„ფრენების განახლებაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავასრულოთ მოლაპარაკებები დაბალბიუჯეტიან კომპანიებთან და არამარტო მათთან“ – ნათია თურნავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხომა ჩატარდა.

სხდომის შემდეგ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ფრენების აღდგენის პერსპექტივაზე, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებაზე იაუბრა.

-„შედარებით მარტივია, ფრენები ტრადიციული მიმართულებით აღდგეს და მიმდინარეობს მოლაპარაკება „აირზენასთან“, რომ სულ მცირე ორი მიმართულებით განახლდეს რეგულარული ფრენები.

საჭიროების შემთხვევაში, მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ. ახლა ისეთი ვითარებაა, რომ გვერდით თუ არ დაუდგა ერთმანეთს მთავრობა და საავიაციო ინდუსტრია, ფრენების სწრაფად აღდგენა გაჭირდება და ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს.

დეტალები კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გასაჯაროვდება. Wizz Air-სგან ველოდებით მოკლე სიას იმის შესახებ, თუ რომელი მიმართულების აღდგენას მიიჩნევს ამ ეტაპზე კომპანია შესაძლებლად.

გარდა ამისა, საქართველო ევროკავშირის ქვეყებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ნათია თურნავას განცხადებით, ყველაზე რეალისტურია, რომ ტურისტები რეგიონებიდან შემოვიდნენ.

რა თქმა უნდა, უცხოელი ტურისტები უნდა შემოვიდნენ საქართველოში, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.  აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავასრულოთ მოლაპარაკებები დაბალბიუჯეტიან კომპანიებთან და არამარტო მათთან. ძალიან ბევრი კომპანია დაფრინავს და როგორც იცით, ღია ცის პოლიტიკა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. გეტყვით, რომ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ Wizz Air-თან – მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რომ ეს კომპანია შეასრულებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც ამ დღეებში იქნება დაწესებული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან. ასევე, უკვე არის გამოქვეყნებული საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ავიაციას ეხება და იქ არაფერია ისეთი, რაც შეიძლება კომპანიებმა არ შეასრულონ.

პარალელურად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი აეროპორტები მზად იყოს, რომ ყველა აუცილებელი გაიდლაინი დაცული იყოს. კონკრეტული გეგმა მაისის განმავლობაში იქნება. ვმუშაობთ ასე იმ მიმართულებების მოკლე ჩამონათვალზე, რომელიც პირველ რიგში შეიძლება, რომ განხორციელდეს. ასევე ვმუშაობთ ქვეყნებთან უკვე დიპლომატიური არხებით, რომ შევქმნათ უსაფრთხოების კორიდორი.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიყოთ მონაწილე ყველა მრავალმხრივი რეგიონული ინიციატივის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს შორის ინიციატივის. რაც შეეხება საზღვრების ეტაპობრივ გახსნას. აქამდეც, ბოლო წლებია, ვახორციელებდით საკმაოდ წარმატებულ პოლიტიკას ავიაციის სფეროში. მათ შორის მარკეტინგულ მხარდაჭერასაც გულისხმობდა ეს პოლიტიკა, რომლის წყალობით, პრაქტიკულად გავაორმაგეთ Wizz Air-ის პირდაპირი ფრენები ასევე Ryanair-ი შემოვიყვანეთ, როგორც ერთ-ერთი გიგანტი დაბალბიუჯეტიანი კომპანია და ახალი საავიაციო მიმართულებები გავხსენით.

ეს პოლიტიკა გაგრძელდება და უბრალოდ, ახალ რეალობას მოერგება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები