ქიბარ ხალვაში რეგისტრაციას დღესვე მოითხოვს

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი „ქრონიკას“ ესაუბრა. მისი განცხადებით, ბიზნესმენი რეგისტრაციას დღესვე მოითხოვს.
„დღესვე მოვითხოვთ რეგისტრაციას. ეს შემიძლია ოფიციალურად დაგიდასტუროთ. მე უკვე ვესაუბრე ქიბარ ხალვაშს ვერდიქტის თაობაზე. მოხარულები ვართ სტრასბურგის გადაწყვეტილების და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქიბარ ხალვაშს დავუბრუნოთ ის უფლება, რაც მას 2017 წლის მარტში მიენიჭა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ჩვენი შემდეგი ნაბიჯია გავაკეთოთ ყველაფერი იმის შესაბამისად, რაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა. ბედნიერი ვარ როგორც ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი. ძალიან კარგი დღეა მისთვის, ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის, ვინაიდან დაამტკიცა ევროპულმა სასამართლომ, რომ ქართული სასამართლო თავისუფალია და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა“, – განაცხადა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პიტერ ლაუმ.
სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ამასთან, სტრაბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.
მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.
2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.
სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ის გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.

კომენტარები