უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შიდა ქართლის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შიდა ქართლის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა.

ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADA) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.

რეგიონში არსებული აგროწარმოების პოტენციალის წარმოსაჩენად, ფორუმზე სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეხილეობის და მრავალწლოვანი ბაღების გაშენების, სანერგე მეურნეობების განვითარების, მეფრინველეობის, მეღვინეობისა და მეფუტკრეობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაციისა და რეგიონში არსებული აგროწარმოების განვითარების შესაძლებლობების გაცნობის კუთხით.

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების, სასტუმროების, სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლები და ფერმერები.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროექტების განხორციელების შედეგად, 2013 წლიდან დღემდე, შიდა ქართლის რეგიონში,

შეიქმნა 26 ახალი და გაფართოვდა/გადაიარაღდა 104 საწარმო , სადაც 2000-მდე ადამიანი დასაქმდა

1 973 ჰა ფართობზე გაშენდა ინტენსიური ბაღები;

შეიქმნა 76 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;

წყალუზრუნველყოფილმა ფართობებმა 30 400 ჰა შეადგინა.

მიმდინარე წელს, პირველი აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში გაიმართა, ფორუმის ჩატარება სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

 

კომენტარები