთან საუბრის გაგრძელება, როცა ოთახში შემოსვლის მოლოდინში სხვა ადვოკატები დგანან პატიმრებთან ერთად . . . ოთახებში საერთოდ არ არის სამუშაო პირობები, რადგან დგას მხოლოდ მორყეული მაგიდა, რომელსაც დასაჯდომად უფრო იყენებენ, სკამების არარსებობის გამო. ასეთ პირობებში ფაქტიურად შეუძლებელია პატიმართან ერთად განიხილო სასამართლოზე განსახორციელებელი დაცვის სტრატეგია და მანევრები.

ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო.

მე პირადად იქ ნამყოფი არ ვარ, მაგრამ თვითმხილველთა მონათხრობით, ახლადგარემონტებულ საავადმყოფოში სისუფთავის მიუხედავად უამრავი პრობლემაა. პატიმრები საკან-პალატაში ჩაკეტილნი არიან და მოკლებული ან აღკვეთილი აქვთ გასეირნების საშუალება. საავადმყოფოში მიყვანილ პატიმარს ყველანაირ პირად ნივთს ართმევენ, ამანათებით მოტანის უფლებას არ აძლევენ და ფაქტიურად აიძულებენ, რომ პირსახოცი, საპონი და პირადი ნივთები მაღაზიაში იყიდონ, რითაც უზარმაზარი შემოსავალი აქვთ. მარტო ტანის (აბანოს) პირსახოცი 16 ლარი ღირს და მას საავადმყოფოში მყოფი 5000 პატიმარი იძულებით ყიდულობს! პაციენტთა მრავალრიცხოვნობის გამო ჭიანურდება ანალიზების აღება, დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობა. პაციენტებს ისეთ მკაცრ პირობებში აგდებენ, რომ მსუბუქი დაავადების მქონე პატიმრები არჩევენ მკურნალობაზე უარის თქმას და კოლონიებში დაბრუნებას.

კომუნიკაციის საშუალებები.

პატიმარს ახლობლებთან კომუნიკაციის მხოლოდ ორი საშუალება გააჩნია: წერილით და ტელეფონით. არც ერთ შემთხვევაში არ არის დაცული კონფიდენციალურობა, წერილები (როგორც გასაგზავნი ასევე მოსული) იკითხება, ხოლო სატელეფონო საუბარი ისმინება, თუმცა ამის გამო სისტემის გამტყუნება ალბათ არ შეიძლება.
სამაგიეროდ უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავიდან თბილისამდე (და პირიქით) წერილი ჩასვლას დაახლოვებით 10 დღეს უნდება. შესაძლოა ამაში ფოსტა არ არის დამნაშავე, არამედ ის, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ წერილის წაკითხვა დროში ჭიანურდება, რაც თავის მხრივ, აჭიანურებს ადრესატისთვის წერილის გადაცემის ვადას.
დიდი პრობლემაა ტელეფონების მხრივ, მართალია ახლადდანიშნულმა დირექტორმა გოგა კიკნაველიძემ #2 კოლონიაში თითო კორპუსზე დამატებით 2-2 ტელეფონი დაამონტაჟა, მაგრამ რიგის პრობლემა ვერ გადაჭრა, რადგან 1 ტელეფონზე დაახლოებით 200 პატიმარი მოდის.
ამ მხრივ უფრო სერიოზული პრობლემები იყო #6 ციხეში, სადაც სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება კვირაში ერთხელ, მხოლოდ 10 წუთით იყო შესაძლებელი. დროს აკონტროლებდა ციხის კონტროლიორი, რომელიც 2-3 წუთი საუბრის შემდეგ პატიმარს საუბრის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა იმ მოტივით, რომ საუბრის დრო გავიდა . . .
#2 კოლონიაში სატელეფონო კომუნიკაცია ხორციელდება „სი ჯი სი“ ბარათებით, რომელსაც საუბრის ძვირი ტარიფი აქვს სხვა ფირმებთან შედარებით, მაგრამ პატიმარს არ აძლევენ უფრო იაფი ტარიფით სარგებლობის არჩევანის საშუალებას. პატიმარი ხშირად იძულებულია იყიდოს 10 ლარიანი ბარათი, რადგან მაღაზიაში შეგნებულად ქმნიან 5 ლარიანი ბარათების დეფიციტს.
კარგი იქნებოდა, ტელეფონებთან რიგის მოსახსნელად თითო კორპუსზე კიდევ 3-3 ტელეფონი მაინც დაემატებინათ, რაც წესით^ადმინისტრაციისთვის პრობლემა არ უნდა იყოს.

„პირობით ვადამდელი განთავისუფლება“. შეწყალება, ამინისტია.

2009 წლის 12 თებერვალს საქართველოს თვითმარქვია პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან (რომელსაც პატიმრები ტელევიზიით ვუცქერდით) განაცხადა, „უამრავი პატიმარი გავანთავისუფლეთ ვადამდეო“, რასაც პატიმრებში დიდი აღშფოთება მოჰყვა, რადგან ეს განცხადება თავიდან ბოლომდე სიცრუეა და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ვადამდე პირობით განთავისუფლების“ კანონით მინიჭებულ უფლებას დღეს პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ იყენებს და ეს კანონი მხოლოდ ფორმალურად არსებობს.
სასჯელაღსრულების სისტემაში ფუნქციონირებს კომისია, (ანტონ ქელბაქიანის ხელმძღვანელობით) რომელსაც ევალება იმ პატიმართა განცხადებების განხილვა, ვისაც ვადამდელი განთავისუფლებისთვის საკმარისი ზომის სასჯელის ნაწილი აქვს მოხდილი. კანონის მიხედვით, პატიმარს, რომელსაც პირად საქმეში არ აქვს საყვედურები და სასჯელები, კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს – ექვემდებარება ვადამდე პირობით განთავისუფლებას, რაც მისთვის სრული თავისუფლების მინიჭებას კი არა, არამედ სასჯელის დარჩენილი ნაწილის პირობითი სასჯელით შეცვლას გულისხმობს; ანუ, სასჯელის ერთი ფორმა უნდა შეიცვალოს სხვა, უფრო მსუბუქი ფორმით. ვინაიდან, საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში აღარ არსებობს პატიმრის შრომითი დასაქმების ინსტიტუტი, ამიტომ მისი ვადამდე განთავისუფლებისათვის სრულიად საკმარისი უნდა იყოს დადებითი ყოფა-ქცევა და შესაბამისი დახასიათება, თუმცა კომისია თვითნებობს და ყველა პატიმარს უარს ეუბნება მოტივით, თითქოს „სასჯელის მიზანი მიღწეული არ არის“. ან „პატიმარს არ მოუნანიებია და არ უღიარებია დანაშაული“. . . არადა, კანონმდებლობა ასეთი მოტივებით უარის თქმას არ ითვალისწინებს. 23-25 ათასი პატიმრიდან ვადამდელი განთავისუფლება უკვე ეხება 5-6 ათას პატიმარს, მაგრამ კომისია მხოლოდ ერთეულ, ადმინისტრაციისთვის მისაღებ პატიმრებს აძლევს რეკომენდაციას და დანარჩენებს უარით ისტუმრებს თანაც ისე, რომ უარის პასუხის წერილობით შეტყობინებას მაქსიმალურად აჭიანურებს. არადა, ახალი განცხადების დაწერის უფლება პატიმარს უკანასკნელი უარიდან მხოლოდ 6 თვის გასვლის შემდეგ ეძლევა. . . ჩანს ამ კომისიას და მის ხელმძღვანელებს – ანტონ ქელბაქიანს არაოფიციალურად უბრძანეს პატიმართა შესაბამისი თხოვნის დაბლოკვა და მათი ვადამდე განთავისუფლების შეფერხება. უარის სათქმელად წინასწარი განწყობა იმდენად რუტინული გახდა, რომ ხშირად პატიმრის განცხადების შინაარსიც არ აქვთ გაცნობიერებული და ისე წერენ ზერელე პასუხებს. მე პირადად ვიცნობ რამდენიმე, უკვე ყოფილ პატიმარს, რომლებმაც ვადამდე განთავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებაზე წერილობითი უარი მიიღეს მას შემდეგ, რაც სასჯელი ბოლომდე მოიხადეს, ანუ, უკვე – გათავისუფლებულებმა!
პირადად მე შესაბამის განცხადებაზე უარი მივიღე იმ მოტივით, რომ „სასჯელის მიზანი მიღწეული არ არის“ – არადა, საქართველოს სახალხო დამცველის, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების და საქართველოში საზოგადო მოღვაწეებისა და თვალსაჩინო ინტელიგენტების აზრით, მე ვარ პოლიტპატიმარი და უდანაშაულოდ რეპრესირებული ადამიანი. სასჯელის რომელ მიზანზეა ასეთ შემთხვევაში საუბარი – ეს გაუგებარია.
„პირობით ვადამდე განთავისუფლების“ მექანიზმი რომ ამოქმედებულიყო, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა პატიმართა რაოდენობას, რაც თავის მხრივ გააადვილებდა მათ სოციალურ პირობებზე ზრუნვას. თუმცა, აშკარაა, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნება მდგომარეობს პატიმართა რაოდენობის გაზრდაში და არა თუნდაც კანონის საფუძველზე განხორციელებულ შემცირებაში!
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ბოლო პერიოდში გამოცემულ შეწყალებას და ამინისტიის აქტებს, ამით ისარგებლეს კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა, რადგან, პატიმრებში გავრცელებული თვალსაზრისით, ასეთი გზით განთავისუფლება სოლიდური თანხა უჯდებათ იმათ, ვინც ჩინოვნიკებთან შესაბამის არხს გამონახავს, ხოლო რიგითი პატიმრების უმრავლესობას ეს ფსევდო ჰუმანური აქტები არ ეხებათ, რადგან არ აქვთ არც თანხა და არც სასარგებლო კავშირები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირადად ჩემთან საუბარში, ათობით პატიმარი აცხადებს მზადყოფნას მუშაობაზე, თუ კოლონიაში რაიმე სახის სამუშაო გაჩნდება. კანონმდებლობით, პატიმარს აქვს მუშაობის უფლება, რაც დღესდღეობით ვერ ხორციელდება, არადა, მუშაობით პატიმარი გარკვეულ შემოსავალსაც მოიპოვებდა და ერთფეროვან ცხოვრებასაც ბოლო მოეღებოდა. საქართველოს პენიტენცილური სისტემა ჯერჯერობით უძლურია ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, რითაც ისევ და ისევ – პატიმართა უფლებები ილახება!

პატიმრის გასეირნება.

ამ მხრივ ზონაში პრობლემა არ არის, რადგან 11 დან 18 საათამდე. პატიმრები ტერიტორიაზე საკუთარ ნებაზე მოძრაობენ. თუმცა უმძიმესი მდგომარეობაა ციხეში. წესით პატიმარს ყოველდღე 1 საათი სეირნობა ეკუთვნის, მაგრამ ეს პროცედურა #6 ციხეში კვირაში 1-2 ჯერ ხორციელდება და ისიც 30-40 წუთით. ამის მიზეზი ისევ და ისევ პატიმართა სიმრავლეა და მცირე რაოდენობის მომსახურე პერსონალი ვერ აუდის და ვერ ახერხებს, ყველა საკანში დღეში 1 საათით გაასეირნონ პატიმრები. უმოძრაოდ მყოფ პატიმრებს უვითარდებათ ადინამიასთან დაკავშირებული დაავადებები და აწუხებთ ჰაერის უკმარისობა. პატიმრები გადატვირთულ საკნებში იძულებულნი არიან, დღეები ზედიზედ გაატარონ საწოლზე, წამოწოლილ მდგომარეობაში. ადმინისტრაცია მიზეზებს ეძებს, რათა მცირედი დარღვევის ან შენიშვნის გამო, რომელსაც 1 პატიმარი იმსახურებს, მთელ საკანს უარი უთხრას გასეირნებაზე . ანუ გასეირნებაზე უარის თქმა არის ერთგვარი დასჯა პატიმრებისა; არადა, გასეირნება წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მანიპულაციას და მისი აკრძალვის უფლება ადმინისტრაციას არ უნდა გააჩნდეს.

პრესა, ბიბლიოთეკა.

 

გაზეთები და ჟურნალები შემოდის, ოღონდ ისეც მომხდარა, რომ პოლიტიკური ვითრების გამწვავების გამო ჟურნალ-გაზეთების შემოტანა აუკრძალიათ ან შეუზღუდიათ. ასე მოხდა ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს #6 ციხეში, თუმცა ეს მდგომარეობა მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა. ასეთივე მოვლენა მოხდა #2 კოლონიაში, 2009 წლის თებერვლის დასაწყისში თუმცა შემდეგ პრესის მოწოდება აღდგა, მაგრამ შეიზღუდა და 1 გაზეთსა და 1 ჟურნალზე მეტს არ უშვებდნენ. ციხეშიც და კოლონიაშიც საერთო პრობლემა ისაა, რომ ყველა გაზეთს და ჟურნალს არ უშვებენ და მათ შინაარსის მიხედვით ახარისხებენ. მაგალითად, არ უშვებენ ავტომოყვარულთა ჟურნალს და სხვა სპეციფიურ ჟურნალებს. არადა არავის აქვს უფლება, პრესა შინაარსის მიხედვით დაახარისხოს და თავად განსაზღვროს, პატიმრისთვის რისი მიწოდება შეიძლება და რისი არა. . . პრესის მიწოდების შეზღუდვა არ თავსდება არანაირ ჩარჩოში. ჟურნალებთან დაკავშირებით, სხვა პრობლემაც არსებობს. კერძოდ – ჟურნალებს ახევენ ყდას და მსახიობთა ფოტო პლაკატებს. ფაქტიურად, პატიმრამდე აღწევს ჟურნალის მხოლოდ ნაგლეჯები.
რაც შეეხება ბიბლიოთეკას, იგი მართლია არსებობს, მაგრამ დაკომპლექტებულია ძველისძველი, უინტერესო, ბანალური ლიტერატურით, ამასთან ისეთი მწირი არჩევანია, რომ თვით კითხვას დანატრებული პატიმრებიც კი, ბიბლიოთეკის მომსახურებით ხშირად არ სარგებლობენ.

წამება, ცემა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა.

მართალია, პატიმრებს დენს აღარ უერთებენ, მაგრამ მათ ხშირად ცემენ, შეურაცხყოფენ და ამცირებენ. #6 ციხეში, საკანში ჩემი ყოფნისას, ხშირად შემოდიოდა ყვირილის ხმები. ყვიროდნენ პატიმრები ცემის დროს. ცემის მიზეზია სულ მცირედი შეპასუხება კონტროლიორთან. მიზანია – პატიმრის მორალურად გატეხვა და მასში ადამიანური ღირსების ჩაკვლა; ასევე, პატიმრებში შიშის ატმოსფეროს დანერგვა. #6 ციხეში პატიმრებს სცემდნენ კარანტინში მოყვანისთანავე და ამ ამაზრზენ, სამარცხვინო ფუნქციას ასრულებდნენ თავად ციხის ხელმძღვანელი მაღალჩინოსნები. ცემის შესახებ მსმენია #2 კოლონიაშიც, თუმცა ასეთ ფაქტს არ შევსწრებივარ. #6 ციხეში ჩემს საკანთან ჩამოატარეს სასტიკად ნაცემი პატიმარი, ზურაბ ვიბლიანი, რომელიც ხმამაღლა მთხოვდა დახმარებას და ყვიროდა, რომ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცემეს იმიტომ, რომ იქ ფორმალური სამედიცინო პროცედურები ჩაუტარეს შედეგის გარეშე უკან დაუპირეს დაბრუნება, რაზეც პროტესტი გამოთქვა და ამ პროტესტის გამო ისედაც ხეიბარი ადამიანი ლამის ძვლებში დაამტვრიეს ცემით. . .
რაც შეეხება შეურაცხყოფას და ღირსების შელახვას – ასეთი ფაქტები ყოველდღიურად ხდება ციხე-კოლონიებში და ლამის ჩვეულებრივ მოვლენად დამკვიდრდა, რომ მომსახურე პერსონალი პატიმარს აღიქვამს და ეპყრობა როგორც არასრულფასოვან ადამიანს. მუდმივად ხდება პატიმრის განწყობის, თუნდაც კანონიერი და სამართლიანი თხოვნების იგნორირება. პატიმრებს ხშირად დასცინიან და შეურაცხყოფენ, რათა კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაითრიონ და შემდეგ დასაჯონ. ხშირად სჯიან კარცერში ჩასმით, სადაც ზამთარში გათბობა არ არის, ზაფხულში კი უსაშველოდ ცხელა. კარცერში პატიმრები წამების მდგომარეობაში არიან, რადგან ლეიბის და გადასაფარებლის გარეშე უწევთ ყოფნა და მაგარ საწოლებზე წოლით ხანგრძლივი სასჯელის (20-30 დღე) მისჯისას გვერდები ებეჟებათ. სასამართლოზე წამსვლელ პატიმრებს ჩხრეკისას ბადრაგი ხშირად აიძულებს სრულიად გაშიშვლებას, ხოლო ეტაპში ასვლისას აძრობენ ქამარს და ფეხსაცმლის თასმებს, რათა მორალურად ისედაც დათრგუნული პატიმრები სასამართლოზე ახლობლების წინაშე ვიზუალურადაც დამცირებულ მდგომარეობაში გამოიყურებოდნენ.
#6 ციხეში ხშირად მესმოდა ფიზიკურად ცუდად მყოფი პატიმრები როგორ უხმობდნენ კონტროლიორებს კარზე ბრახუნით, რათა მათ ექიმისთვის დაეძახათ; ხოლო კონტროლიორები ზომებს არ იღებდნენ და განწირულ პატიმარს ხმამაღლა დასცინოდნენ: „ხელი კი არა, თავი დაარტყიო“. ამ ფრაზას ყველა ციხის კონტროლიორი იყენებს თურმე, როგორც ჩემთვის სხვადასხვა ციხეში ნამყოფ პატიმრებს მოუყოლიათ. ასეთ ღირსების ამყრელ მოპყრობას თავმოყვარე ზოგიერთი პატიმარი ვერ უძლებს და ისტერიკაში ჩავარდნილი _ თვითდაზიანებას მიმართავს, რაც ვენების გადაჭრაში, პირის ამოკერვაში, ლითონის საგნებით თავის დაჭრაში და ხანდახან თვითმკვლელობითაც გამოიხატება. ჩემი პატიმრობის ორწელიწადნახევრის განმავლობაში ჩემს ახლომახლო მყოფმა უამრავმა პატიმარმა მიმართა თვითდაზიანებას; რამდენიმემ კი თავი მოიკლა!
უკანასკნელი თვითდაზიანება ჩემს ახლომახლოს მოხდა ახლახან – 2009 წლის 12 თებერვალს! პატიმრების ასეთი რეაქციები გაგრძელდება მათ მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახველი მოპყრობების სრულ აღკვეთამდე და ეს რეაქციები არის არასრულყოფილად ზუსტი მეტრი, მათ მიმართ დამოკიდებულებისა.
ზემოქმედება, სასჯელის დამატება.
სრულიად გასაგებია, რომ ჩვეულებრივი მოქალაქისგან განსხვავებით, პატიმარს არ აქვს უფლება, თავისი პროტესტი ყველა მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს, მათ შორის მშვიდობიანი დაუმორჩილებლობით, რადგან პატიმრის მხრიდან დაუმორჩილებლობა – დასჯადია. თუმცა პატიმარსაც კი აქვს იმის უფლება, რომ დაწეროს საჩივარი სხვადასხვა დარღვევასთან ან ციხის თანამშრომელთა დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გააპროტესტოს თავისი უფლებების დარღვევა, მით უფრო, თუ ეს დარღვევა მასობრივად ხდება და ყველა პატიმარს შეეხება, არც ერთი კანონი თუ ნორმა არ კრძალავს კოლექტიური წერილის თუ პეტიციის დაწერას და დანაშაულად არ ითვლება რაიმე პეტიციაზე ფაქსიმილიეს გაკეთება. თუმცა, სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელებს სწორედ ასეთი მხილების ეშინიათ და რადგან ძალა მათ ხელშია, ხშირად აკრძალული მეთოდებით ცდილობენ მათ წინააღმდეგ მიმართული კანონზომიერი პროტესტის განეიტრალებას, რაც იმას გულისხმობს, რომ პეტიციის დამწერ აქტივისტებს და მასზე ხელმომწერებს აშანტაჟებენ, დევნიან, უწყობენ პროვოკაციებს, დანაშაულის არქონის მიუხედავად მიჰყავთ კარცერში და გადაჰყავთ დახურულ ციხეებში („კრიტში“).
ზუსტად ასეთი შედეგი მოჰყვა #2 საპყრობილის პატიმრების მიერ ახლადდანიშნული მინისტრის-დიმიტრი შაშკინის სახელზე გაგზავნილ ერთობლივ წერილს, რომლის შინაარსზე თანხმობა ხელმოწერით დაადასტურა 500-ზე მეტმა პატიმარმა. წერილში ჩამოთვლილი იყო პრობლემები, დაწერილი იყო საკმაოდ ლიბერალური ტონით და იყო თხოვნა მინისტრისადმი – შესდგომოდა ამ პრობლემების მოგვარებას. ამის მიუხედავად, ზონაში გამოცხადდა წერილზე ხელმომწერთა მიმართ ნადირობა, დაიწყო პატიმრების ცალ-ცალკე გაყვანა და დამუშავება, ხოლო შედარებით მეტად აქტიური ხელმომწერებიდან ზოგი გააკარცერეს, ზოგი კი, მძიმე რეჟიმის „კრიტ“ (დახურულ) ციხეებში გადაიყვანეს. მათ ემუქრებიან, რომ ახალ დანაშაულს მოუგონებენ, ხელახლა გაასამართლებენ და სასჯელს დაუმატებენ.
აი, ასეთი მეთოდებით ცდილობენ პრობლემების მიჩქმალვას, ნაცვლად ამ პრობლემების მოგვარებისა!

მონიტორინგის აკრძალვა.

 

სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსპო ციხეებში საზოგადოების მხრიდან მონიტორინგის განხორციელების საშუალება, რათა საქართველოს და მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ არ დაინახოს პატიმართა სოციალურად დუხჭირი ყოფა და თავგასულობა, რასაც ეს ხელისუფლება სჩადის ციხე-კოლონიებში. წლების წინ იყო საშუალება და მექანიზმები, რომ ადამიანის უფლებათა არასამთავრობო ორგანიზაციებს ეწარმოებინათ დაკვირვება პენიტენციალურ სისტემაში და ნაკლოვანებები საყოველთაო მსჯელობის საგნად ექციათ. მოქმედებდა მონიტორინგის ჯგუფებიც. ნელ-ნელა გასაგები ხდება თუ რატომ აარიდეს საზოგადოების თვალთახედვის არეს – პენიტენციალური სისტემა. ამ მიმართულებით ხომ დიდი თანხებია გამოყოფილი და ხდება მათი ათვისება, ხოლო ხელისუფლება და პრეზედენტი ლამის ყოველდღე ტრაბახობენ, თუ რა „ბედნიერი“ და „უზრუნველი“ ცხოვრებით ცხოვრობენ პატიმრები და როგორ „კარგ“ პირობებში იმყოფებიან. მონიტორინგის შემთხვევაში ხომ თვალსაჩინო გახდება, რომ პენიტენციალურ სისტემაში ფასადური ცვლილებების მიღმა უმნიშვნელოვანესი დარღვევები იმალება.
პირადად მე, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველს, რომელიც თავად ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში და ვხედავ ამ სისტემაში საზოგადოებისთვის უცნობ, მძიმე დარღვევებს და ნაკლოვანებებს – მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება და იმ თანხების მიზნობრივად გამოყენების საკითხის შესწავლა, რომელიც ხელისუფლების განცხადებით, პენიტენციალური სისტემის წარმატებით სრულყოფას ხმარდება. დაე, კომისიამ ნახოს დახარჯული თანხა და შეადაროს გაკეთებულ საქმეს!
უნდა აღინიშნოს, რომ სისტემის ხელმძღვანელობის ზემოქმედების შედეგად, პატიმართა უმრავლესობა დუმს, როდესაც ციხეში იშვიათად შემოსული უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები (ვთქვათ, „საერთაშორისო წითელი ჯვარი“) მათ პრობლემების შესახებ ეკითხებიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პატიმარი, რომელიც არსებულ პრობლემებზე საუბარს იწყებს, თავს იყენებს დარტყმის ქვეშ. იგი დაუცველია სხვადასხვა პროვოკაციებისაგან, სასჯელის დამატებისაგან. . . ამიტომაც საზოგადოებამ უნდა შეძლოს და დაიცვას ის პატიმრები, რომლებიც საფრთხეს არ ეპუებიან და პრობლემებზე მსჯელობას რისკავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპატიმროებიდან ვერასოდეს გამოჟონავს რეალური ინფორმაცია, რადგან პატიმრების აზრით, ასეთ გულახდილობას შედეგად არ მოაქვს პრობლემების გამოსწორება, ხოლო „გულახდილ პატიმარს“ თავად ექმნება პრობლემები და უმძიმდება მდგომარეობა. ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობით წახალისებული სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობა ამით სარგებლობს და ახალ-ახალ უკანონობებს სჩადის.

მის აღმატებულებას, საფრანგეთის პრეზიდენტს

ბ-ნ ნიკოლა სარკოზის

პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიას

მ ი მ ა რ თ ვ ა

 – უპირველეს ყოვლისა გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას თქვენი პიროვნების მიმართ და იმედს ვიტოვებთ რომ თქვენი და თქვენი ქვეყნის სახით კეთილისმსურველი ჰყავს საქართველოს მოსახლეობას და არა მის მთავრობას.
გიგზავნით ჟურნალისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის, საერთაშორისო ამინისტიის წევრის, ამჟამად პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიას ანგარიშს საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
დარწმუნებულები ვართ საფრანგეთში ციხის კედლებს მიღმა არ ხვდებიან უდანაშაულო ადამიანები, მით უფრო ჟურნალისტები – ხელისუფლების კრიტიკისა და მწვავე სტატიების გამო. რომელთაც საქართველოს ხელისუფლება „სამშობლოს ღალატის“ ან სხვა მუხლებით ასამართლებს და ამის მაგალითები ბოლო წლებში არაერთი იყო.
ასევე დარწმუნებულები ვართ რომ საფრანგეთში პატიმრები სასჯელს არაადამიანურ, ღირსების შემლახველ და უმძიმეს პირობებში არ იხდიან. საქართველოს ციხეებში რამდენიმე ათეული პატიმარი იხდის სასჯელს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური დევნის გამო. მათ შორის, 2006 წლის 6 სექტემბერს დაპატიმრებული 4 პოლიტიკური პარტიის ლიდერი და აქტივისტები. სულ 12 ადამიანი. მათ შორის პოლიტიკური პარტია „XXI საუკუნე – ენა, მამული, სარწმუნოება“-ს ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალისტი ზაზა დავითაია. გასულ კვირას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2008 წლის დასკვნაზე საუბრისას ამ 12 ადამიანის კვლავ საპატიმროებში ყოფნის გამო შეშფოთება გამოთქვა. ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე „თოფურიას და სხვათა მიმართ“ არის კლასიკური მაგალითი როგორ აღმოაჩინა ხელისუფლებამ სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეში, როგორ მოახდინა საქმის ფაბრიკაცია და მიუხედავად იმისა რომ უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილისგან პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, (აღარაფერს ვამბობთ საქართველოს სახალხო დამცველზე და ქართულ ინტელიგენციაზე, რომლებიც სააკაშვილისგან მოითხოვენ ამ 12 ადამიანის განთავისუფლებას) სააკაშვილი პოლიტპატიმრების განთავისუფლებას არამც თუ არ აპირებს, ის ყოველღიურად განაგრძობს რეპრესიებს. მისი დიქტატორული რეჟიმისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს პოლიტიკური ოპონენტების პატიმრობის გზით ჩამოშორება.
რიგითი მოქალაქეების 99% ცალსახად თვლის რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს. მოსამართლეები ხელისუფლების შიშით, სამსახურის დაკარგვისა და იმის შიშით რომ თავად არ აღმოჩნდნენ „ხელისუფლებისთვის დაუმორჩილებლობის გამო“ ციხის კედლებს მიღმა, ნებისმიერ დაკვეთას ასრულებენ და ხელისუფლებისთვის სასურველ განაჩენებს აწერენ ხელს.
საქართველოში არსებული სინდისის და პოლიტპატიმრები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ დაუბრუნდებიან საზოგადოებრივ ცხოვრებას და დატოვებენ საპატიმრო ადგილებს, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაში დარჩება 28 000-მდე პატიმარი, რომელთა რაოდენობაც 4 მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანაში დღითიდღე იზრდება. 2003 წლიდან, ანუ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაახლოებით 20 000-ით გაიზარდა პატიმართა რაოდენობა და მათი რაოდენობის ზრდასთან ერთად მათი პირობები უფრო და უფრო მძიმდება. სააკაშვილის დევიზმა „ყველა ციხეში“ მოიტანა შედეგი რომ საქართველოს ბიუჯეტი ბუნებრივია ვერ უზრუნველყოფს ამდენი ათასი პატიმრისთვის ადამიანური პირობების შექმნას.
გიგზავნით მასალებს არა პოლიტპატიმრების შესახებ, რომელთა არსებობა საქართველოში საიდუმლოს დემოკრატიული სამყაროსთვის ისედაც არ წარმოადგენს, არამედ 28 000 პატიმრის გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ დასკვნას.
ადვილი მისახვედრია რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე იმედგაცრუებულია როცა დემოკრატიულ ქვეყნებში კიდევ სჯერათ რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დემოკრატიას აშენებს და თვალს ხუჭავენ იმ უბედურებაზე რა მდგომარეობაშიც სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი ამყოფებს ქართველ ხალხს.
იქნებ საერთაშორისო ზეწოლამ თუ რჩევებმა აიძულოს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს მთელი მოსახლეობის თითქმის 10%-ს ციხეში და ციხესთან ამყოფებს (ამ 28 000 ადამიანს, მინიმუმ 10 ოჯახის წევრი და გულშემატკივარი მაინც ხომ ჰყავს) შეწყვიტოს რეპრესიები.
პატივისცემით,
პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია

 

კომენტარები