„ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს, რომ სული არ გაგხდეს“-ირაკლი ქარსელაძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა:

-„ქამარი შემოჭერილია იმდენად, რამდენადაც უნდა იყოს, რომ სული არ გაგხდეს. მაგრამ, საუბარია იმაზე, რომ სამინისტროს მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმას, რაც იქნა დაფინანსებული, ამიტომ თავისუფალ სახსრებზე საუბარი უსაფუძვლოა. საუბარია იმაზე, რომ მოხდა პრიორიტეტების გადალაგება სწორედ ამ კაპიტალური, ურბანული განვითარების თვალსაზრისით, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, აღნიშნული პროგრამა ახლა დაგვეწყო და ეს დიდი შესაძლებლობა გაგვეჩინა მუნიციპალიტეტებისთვის და რეგიონებისთვის. 

საორიენტაციოდ, 500 მლნ ლარი არის პირველი ეტაპის პროექტების საორიენტაციო ღირებულებაა, რომლის განხორციელებასაც 4 წლის განმავლობაში ვაპირებთ. მათ შორის ბევრი ისეთი პროექტია, რომლებიც მუნიციპალიტეტებში წელს აუცილებლად განხორციელდება. არის ისეთი პროექტებიც, რომლებიც შინაარსობრივად უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვენ და მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, პროექტები ფინანსთა სამინისტროს მიერ მოძიებული სახსრებით მოხდება და იგი ახალი ვალის აღების ხარჯზე არ იგეგმება“.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა„ქვეყნის განახლების პროექტი” დააანონსა. 

პროექტი “63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის კურორტების და დასახლებების ურბანულ განახლებას” გულისხმობს.

პროექტის ღირებულება 500 მილიონი ლარი იქნება, შესაბამისი ტენდერები კი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდება.

კომენტარები