ქალბატონო პრეზიდენტო! მოვაწყოთ ტელეხიდი და რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს საჯაროდ ელაპარაკეთ!

მოსკოვში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ზაზა გაბედავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის და სთხოვს, მონაწილეობა მიიღოს ტელეხიდში, რათა რუსეთში მცხოვრებ ქართველებთან პირდაპირი საჯარო კომუნიკაცია დაამყაროს. – “მეგობრებო! ახლახან დამირეკა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, ქალბატონმა ნათია სულავამ და მითხრა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წაიკითხა საინფორმაციო პორტალ “თვალსაზრისის” მიერ გამოქვეყნებული მისდამი ჩემი მიმართვა, რომლითაც მე პრეზიდენტს მოსკოვის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრების დასახზმარებლად მოვუწოდებდი.

ქალბატონმა ნათია სულავამ განმიცხადა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გულისხმიერებით განეწყო ჩემს მიერ წამოწეული პრობლემის მიმართ და უახლოეს მომავალში მის გადასაჭრელად ქმედით ზომებს მიმართავს.

დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო! ამ დღეებში ტელეხიდის გაკეთება გვინდა, მოსკოვი თბილისი. რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს გვინდა საჯაროდ საუბარი ქალბატონ პრეზიდენტთან. ქალბატონო სალომე, იმედია, უარს არ გვეტყვით. აქ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველია. მათ თქვენი თანადგომა სჭირდებათ!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზაზა გაბედავა.

P.S. “თვალსაზრისის” რედაქცია მოხარულია, რომ გაჭირვებული ადამიანების დახმარების საქმეში მცირედი წვლილი შეიტანა. თუ რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან საქართველოს პრეზიდენტის ტელეხიდი მართლაც შედგება, ვაცხადებთ მზადყოფნას, ეს საინტერესო მოვლენა ონლაინ რეჟიმში გავაშუქოთ.

კომენტარები