ქართული დელეგაცია მოსკოვს ეწვევა! – თემურ ფიფია:

თემურ ფიფია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 – თემები: ქართული დელეგაცია მოსკოვს ეწვევა.
მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას.
მივესალმებით საკონტროლო პუნქტების გახსნას დევნილებისათვის ახალგორიდან და ცხინვალიდან.
განცხადება
გაიხსნა სოფლების მოსაბრუნისა და ქარზმანის გამშვები პუნქტები. სამწლიანი პაუზის შემდეგ ახალგორისა და ჯავის მოსახლეობას ისევ ექნება საშუალება, გადაკვეთოს გამყოფი ხაზი.
ოსური მხარის ეს გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდა ღარიბაშვილის მთავრობის („ქართული ოცნებისა“ და მისი მთავარი დამფუძნებლის) სწორი და მოზომილი საგარეო პოლიტიკის შედეგად, რამაც საქართველოსა და რეგიონს აარიდა ვითარების დაძაბვა და განამტკიცა მშვიდობა.
გამშვები პუნქტების გახსნა ნიშნავს: საკუთარ სახლებში დაბრუნების, საფლავების მონახულების, ნათესავების მონახულების, თბილისში ჩამოსვლისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების, პენსიებისა და დახმარებების მიღების საშუალებას და ბევრ სხვა ელემენტარულ სიკეთეს, რასაც მოკლებული იყო ადგილობრივი, როგორც ქართული, ისე ოსური მოსახლეობა.
ამასთან, ქართულ საზოგადოებრიობას მინდა ვაცნობო იმის შესახებაც, რომ ამ სასიკეთო ძვრების მიღწევას ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის სწორმა პოლიტიკამ, არამედ ჯგუფმა ადამიანებისა, რომლებსაც ბევრი მეგობარი ჰყავთ რუსეთის ფედერაციაში, მათ შორის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. ქართული საზოგადოების ეს წარმომადგენლები წლებია, დაკავებულნი არიან ე.წ. სახალხო დიპლომატიით.
მინდა მადლობა ვუთხრა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს კომიტეტს იმ დადებითი როლის გამო, რასაც ეს უწყება ასრულებს საქართველოს მოსახლეობის წინაშე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების საქმეში. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის ყურადღების ქვეშაა რუსეთში მცხოვრები ქართული ემიგრაციის პრობლემებიც.
ჩვენ ვიცით კომიტეტის დადებითი როლის შესახებ ზემოთხსენებული გამშვები პუნქტების ამოქმედების საქმეშიც, რაც გარკვეულ შვებას მოუტანს როგორც ქართულ, ისე ოსურ ადგილობრივ მოსახლეობას.
მადლობას ვეუბნებით სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, დადგნენ ჩვენი ხალხების ინტერესების სიმაღლეზე და არ აჰყვნენ ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს! იგივე თხოვნა გვაქვს რუსეთის ხელისუფლების მიმართაც.
სექტემბრის მეორე ნახევარში მოსკოვში გაემგზავრება საქართველოს საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა დელეგაცია, რათა განიხილოს ქართულ-რუსული ურთიერთობების (პირველ რიგში ჰუმანიტარული ხასიათის) საჭირბოროტო საკითხები. ასე მაგალითად, განხილულ იქნება სავიზო რეჟიმის გამარტივების ან სულაც მოხსნის, პირდაპირი ავიარეისების აღდგენის და სხვა საკითხები.
საქართველოს დელეგაციას მანსპინძლობას გაუწევს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის კომიტეტი.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან როგორც კოსერვატიული, ისე სოციალისტური პლატფორმის პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან რუსეთთან მეგობრობის, მტკიცე სამოკავშირეო ურთიერთობების აღდგენის საერთო მიზნის გარშემო.
ვეცდებით, შევქმნათ სახალხო დიპლომატიის ქართულ-რუსული მუდმივმოქმედი „მოედანი“.
რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული წინააღმდეგობები უცილობლად იქნება დაძლეული!
მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს და ჩვენს მოძმე ხალხებს!
თემურ ფიფია, საქართველოს ახალი სოციალისტური მოძრაობის კოორდინატორი
კომენტარები