„ფიგარო“ – ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში სომხეთმა აზერბაიჯანს იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა, რომლებსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში სომხეთმა აზერბაიჯანს იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა, რომლებსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა და დამარცხების შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გადავიდა, – ამის შესახებ გამოცემა „ლე ფიგარო“ წერს. სტატიის ავტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს და წერს, რომ ამავე შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა.

„შაბათს აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სომეხი სამხედრო ტყვე გადასცა, რომლებიც ტყვეობაში ორ ქვეყანას შორის 2020 წლის შემოდგომაზე მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონტროლისთვის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ იმყოფებოდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები, რომლებსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა და დამარცხების შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გავიდა.

„აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 15 ტყვე, რომლებიც დააკავეს აგდამის რაიონში 97 000 ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო ნაღმების რუკის სანაცვლოდ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, ევროპულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) პრეზიდენტს მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის“, – აღნიშნულია „ლე ფიგაროს“ სტატიაში.

სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ „სომეხი ტყვე ჯარისკაცები აზერბაიჯანიდან საქართველოში გადაიყვანეს და შემდეგ სომხეთში გაგზავნეს“.

განცხადების მიხედვით, აღნიშნულით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კლიმატის გაუმჯობესებისკენ.

ავტორი წერს, რომ შარლ მიშელი შაბათს გამოცხადებული შეთანხმების წინ „მჭიდრო კავშირში იყო სომხეთთან და აზერბაიჯანთან მწვავე ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებისთვის და ევროსაბჭოს პრეზიდენტი მიესალმება „პირველი ნაბიჯის გადადგმას ნდობის აღდგენისკენ, რომლის მხარდასაჭერადაც ევროკავშირი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას“.

სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ნაბიჯს მიესალმება რუსეთიც, რომელმაც რეგიონში მშვიდობისმყოფელები განალაგა: „შესანიშნავი სიახლეა, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ველოდით. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ხაზაროვამ.

ავტორის თქმით, მთიანი ყარაბაღის მაღალმთიანი რეგიონი ერთ-ერთ ყველაზე დანაღმულ ტერიტორიას წარმოადგენს ყოფილ საბჭოთა კავშირში. „აზერბაიჯანის მთავრობის თანახმად, ნაღმების აფეთქებების შედეგად მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და 18 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 110 ადამიანი დაშავდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა გამოიყენეს ნაღმები, მათ შორის 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ.

ბოლო კონფლიქტმა, რომელიც სექტემბერში დაიწყო, ექვსი კვირის განმავლობაში 6 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კონფლიქტი დასრულდა ნოემბერში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელიც დაიდო რუსეთის ეგიდით და დაადასტურა სომხეთის მარცხი, რის შემდეგაც სომხეთი იძულებული გახდა, დაეთმო აზერბაიჯანისთვის ის ტერიტორიები, რომელთაც აკონტროლებდა სამი ათწლეულის განმავლობაში“, – წერს ავტორი.

 

წყარო: “1tv.ge”.

კომენტარები