ქეთევან ციხელაშვილმა თანამდებობა დატოვა

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის ავტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

-„ახალი ელჩები გვეყოლება. ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობის ხუთწლიანი ვადა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი გამოცდილება მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად, ხოლო მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი იქნება.

ასევე გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი გახლავთ. ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება ამ მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

ქეთევან ციხელაშვილი 1978 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2000 წელს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (უნგრეთი) საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი. აქვს ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება — 2000-2001 წლებში იყო ელექტრონული ჟურნალის Transition Online რედაქტორის თანაშემწე.

2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტია, 2011 წელს ფრიბურას (შვეიცარია) უნივერსიტეტში იყო აკადემიური მკვლევარი, ასევე ეწეოდა კვლევით სამუშაოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ეუთოს კვლევით ცენტრსა და სხვა წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებში.

იცის ინგლისური და რუსული ენები.

კომენტარები