ფიქრია ჩიხრაძე: „ივანიშვილმა საზოგადოებას „ახალი საარჩევნო ტრიუკი“ შესთავაზა… 9 წლის განმავლობაში ჩვენც არაერთხელ გავხდით მისი „ტრიუკების“ მომსწრე“

ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილს  „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ეხმიანება:

-„დღეს ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას „ახალი საარჩევნო ტრიუკი“ შესთავაზა, საგანგებოდ დარეკლამებული ძალად ოპოზიციური პროდუქტი დადო საარჩევნო დახლზე. მისმა წერილმა „ქართული ოცნების“ წვრილფეხობას მწვანე აუნთო გახარიას წინააღმდეგ. ივანიშვილს ტრიუკები“ უყვარს,  ერთ-ერთ ინტერვიუში დიდი თავმოწონებით თავად გვამცნო. ამ 9 წლის განმავლობაში ჩვენც არაერთხელ გავხდით მისი „ტრიუკების“ მომსწრე.

წინა არჩევნებზეც ვნახეთ ელექტორალურად საკმაოდ ეფექტური, მაგრამ სახელმწიფოებრივად საზიანო ტრიუკი გარეჯთან დაკავშირებული ღალატის საქმე. “ქართულ ოცნებას” საარჩევნო პროგრამა და დაპირებები საერთოდ არ ჰქონია. მმართველმა გუნდმა ორი ტრიუკით სცადა არჩევნების მოგება: – ე.წ. „ღალატის საქმის“ და პანდემიური კრიზისის „ეფექტური მართვის“.

ადგილობრივი არჩევნები პოლიტიკური სპექტრში რეფერენდუმად განიხილება. “ქართულ ოცნებას” ამ რეფერენდუმში რთული ამოცანა აქვს. ან ხმების ის რაოდენობა უნდა მოაგროვოს, რაც 2020 არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერ გახარიასთან ერთად გაჭირვებით -მოსყიდვით, დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსით, გაყალბებით მოაგროვა.ივანიშვილს სათადარიგო თამაში სჭირდება, იმისთვის რომ „ქართულ ოცნებაზე” განაწყენებული ამომრჩეველი სხვაგან არ წავიდეს და ამომრჩეველი ოპოზიციური ფლანგიდანაც შემოიმატოს.

როგორ უნდა შეასრულოს გახარიამ ეს ორი ფუნქცია. პირველ ამოცანას მარტივად შეასრულებს, – „ოცნებაზე“ განაწყენებული ამომრჩეველი, არჩევანს დიდწილად გახარიაზე შეაჩერებს. ეს კომბინაცია კარგად იმუშავებდა შარლ მიშელის დოკუმენტამდე,  43 % – იანი ნიშნულის გაჩენამ საჭადრაკო დაფა მნიშვნელოვნად არია. ამ მოცემულობაში, „ოცნებას“ არ აწყობს, ადგილობრივი არჩევნები მის მარცხად გაფორმდეს, ამიტომ გახარიას პროექტი მხოლოდ განაწყენებულთა ხმების შემგროვებელი კი არ უნდა გახდეს, არამედ ოპოზიციას უნდა წაართვას ამომრჩეველი.

გახარიას კალიბრი და მისი რბილი პოზიციონირება არასაკმარისია მებრძოლი ოპოზიციონერის იმიჯის შესაქმნელად. მას არც შეუძლია და არც უფლება აქვს, ივანიშვილს დაუპირისპირდეს. ამიტომ თავად ივანიშვილი დაუპირისპირდა მას.

„ღალატი -2“ ის სახით ივანიშვილმა საზოგადოებას ახალი საარჩევნო ტრიუკი შესთავაზა. „ქართული ოცნების“ წვრილფეხობას მწვანე აუნთეს გახარიას წინააღმდეგ. მოვისმენთ უმწვავეს განცხადებებს გახარიაზე, მის ღალატზე, შესაძლოა აღძრან აბსურდული საქმეები, დაიწყონ ძიება, რათა შეუქმნან ჩაგრულის იმიჯი…. თუმცა ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოვისმენთ გახარიას მხრიდან ივანიშვილის მხილებას“.

კომენტარები