ქალი, რომელმაც 55 წლის წინ, პირველმა აღმოაჩინა ადამიანში კორონავირუსი
ჯუნ ალმეიდამ, პირველმა აღმოაჩინა კორონავირუსი ადამიანში. ის შოტლანდიელი ავტობუსის მძღოლის შვილი იყო, სკოლაში სწავლა 16 წლის ასაკში მიატოვა. მის საქმიანობაზე ყურადღება მხოლოდ შემდეგ გამახვილდა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი COVID-19 გავრცელდა. ამის შესახებ BBC წერს.
COVID-19 ახალი დაავადებაა, მისი გამომწვევი მიზეზი კორონავირუსია.
ვირუსოლოგი 1930 წელს დაიბადა, გაიზარდა გლაზგოს ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში. 16 წლის ასაკში სკოლაში სწავლას თავი დაანება, მუშაობა დაიწყო გლაზგოს ერთ-ერთ კლინიკაში, ჰისტოპათოლოგიის ლაბორატორიაში, პრაქტიკული ცოდნა მიიღო, შემდეგ ლონდონში გააგრძელა სწავლა-კარიერა.
1954 წელს ქალი ვენესუელელ ხელოვანზე, ენრიკეს ალმეიდაზე დაქორწინდა. წყვილი ქალიშვილთან ერთად კანადაში, ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად.
მედიკოსების მოღვაწეობის აღმწერელი, მწერალი ჯორჯ ვინთერი წერს:
„ალმეიდამ ონტარიოს კიბოს კვლევის ინსტიტუტში თავისი განსაკუთრებული უნარები გამოავლინა. პირველმა გამოიყენა მეთოდი, რომლითაც მკვლევარებს ვირუსების ვიზუალიზაციის უკეთესი შესაძლებლობა მიეცათ. მისი ნიჭი დიდ ბრიტანეთში აღიარეს, კვლევითი საქმიანობისთვის 1964 წელს უკან დააბრუნეს.
ქალმა ლონდონში წმინდა ტომასის სახელობის სამედიცინო სკოლაში დაიწყო მუშაობა (სწორედ აქ მკურნალობდნენ კორონავირუსით ინფიცირებულ დიდ ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს).
ლონდონში დაბრუნების შემდეგ წარმატებული კოლაბორაცია შედგა ექიმ ალმეიდასა და ექიმ დევიდ ტირელს შორის. ტირელი ამ პერიოდში გრიპის ვირუსთან და ჩვეულებრივ გაციებასთან დაკავშირებით კვლევებს ატარებდა. კვლევაში ჩართულნი იყვნენ მოხალისეები და ცხვირის გამორეცხვის მეთოდით სწავლობდნენ სხვადასხვა ვირუსებს. ტირელის სახელს უკავშირდება იმ ვირუსის დადგენა, რომელიც შემდეგ B814-ის სახელით გახდა ცნობილი.
ექიმმა ტირელმა მოხალისეთა ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში ალმეიდას გაუგზავნა. ალმეიდამ აღწერა გრიპის ვირუსები და ამავდროულად, აღმოაჩინა, – მიღებულ ნიმუშებს შორის, ერთი განსხვავებული ვირუსი იყო.
სწორედ ეს იყო კორონავირუსის ადამიანში გამოვლენის პირველი შემთხვევა.
-„ექიმ ალმეიდას ადრეც უნახავს მსგავსი რამ, თაგვის ჰეპატიტისა და ქათმის ინფექციური ბრონქიტის კვლევის დროს, თუმცა ადამიანში ეს პირველი გამოვლენა იყო. ეს ყველაფერი 1964 წელს მოხდა.
მის გამოსახულებას გვირგვინის ფორმა ჰქონდა. სახელი „კორონავირუსი“ ვირუსს პროფესორმა ტონი უოტერსონმა ამის გამო დაარქვა. ექიმი უოტერსონიც წმინდა ტომასის სამედიცინო სკოლაში მუშაობდა“, – ამბობს მწერალი ვინთერი.
ალმეიდამ მოგვიანებით მუშაობა ლონდონის სამედიცინო სკოლაში გააგრძელა, დოქტორის ხარისხი მიიღო.1980 წლისთვის მას უკვე ვირუსოლოგიაში მრჩევლის სტატუსი ჰქონდა. ის დაეხმარა მედიკოსებს HIV ინფექციის კვლევაში. ჯუნ ალმეიდა 2007 წელს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.