ფინანსთა მინისტრი: „ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო“

-„ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მარტში ეკონომიკური ზრდის შეფასებისას.

-„რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა ასევე გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი,“- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ლაშა ხუციშვილის კომენტარს სამინისტრო ავრცელებს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0% შეადგინა, I კვარტალის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა. ამ შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იანვარში 11.5%-იანი ვარდნა იყო.

პირველი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ასეთი იყო:

იანვარი – მინუს 11.5%;
თებერვალი – მინუს 5.1%;
მარტი – ზრდა 4%
ჯამური ვარდნა პირველ კვარტალში – 4.2%.

2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

მარტის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 7.9 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს 2020 წლის მარტთან შედარებით 21.5%-ით მეტია. შედარებისთვის, თვეების მიხედვით იანვარში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 8.1%-ით შემცირდა, თებერვალში  7.6%-ით გაიზარდა.

კომენტარები