“ქართული ოცნება” ყველაზე ცუდი, მავნებელი, ბოროტმოქმედი ხელისუფლებაა რაც დამოუკიდებლობის შემდეგ გვყოლია”-გიორგი კიკონიშვილი:

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი კიკონიშვილი სოციალურ ქსელში წერს –

დღემდე არ ვიცით, რატომ დასვეს გავრილოვი იმ სკამზე და რატომ გატესტეს ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება, მაგრამ რაც ვიცით ისაა, რომ საქართველოს ვერც ამჟამინდელი და ვერც მომდევნო ვერცერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს ღიად დაგვაკავშიროს რუსეთთან.

ეს კარგიცაა და ცუდიც. ცუდია იმიტომ, რომ სწორედ საზოგადოების ამ განწყობის გამო “ოცნების” ხელისუფლება სამთავრობო მედიითა და სხვადასხვა დაჯგუფებებით კიდევ უფრო ფარულ და ვირეშმაკულ მეთოდებს მიმართავს ჩვენს დასაბრუნებლად რუსეთის გავლენის სფეროში და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელყოფისთვის, რასაც, ნაწილობრივ ახერხებს.

თუმცა მათ თვალთახედვის მიღმა რჩება (ან იციან, მაგრამ თავს იტყუებენ) ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოთმინების საოცარი უნარი გამოიმუშავა. ესეც, თან კარგია, თან ცუდი. ცუდია იმიტომ, რომ ეს დროებითი სიჩუმე ხელისუფლებას ჩვენი დამორჩილების ნიშანი ჰგონია ხოლმე, ამიტომ აძლევენ თავს ყველაფრის უფლებას. მაგრამ კარგია ის, რომ კრიტიკულ, გადამწყვეტ მომენტში ისევ ვერთიანდებით სწორი მიზნებით და ყველა ბრაზი ერთად ამოასხავს ხოლმე.

“ქართული ოცნება” ყველაზე ცუდი, მავნებელი, ბოროტმოქმედი ხელისუფლებაა რაც დამოუკიდებლობის შემდეგ გვყოლია და ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს. შევარდნაძის დროსაც კი არ ვმდგარვართ ისეთი ეროვნული საფრთხეების წინაშე, როგორც ახლა.

თუ წინა ხელისუფლებებს დემოკრატიის პრინციპების დარღვევებზე, ადამიანის უფლებების, მათ შორის სიცოცხლის უფლების ხელყოფასა და სოციალურ-ეკონომიკურ კურსზე ვედავებოდით, “ქართული ოცნებისგან” ამ ყველაფერთან ერთად მთლად სახელმწიფო და სუვერენიტეტი გვაქვს ხელით გამოსაგლეჯი და დასაბრუნებელი.

ფიქრიც კი არ მინდა, რომ ამ ბრძოლაში შეიძლება დავმარცხდეთ. მოგვიწევს ავდგეთ და ჩემოდანი ჩავალაგოთ ყველამ და იმედი მაქვს, ამას არ დავუშვებთ.”-წერს აქტივისტი

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები