ქვეყანა, სადაც პოლიტიკის გამო ათასგვარ ტალახს გესვრიან

ალბათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირებები, ქუჩის აქციები, ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებები, ღვარძლიანი ენით საუბარი და კიდევ ათასი უარყოფითი რამ, ღამით საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილებს, ხშირად გვაფიქრებს ყველაფერზე.
დრომ მოიტანა შური თუ შურმა მოიტანა დრო, ამაზე პასუხს , ვფიქრობ, ისევ დრო გაგვცემს.
ყოველდღიურობის ორომტრიალში კი ძალიან ხშირად შეგაწუხებს კითხვები, რომელიც გონებაში ამოგიტივტივდება და მოსვენებას არ მოგცემს. მაგალითად შეგაწუხებს კითხვა თუ რატომ გაუცხოვდა შენი სიყვარულით სავსე ქალაქი, რატომ შეიცვალნენ შენი მეზობლები და რატომ აღარ არიან შენი ახლობლები ისეთები, როგორებიც იყვნენ.
ამ კითხვას, რა თქმა უნდა, ხმამაღლა არ იტყვი და ისევ შენვე მოგიწევს პასუხები გასცე, შენვე შეაფასო მოვლენები და შენვე გამოიტანო დასკვნები.
მერე ხვდები, რომ რაღაცებთან შეგუება გიწევს და შენს წინაშე სამწუხარო რეალობა დგას.
რეალობა, სადაც შენი ქვეყანა პოლიტიკურმა აზრთა სხვადასხვაობამ იმსხვერპლა.
ქვეყანა, სადაც პოლიტიკის გამო ათას შეურაცხყოფას მოგაყენებენ, ათას სიბინძურეს დაგაბრალებენ, ათასგვარ ტალახში გაგსვრიან და ამას გააკეთებენ აუღელვებლად.
ეს ის სახელმწიფოა, სადაც თავისუფალი აზრისთვის ვიბრძვით, მაგრამ როგორც კი ამ აზრს ვისმენთ, ვცდილობთ ნიშნისმოგებით ვიღაცას რაღაცა დავაბრალოთ.
ეს ის სახელმწიფოა, სადაც მტყუან-მართალს კი არა, დედმამიშვილსაც ვერ გაარჩევ, როცა პოლიტიკაზეა საუბარი.
ეს ის სახელმწიფოა, სადაც ყველაფერი პოლიტიკამ წალეკა და ეს არა სახელმწიფოსი, არამედ- ჩვენი ბრალია, იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა ჯერ ისევ არ ვიცით, როგორც არ ვიცით ბევრი სხვა რამ..
არ ვიცით როგორ გვქონდეს აზრი, ისე, რომ არ ვავნოთ სხვებს. არ ვიცით როგორ არ დავამციროთ სხვები, არ ვიცით როგორ არ ვატკინოთ სხვას და კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.

მაგრამ მაინც გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით. გვგონია, რომ ჩვენი აზრი კოსმოსამდეც მიაღწევს და კოსმოსიც კი გაგვცემს პასუხს, ისეთი ნააზრევი გვაქვს ყველაფერი.

თორნიკე კუჭაშვილი

კომენტარები