ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით იმერეთის სოფლები თერმული ნისლით მუშავდება – ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მორიგი ეტაპი

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს:

დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – იანეთსა და ბაშში ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით თერმული ნისლით მუშავდება. შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების სრული დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ღამის საათებში ტარდება.  მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მოქმედებს გზავნილების სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მოსახლეობას დაგეგმილი წამლობის შესახებ წინასწარ აფრთხილებენ.

-„სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალისტები თერმული ნისლის პარალელურად იყენებენ ცივი შესხურების ტექნოლოგიას. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 35 000 ჰა ფართობი. სიმინდის საყანე ფართობებში ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით ინტენსიურად გაგრძელდება“, – განაცხადა საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ.

სეს-ში აცხადებენ, რომ ფუტკრის დაცვის მიზნით, შეწამვლითი სამუშაოები მეფუტკრეებთან კოორდინირებულად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებებს სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია ეცნობა.

კომენტარები