„ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო“ – ყაზახეთის პრეზიდენტი

ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა.

-„სტიქიური პროტესტის საფარქვეშ მასობრივი არეულობების ტალღა მივიღეთ. გამოჩნდნენ რელიგიური რადიკალები, კრიმინალური ელემენტები, საშინელი ბანდიტები, მაროდიორები და ხულიგნები. სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოთხოვნები კი დაავიწყდათ. ხელისუფლებამ მოისმინა და შეასრულა მომიტინგეების სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოთხოვნები.

შემდეგ, შეიარაღებული პირების ჯგუფმა მოქმედება დაიწყო. აშკარა გახდა მათი მთავარი მიზანი: საკონსტიტუციო წყობის შერყევა, ინსტიტუტების განადგურება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. საუბარია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. ქვეყანაში არეულობები დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა“.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, – ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა. ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი­ გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. როგორც თოყაევმა განაცხადა, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დიწყო.კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მიტინგებისა და დემონსტრაციების გამართვის აკრძალვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კომენდანტის საათიც დაწესდება, რომელიც 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს.

ყაზახეთის მთავრობამ 4 იანვარს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეთქმულების მონაწილეები უწოდა.

კომენტარები