ფოთში ტაეკვანდოს ჩემპიონატზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია სამი მწვრთნელი
ფოთში ტაეკვანდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე ერთმანეთს ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამი მწვრთნელი დააკავეს, – ამის შესახებ მწვრთნელებმა ჟურნალისტებს აცნობეს.
მათი თქმით, 7 წელია საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნულ ფედერაციას სულხან ბაბუაძე მართავს და მისი მუშაობით უკმაყოფილოები არიან. მწვრთნელების განცხადებით, ისინი პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებენ და მის გადაყენებას მოითხოვენ. დღეს მწვრთნელები ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათივე თქმით, გამგეობის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებული მწვრთნელები ფოთის პოლიციაში იმყოფებიან.
,,ინციდენტი გამოიწვია ფედერაციის არასწორმა მმართველობამ. ეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა. მწვრთნელების 95% ამ პრეზიდენტს სამი თვეა ბოიკოტს უცხადებს. ეს ადამიანი ყველაფრის იგნორირებას ახდენს. დღეს ამ ქალაქში ტარდებოდა ღია ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო 350-ზე მეტ სპორტსმენს, თუმცა ასპარეზობდა დაახლოებით 60 სპორტსმენი. დიდი ხანია ვითხოვთ ბაბუაძესთან შეხვედრას, რომ ჩატარდეს ყრილობა, მაგრამ 2016 წლიდან არ ჩატარებულა. ვინ რა საკითხებს წყვეტს, საერთოდ არა ვიცით. წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან ფედერაციის წევრები,“-განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კლუბ ,,დოჯოს“ მწვრთნელმა შოთა გოჩიაშვილმა.
შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. ფოთის პოლიციასთან შეკრებილი არიან ტაეკვანდოს მწვრთნელები და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.